ვინ ჩაუდგება სათავეში "სკუადრა აძურას" - ანტონიო კონტე თუ კარლო ანჩელოტი

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ანტონიო კონტესთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებს და შესაბამისად, მასთან თანამშრომლობის კიდევ ორი წლით გახანგრძლივება სურს.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კონტეს კონტრაქტს ვადა ეწურება, ფედერკალჩოს კი სურს, რომ "სკუადრა აძურა" 2018 წლის მუნდიალზეც ანტონიომ გაიყვანოს. როგორც ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო ამბობს, ბოლო სიტყვა თავად მწვრთნელზეა, რომელსაც აზერბაიჯანთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს და შემდეგი პასუხი მოისმინეს:

"ხელშეკრულების გახანგრძლივება? - ძალიან სასიამოვნოა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ნდობას მიცხადებს, თუმცა დღეს მხოლოდ აზერბაიჯანთან მატჩზე ვარ
კონცენტრირებული და საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. "სკუადრა აძურაში" მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ანტონიო კონტე დილემის წინაშეა, რადგან მას მაცდური შეთავაზება აქვს "რომასგან".

დედაქალაქურ გუნდს ამჟამად რუდი გარსია წვრთნის, რომელსაც სწორედ 2016 წლის ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და თუ კონტე "ჯალოროსიში" მუშაობას დათანხმდება, კლუბის მესვეურები გარსიას აღარ გაუხანგრძლივებენ ხელშეკრულებას. კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს "რომას" პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასა და სპორტულ დირექტორ გაბრიელე საბატინისთან.

ანტონიოს ისიც არაერთხელ უთქვამს, რომ ნაკრებში მუშაობა გაცილებით რთული და არაკომფორტულია, რადგან ფეხბურთელებთან ძალიან იშვიათად გიწევს ურთიერთობა. მოკლედ, კონტეს საკლუბო ფეხბურთი მოენატრა და შესანიშნავი ვარიანტიც გამოუჩნდა, მაგრამ მეორე მხრივ, იტალიის ნაკრების გაწვრთნის პატივი იშვიათთა ხვედრია.

"გაძეტას" მტკიცებით, თუ კონტემ ცდუნებას ვერ გაუძლო და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "რომა" ჩაიბარა, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატი კარლო ანჩელოტი იქნება.

კარლიტომ არაერთხელ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერას მომდევნო ზაფხულს დაუბრუნდება, ეს კი ის პერიოდია, როდესაც ხსენებული ვარიანტი თავისუფლად შეიძლება გათამაშდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ რა ენაღვლებათ, ასარჩევად აქვთ საქმე
toko
14:40 12-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული