სერია A. XXXII ტურის წინ: "იუვეს" საჩემპიონო გამოცდა

AutoSharing Option
32-ე ტურის ცეტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "იუვენტუსს" დაუხვდება. ბუნებრივია, რომ ამ მატჩის ირგვლივ ყველაზე დიდი ინტერესია.

როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს "მილანი", როდესაც "სან სიროზე" თამაშობს, ყყველასთვის სახიფათო მეტოქეა და იოლად არაფერს დათმობს.

შესაბამისად, მოახლოებული მატჩი იქნება საჩემპიონო გამოცდა ტურინული გრანდისთვის და თუ ეს ტესტიც წარმატებით ჩააბარა და მდევართან მინიმუმ, 6-ქულიანი ფორა შეინარჩუნა, დიდი ალბათობით, სკუდეტოს აღარც გაუშვებს ხელიდან. მოკლედ, წინ უმნიშვნელოვანესი ჯახია და სასწორზე ბევრი რამ დევს.

"მილანს" და მის მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს თავისი გასაჭირი
აქვს, რადგან გუნდი ისევ კრიზისშია და კარგ შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს.

მწვრთნელის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეს მატჩი ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მატჩის წინ, "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ღიად განაცხადა, რომ მიხაილოვიჩის ბედი დარჩენილ თამაშებზეა დამოკიდებული.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "მილანი" ისევ 4-4-2 სქემით გაირჯება და შეტევაში კარლოს ბაკას და ლუის ადრიანოს ტანდემს ვიხილავთ. ნახევარდაცვის ფლაგებზე კეისუკე ჰონდა და ჯაკომო ბონავენტურა იმოქმედებენ, ცენტრში კი რიკარდო მონტოლივო და იურაი კუცკა. "როსონერი" საკუთარ კედლებში ირჯება და როგორც მიხაილოვიჩი აცხადებს, აუცილებლად შეუტევს.

მასიმილიანო ალეგრის სერია A-ში თამაში 3-5-2 ტაქტიკით უყვარს და ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს. შეტევაში ალვარო მორატა და მარიო მანჯუკიჩი, რომლებსაც ზურგს შტეფან ლიხტშტაინერი, დავიდე სტურარო, კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და პატრის ევრა გაუმაგრებენ. ტურინელებს ისევ აკლიათ ჯორჯო კიელინი, რომელიც ბოლო პერიოდში ტრავმებმა გატანჯეს და ამიტომ, დაცვის ცენტრში ანდრეა ბარძალისთან, ლეონარდო ბონუჩისთან ერთად, დანიელე რუგანი გაირჯება. "იუვესთვის" ეს მატჩი საჩემპიონო ტესტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, საპატა, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, ჰონდა, კუცკა, ბონავენტურა - ბაკა, ლუის ადრიანო
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - ლიხტშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, პოგბა, ევრა - მორატა, მანჯუკიჩი

გატყდება "ნაპოლი"?
წინა ტურში, "ნაპოლიმ" მწარე მარცხი იწვნია, "იუვენტუსს" მთელი 6 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო შანსები მკვეთრად შეიმცირა. ამასთან, "სტადიო ფრიულიზე" გუნდის ლიდერს, გონსალო იგუაინს უმტყუნა ნერვებმა, მსაჯს მიაყენა შეურაცხყოფა და შემდეგ, "იუვენტუსსაც" გადასწვდა, რისთვისაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მოკლედ, "ნაპოლისთვის" კოშმარული საღამო იყო და როგორ გადაიტანს ამ დარტყმას მაურიციო სარის გუნდი, რთული სათქმელია. მით უმეტეს, "ნაპოლის" შესანიშნავ ფორმაში მყოფი "რომა" აზის კუდზე და მცირე ჩავარდნა შესაძლოა მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდეს.

მოკლედ, "იუვენტუსის" არ იყოს, "ნაპოლისთვისაც" გადამწყვეტი ეტაპი დგას და ბევრ კითხვას სწორედ "ვერონასთან" საშინაო მატჩი გასცემს პასუხს. "ვერონა" ბოლო ადგილზეა, ლიგის ყველაზე სუსტი გუნდია და ეს ფაქტორი უდაოდ ნეაპოლელთა წისქვილზე ასხამს წყალს.

"რომა" ტურს დახურავს
ტურის ბოლო შეხვედრა "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, სადაც "რომა" "ბოლონიას" უმასპინძლებს და შეეცდება, რომ მორიგი სამი ქულა მოიპოვოს. ლუჩანო სპალეტის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, წინა ტურში "ლაციო" გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, სპალეტი 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში ედინ ჯეკოსთან ერთად, მოჰამედ სალაჰს, დიეგო პეროტის და სტეფან ელ შაარავის გაამწესებს. "ჯალორისის" მწვრთნელმა ოპტიმისტური განცხადება გააკეთა და ბოლოს, მას გადავცეთ სიტყვა:

"გუნდი კარგ ფორმაშია და დედაქალაქურმა დერბიმ ეს დაგვანახვა. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და შევეცდებით, რომ პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეთ. ამისთვის მეორე ადგილზე გასვლაა საჭირო, რაც ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი".

შაბათი. 9 აპრილი
ფროზინონე-ინტერი 17:00
დისკვალიფიკაცია: დიონისი - მირანდა, ნაგატომო
ტრავმა: სოდიმო, პაგანინი - დამბროზიო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-4)

კიევო-კარპი 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაინელი - გნაორე
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (2-1)

სასუოლო-ჯენოა 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლარიბი, მისიროლი - ანსალდი, ბურდისო, ჩერჩი, პავოლეტი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2=1-2, (11-10)

მილანი-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: ბერტოლაჩი - ხედირა
ტრავმა: ნიანგი - კასერესი, კიელინი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +14=14-22, (53-68)

კვირა. 10 აპრილი
ემპოლი-ფიორენტინა 14:40
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოშიჩი, ლაურინი, ლივაია - ბენალუანი, ფერნანდესი, ბაბაქარი, ბადელი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +1=4-10, (13-28)

ტორინო-ატალანტა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: აველარი, იმობილე - კარმონა
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +10=8-11, (36-36)

ნაპოლი-ვერონა 17:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კულიბალი, იგუაინი, მერტენსი - სუპრაიენი, რომულო, ფარესი, ჰელანდერი, სილიგარდი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +9=5-4, (32-16)

სამპდორია-უდინეზე 17:00
დისკვალიფიკაცია: კორეა, კასანი - ფერნანდესი
ტრავმა: კარბონერო, პალომბო, პერეირა - მერკელი, გილიერმე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=12-10, (69-57)

პალერმო-ლაციო 22:45
დისკვალიფიკაცია: ვასკესი - ჰოედტი
ტრავმა: გოლდანიგა, ჰილემარკი - დე ვრი, ბასტა, რადუ, სავიჩი, კიშნა, კონკო
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=6-9, (32-37)

ორშაბათი. 11 აპრილი
რომა-ბოლონია 22:45
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი - ჯაკერინი
ტრავმა: პონჩე, გომბერი, უჩანი - დესტრო, მორლეო, ტაიდერი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +17=9-6, (60-34)

ბომბარდირები: 29 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 14 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ჰონდა გიწერია მილანის შემადგენლობაში და ჩაასწორე ერთი ჰიუნდაია :)
leng
13:17 09-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული