ფრანჩესკო ტოტი სკუდეტოს უმიზნებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი "რომას" შემადგენლობაში 25-ე სეზონის ჩასატარებლად ემზადება, რაც მართლაც დაუჯერებელი და ფანტასტიკური მაჩვენებელია.

39 წლის ფეხბურთელი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული და "რომას" საწვრთნელ ბაზაზე ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ტოტიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონი ბოლო იქნება მის საფეხბურთო კარიერაში, რის შემდეგაც "რომას" დირექტორის პოსტი უნდა დაიკავოს - ტოტის თქმით, მას წინასწარი შეთანხმება აქვს კლუბის მესვეურებთან, რომ ახალ პოსტზე 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

თუმცა, შესაძლოა, ტოტიმ გადაწყვეტილება შეცვალოს და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ. ტოტიმ
აქტუალურ თემებზე ისაუბრა...

ბოლო სეზონი "რომაში"
შესანიშნავი განცდაა, რომ წინ კიდევ ერთი, გრძელი და საინტერესო სეზონი გველოდება. ბუნებრივია, რომ ემოციებით ვარ აღსავსე, რადგან ეს იქნება ჩემი ბოლო სეზონი "რომას" შემადგენლობაში. მთელი ეს წლები იყო ბევრი სიხარული და ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, გუნდის ღირსებისთვის თავი არ დამიზოგავს. ბედნიერი ვარ, რომ მთელი კარიერა "რომაში" გავატარე და ამით გულშემატკივართა დიდი სიყვარული დავიმსახურე.

ბოლო სეზონი კარიერაში?
"რომას" მესვეურებთან მაქვს შეთანხმება, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის დირექტორთა საბჭოში ვიმუშავებ და 6-წლიან კონტრაქტს გავაფორმებ. ჯერ კიდევ არ ვიცი, იქნება თუ არა ეს სეზონი ჩემთვის ბოლო საფეხბურთო კარიერაში და შესაბამისად, ზუსტად არ ვიცი, როდიდან მოვირგებ ახალ ამპლუას. თუ "რომასთან" ერთად სკუდეტოს მოვიგებ, მაშინ აუცილებლად დავასრულებ კარიერას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლოა განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები ამერიკიდან ან ავსტრალიიდან. მსურს, კარიერა მაჟორულ ნოტზე დავასრულო და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.

სკუდეტო
სკუდეტოს მოგება ძალიან რთულია, რადგან სერია A-ში თამაშობს ერთი ძალიან ძლიერი გუნდი. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვწევს პირველობისთვის ბრძოლის ძალა. ბუნებრივია, ამისთვის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა საჭირო და ვიცი, რომ კლუბის მესვეურები ცდას არ დააკლებენ. სკუდეტოს მოსაპოვებლად აუცილებელია სტაბილურობა და შესაბამისად, ძალების სწორად განაწილება. ჩვენ გვქონდა 10-მატჩიანი მოგებათა სერია და შემდეგ ჩავარდნა, რამაც სასურველ მიზნამდე ვერ მიგვიყვანა. ამიტომ, მთავარია, მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ვითამაშოთ.

სპალეტი
ლუჩანო სპალეტისთან მქონდა უთანხმოება, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და ახალ სეზონს ერთ მუშტად შეკრული გუნდით ვხვდებით. როდესაც სპალეტიმ ჩაიბარა "რომა", გუნდს ჩავარდნა ჰქონდა, მასთან ერთად კი მკვეთრად მოვუმატეთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. თუ მომდევნო სეზონს ისევე ჩავატარებთ, როგორც გასული სეზონის დასკვნით ნაწილს, მაშინ "იუვენტუსს" დიდ კონკურენციას გავუწევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული