[ექსკლუზიური რეპორტაჟი] ლაციო-რომა თვითმხილველის თვალით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარი მხოლოდ ფორმალობაა, ავსტრიიდან იტალიაში ავტომობილით გადასვლა კი წარწერებმა გვამცნო. როდესაც საინფორმაციო ბანერებზე გერმანული ენა იტალიურმა შეცვალა, მივხვდით, რომ ფრიულის მხარეში შევედით, ეს კი უკვე იტალიაა ულამაზესი მთებით, ხედებით და იქვე ახლოს, სამხრეთ ტიროლის მხარეში, სამთო კურორტებით.

მალევე, ერთ-ერთმა ბანერმა გვამცნო, რომ 100 კილომეტრი და უდინეში შევალთ, ქალაქში, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იტალია-ესპანეთის ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა. დანანებით აღვნიშნეთ, რომ ამ საინტერესო თამაშს ავცდით და იქვე, ანტონიო დი ნატალე გაგვახსენდა, ფეხბურთელი, რომელიც "უდინეზეს" სიმბოლოა, ეს გუნდი კი სწორედ
უდინეში ბინადრობს.

შემდეგ განახლებული "სტადიო ფრიული" გაგვახსენდა და ისიც ვახსენეთ, რომ "უდინეზე" "იუვენტუსის" შემდეგ მეორე გუნდია იტალიაში, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს და ქალაქის მუნიციპალიტეტს იჯარას არ უხდის - თანაც, რეკონსტრუქციის შემდეგ "ფრიული" ძალიან გალამაზდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა.

ახალი სტადიონები სწორედ ისაა, რაც იტალიურ ფეხბურთს ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან სერია A-ს მატჩები ძველ, არაკომფორტულ არენებზე ტარდება, რომლებსაც გულშემატკივრები არ სწყალობენ და ურჩევნიათ, რომ მატჩებს ტელევიზიით მიადევნონ თვალი.

მოკლედ, "უდინეზეს" მესვეურებმა პროგრესული ნაბიჯი გადადგეს, სტადიონის საკითხი მოაგვარეს და გუნდს ეს აუცილებლად დაუფასდება.

განუმეორებელი ვენეცია
უდინეს ჩავუარეთ და ერთი ღამე ვენეციაში გავჩერდით, ქალაქში, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს ურიცხვი რაოდენობის ტურისტია. ამ ქალაქის სილამაზის სრულყოფილად გადმოცემა არც ფოტოებითაა შესაძლებელი, არც ვიდეომასალით და მით უმეტეს, არც სიტყვებით და ეს არცაა ჩვენი დღევანდელი მიზანი...

იყო დრო, როდესაც საფეხბურთო გუნდი "ვენეცია" სერია A-ში ასპარეზობდა და იქ თვით ალვარო რეკობა ბრწყინავდა. შესაძლოა, ფილიპო მანიეროც გაგახსენდეთ, რომელიც 1998-2002 წლებში სწორედ ამ გუნდის ლიდერი იყო და გოლებიც ბლომად გაჰქონდა.

"ვენეცია" დღეს სერია D-ში ასპარეზობს, ეს კი ნახევრად სამოყვარულო ლიგაა. გუნდი საშინაო თამაშებს სანტელენას კუნძულზე ატარებს, პიერლუიჯი პენცოს სახელობის სტადიონზე, რომელიც 7 000 გულშემატკივარს იტევს.

ქალაქ ვენეციის მთავარი ბრენდი საფეხბურთო გუნდი ნამდვილად არ არის და ამიტომ იქ ნაკლებად შეხვდებით საკლუბო ატრიბუტიკას და თუ მაინცდამაინც საფეხბურთო თემატიკის სუვენირის შეძენა გსურთ, არჩევანი ისევ "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს" და სხვა იტალიურ გრანდებს შორის უნდა გააკეთოთ.

არადა, სერია A-ს სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად გემახსოვრებათ, თუ რა ფერადოვანი ფორმა აქვს საფეხბურთო გუნდ "ვენეციას" - ისეთივე განსხვავებული და გამორჩეული, როგორიც თვითონ ქალაქია...

ბატისტუტას ძეგლი რენესანსის ქალაქში
ვენეციიდან ფლორენციაში ჩავედით, ქალაქში, სადაც "ფიორენტინა" ბინადრობს. ვენეციის არ იყოს, ფლორენციაც სრულიად განუმეორებელი და შეუდარებელი ქალაქია, რომლის ქუჩებში სეირნობა დაუსრულებლად შეიძლება.

ვიწრო იტალიური ქუჩები ულამაზეს პიაცებს აკავშირებს, რომლებიც რენესანსის ეპოქის შედევრებითაა გაფორმებული. იმ ატმოსფეროს გადმოცემა, რომელიც ქალაქის მთავარ ადგილას, დუომოსთან სუფევს, უბრალოდ, შეუძლებელია.

დადიხარ ფლორენციის ქუჩებში და ერთიმეორის მიყოლებით ნახულობ ამ ქალაქში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ძეგლებს - დადიხარ და კითხულობ წარწერებს: ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო, გალილეო გალილეი, ამერიგო ვესპუჩი, ნიკოლო მაკიაველი და ა.შ.

თუ რომელიმე მუზეუმში შეხვალთ, იქ ლეონარდო და ვინჩისა და მიქელანჯელოს ნამუშევრებს გაეცნობით და შესაძლოა, ისიც კი დაგავიწყდეთ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ, მაგალითად, ფეხბურთი...

თუმცა, ჩვენ ერთმა ფლორენციელმა ტაქსის მძღოლმა გამოგვაფხიზლა, რომელიც ჯერ "ფიორენტინას" გამოუტყდა სიყვარულში, შემდეგ იტალიის ნაკრების მწვრთნელი ანტონიო კონტე გამოლანძღა და დასძინა, რომ ჩეზარე პრანდელი არ უნდა მოეხსნათ; ბოლოს კი ერთი მეტად მოულოდნელი და ვფიქრობთ, ფლორენციაში მყოფი ადამიანისთვის უცნაური კითხვა დაგვისვა: "ნახეთ ბატისტუტას ძეგლი სტადიონთან"?

ორად გაყოფილი რომი
რომში 1-ელ აპრილს ჩავედით, 3-ში კი "დერბი დელა კაპიტალე" იყო დაგეგმილი, მატჩი, რომლის დროსაც მარადიული ქალაქი ორად იყოფა. "სტადიო ოლიმპიკოზე" წასვლა და თამაშზე დასწრება ჩვენი იტალიური მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, მაგრამ გუნდების გულშემატკივრებმა უსიამოვნო სიურპრიზი გაგვიკეთეს.

"რომას" და "ლაციოს" ულტრასებმა მატჩს ბოიკოტი გამოუცხადეს და წინასწარ გააცხადეს, რომ თამაშს არ დაესწრებოდნენ, სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები კი ცარიელი იქნებოდა. ბოიკოტის მიზეზი უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებია, რომელიც რომაული დერბის დროს მოქმედებს და რომელსაც ორივე გუნდის გულშემატკივრები აპროტესტებენ.

მოკლედ, დერბის მთავარი მუღამი მოაკლდა, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ თამაშისთვის იქ მიგვედევნებინა თვალი, სადაც ამბოხებული ულტრასები შეიკრიბებოდნენ.

თამაშამდე ორი დღით ადრე "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომას" გულშემატკივრებმა დიდი ბანერი გამოფინეს წარწერით: "ყველანი ვიკრიბებით ტესტაჩოზე" - იქვე იყო მოწოდება "ლაციოს" ქომაგებისთვის: "ჩვენ ვიკრიბებით ტორ დი კუინტოში"...

არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა, რომელზეც დიდხანს არ გვიფიქრია - "რომა" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, კარგ ფორმაშია და წესით, უნდა მოიგოს; ჩვენ კი იქ გვსურდა მოხვედრა, სადაც საფეხბურთო ზეიმი იქნებოდა. თანაც, "რომას" გულშემატკივრები ქალაქის იმ ნაწილში იკრიბებოდნენ, რომელიც უფრო ახლოს იყო ჩვენს სასტუმროსთან, "ლაციალები" კი ქალაქის გარეუბანში, ცენტრიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე.

გადაწყდა - თამაშს ტესტაჩოზე უნდა მივადევნოთ თვალი, იქ, სადაც "რომანისტები" იკრიბებიან.

Sportall.Ge

ჩრდილში მოქცეული ელ კლასიკო
წინა დღეს, 2 აპრილს ესპანური ელ კლასიკო იყო, თუმცა ეს თამაში რომში ნაკლებად აღელვებთ.

რესტორნის მენეჯერმა მწარედ დაგვცინა, როდესაც ვკითხეთ, შეგვეძლო თუ არა მასთან ფეხბურთის ყურება - მყისვე გვიპასუხა, რომ რომაულ დერბიზე ყველა მაგიდა დიდი ხნის წინ დაიჯავშნა; ჩვენ ელ კლასიკოზე გვინდოდა მაგიდის დაჯავნა, მან კი საერთოდ არ იცოდა, რომ იმ საღამოს "ბარსელონა" "რეალს" ეთამაშებოდა.

მივხვდით, რომ იმ რესტორანში ელ კლასიკოს ყურება არ ღირდა და გარეთ გამოვედით, სადაც ახალგაზრდების ჯგუფს იგივე კითხვა დავუსვით: "სად შეიძლება რომში ელ კლასიკოს ყურება?" - "რომაულ დერბის გულისხმობთ?" - იყო პასუხი და სწორედ იქ გადავწყვიტეთ, რომ თამაშისთვის სასტუმროს ნომერში მიგვედევნებინა თვალი.

საგიჟეთი ტესტაჩოზე
3 აპრილს, ქალაქი მართლაც ორად გაიყო, თუმცა ჩვენ ძირითადად "რომას" მაისურებში გამოწყობილ გულშემატკივრებს ვხედავდით. როგორც სასტუმროს მეპატრონემ, ალფრედო გირარდიმ გვითხრა, "ლაციოს" გულშემატკივრებს ქალაქის მეორე მხარეს თუ ვნახავდით, აქ კი მხოლოდ "რომანისტები" ვართო. ალფრედომ ტესტაჩოს ზუსტი მისამართიც დეტალურად აგვიხსნა და დასძინა, იქ ნამდვილი საგიჟეთი გელოდებათო.

ტესტაჩოზე არსებული ატმოსფეროს სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ, შეუძლებელია - ერთ დიდ მოედანზე, რომელსაც თვითონ პიაცას ეძახიან, დაახლოებით 20 000-მა ადამიანმა მოიყარა თავი.

იქ იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ისე შუახნის ადამიანები და აქა-იქ მოხუცები - ტატუებში ჩაფლული საეჭვო გარეგნობის თავზეხელაღებული ულტრასები და პიჯაკებში გამოწყობილი რომაელები, რომლებიც ცოტა მოშორებით იდგნენ და ისე ადევნებდნენ თვალს პიაცას ბოლოში დამონტაჟებულ დიდ ეკრანს - ამ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ერთი რამ აკავშირებდათ, ფეხბურთის და "რომას" სიყვარული.

პიაცაზე ემოციები დუღდა, ულტრასები კი ხან საყვარელ გუნდს გულშემატკივრობდნენ, ხანაც "ლაციოს" ლაძღვა-გინებაში გაჰყავდათ დრო. პერიოდულად, პეტარდებს ისროდნენ, რაც სტადიონებზე აკრძალული აქვთ, ტესტაჩოზე კი თავისუფლები არიან და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ.

რომაელმა ვაჭრებმა, მეტწილად კი, ინდოელმა, შრილანკელმა და ბანგლადეშელმა ემიგრანტებმა კარგად იცოდნენ, რომ იმ დღეს ტესტაჩოზე უამრავი ადამიანი შეიკრიბებოდა - ამიტომ, მხოლოდ ერთი დღით, იმ ადგილას დიდი ბაზარი გაშალეს.

მოვაჭრეებს "რომას" მაისურები ეცვათ და იმ დღეს ისინიც თავგადაკლულნი გულშემატკივრობდნენ "ჯალოროსის" - ეჭვი გვაქვს, რომ მხოლოდ იმ ერთ დღეს და ისიც, მერკანტილური ინტერესების გამო. თუმცა, მართლაც რთულია, იყო ტესტაჩოზე, არ გულშემატკივრობდე "რომას", გუნდს, რომელმაც "ლაციოს" 4:1 მოუგო და პიაცაზე შეკრებილი ტიფოზერია ექსტაზში მოიყვანა.

ქალაქი, რომელიც სუნთქავს ფეხბურთით
თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათი რჩებოდა, როდესაც ტესტაჩო დავტოვეთ, რადგან ლუდით და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით გაბრუებულმა გულშემატკივრებმა ისეთი ფიესტა დაიწყეს, რომ აღარც ეკრანი ჩანდა და იქ გაჩერებაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა - ერთ-ერთ პიცერიას შევაფარეთ თავი, სადაც რადიოში რომაული დერბი ისმოდა და კომენტატორის განწირული ყვირილი ყველა სახიფათო მომენტის დროს.

პიცერიას პერსონალიც ბოლომდე თამაშში იყო ჩაფლული, "რომას" ბოლო 2 გოლი კი მათთან ერთად ვიზეიმეთ. ქუჩებში "ჯალოროსის" გულშემატკივრები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ - ერთმანეთს ურეკავდნენ და გვესმოდა, რომ სწორედ დერბის პერიპეტიებზე საუბრობდნენ.

ვნახეთ 5 მოხუცი, რომლთაგან ერთი "ლაციოს" ქომაგი იყო და იმდენი დასცინეს, რომ გაბრაზებულმა ჭიქა დაახეთქა და იქაურობას გაეცალა.

ვნახეთ ქალაქი, რომელიც სუნთქავს ფეხბურთით.

P.S. იტალიაში მანქანით ვიმოგზაურეთ და მთელი გზა ჩართული გვქონდა რადიო, რომელიც 24 საათის განმავლობაში საფეხბურთო სიახლეებს აშუქებს. სპორტულ გაზეთ "გაძეტა დელო სპორტში" პირველი 17-18 გვერდი იტალიურ ფეხბურთს ეთმობა, შემდეგი 9-10 გვერდი უცხოურ ფეხბურთს და დარჩენილ რამდენიმე გვერდზე სპორტის სხვა სახეობებია ჩაკვეხებული.

ვნახეთ ქვეყანა, სადაც ფეხბურთი სპორტზე მეტია და გაგვახსენდა, რომ ოდესღაც, საქართველოშიც ასე იყო...

შალვა ბუაჩიძესთან და არჩილ ცაგარელთან ერთად
თბილისი - რომი - თბილისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრავო კაი სტატიაა,
0
თქვენ ნეაპოლი არ გინახავთ აი ქალაქი რომელიც მართლაც ფეხბურთით ცხოვრობს და საერთოდ იტალიაში ამბობენ არის ორი იტალია ჩრდილოეთი და სამხრეთი რომიც თავისი ეკონომიკური განვითარებით ჩრდილოეთს მიეკუთვნება თუმცა იტალიის ცენტრი არის. სამხრეთ იტალიაში მოგზაურობისას ისეთი შდაბეჭდილება ნამდვილად არ დაგრჩებათ როგორი დიდი ქალაქებიც ნეაპოლი ბარი სალერნო ლეჩე ტარანტო კატანძარო რეჯიოკალაბრია არის არაფერს ვამბობ სიცილიაზე თითქოს თავი დავარცხნილ ევროპაში კი არა დასავლეთ საქართველოს რომელიმე ქალაქში ან რაიონში იყო ხმაური გურწფელი ემოციები ტემპერამენტი ოჯახის და საიდუმლოს შენახვის ღრმა ტრადიცია და ცხოვრების საფუძვლიანი შეგნებით არსებობა.
baggio
14:48 12-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული