დიახ, სწორედ ეს თანხაა საჭირო იმისთვის, რომ 28 წლის არგენტინელი ფორვარდი ტურინულ გრანდში გადაბარგდეს, ნეაპოლელები კი ამ ტრანსფერს წინ ვერ აღუდგნენ.
საქმე ისაა, რომ იგუაინის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 94 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელიც დათანხმდება ამ ტრანსფერს, "ნაპოლი" გარიგებას წინ ვეღარ აღუდგება.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სწორედ ეს პუნქტი ამოქმედდა და გონსალოს "იუვეში"
სამედიცინო შემოწმება გავლილია
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, იგუაინმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "იუვენტუსის" ექიმებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ეს ამბავი მადრიდში მოხდა, ფარულად, სადაც თავად გონსალო და მისი ძმა ნიკოლასი გახლდნენ. "ვეკია სენიორას" მესვეურებმა ჩათვალეს, რომ იგუაინის ტურინში ჩასვლას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა და სჯობდა, რომ თვითონ ჩასულიყვნენ მადრიდში. ესპანეთის დედაქალაქში კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა და დირექტორთა საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფაბიო პარატიჩი ჩავიდნენ, რომლებსაც თან სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ახლდათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო შემოწმებამ ფარულად ჩაიარა და ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდა.
7,5 მილიონი ევრო სეზონში
"ნაპოლის" გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გაშვება არ სურს, მაგრამ როგორც ჩანს, მოუწევს ბედთან შეგუება. როგორც იტალიური სპორტული პრესა იუწყება, "იუვეს" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 3 დღის წინათ დაუკავშირდა და ამცნო, რომ მზად იყო იგუაინის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა და ნეაპოლში ერთბაშად 4 ფეხბურთელი გაეშვა: დანიელე რუგანი, სტეფანო სტურარო, რობერტო პერეირა და სიმონე ძაძა. დე ლაურენტისმა კატეგორიული უარი თქვა, რასაც მოჰყვა მაროტას კიდევ ერთი ზარი და სიტყვა, რომ "იუვე" მზადაა, არგენტინელის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, დე ლაურენტისმა მაროტას იგუაინთან შეთანხმების აუცილებლობაზე მიუთითა, თვითონ კი განცხადება გააკეთა, რომ გონსალო უცხოური კლუბისთვის დაბალ ფასად გაიყიდებოდა - კულუარული ინფორმაციით, ნეაპოლელებმა იგუაინი ლონდონის "არსენალს" 80 მილიონ ევროდ შესთავაზეს, მაგრამ ინგლისელებისგან უარი მიიღეს.
ამასობაში, "იუვენტუსი" გონსალოს 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის განმავლობაში ფეხბურთელი სეზონურად 7,5 მილიოონ ევროს მიიღებს. მოკლედ, "ნაპოლი" ბევრს ეცადა, მაგრამ როგორც ჩანს, მოუწევს დანებება. იგუაინმა "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტს წინ არაფერი უდგას...
მარადონა: ეს ტრანსფერი გულს მტკენს...
გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა დიეგო მარადონამ, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ნეაპოლში გაატარა და დღემდე "ნაპოლის" ქომაგად რჩება:"ეს ტრანსფერი გულს მტკენს, რადგან გონსალო იგუაინი "ნაპოლის" უშუალო კონკურენტში გადადის. რთულია დაადანაშაულო ფეხბურთელი, რადგან ყველას თავისი ცხოვრება აქვს და აქვს უფლება, ისე წარმართოს, როგორც თავად სურს.
მინდა იგუიანს წარმატება ვუსურვო, ყველაზე მეტად კი ის გაზულუქებული ჩინოვნიკები და აგენტები მიშლიან ნერვებს, რომლებიც ასეთი ტრანსფერებით ხელის მოთბობას ცდილობენ.
ყველაზე მეტად მაინც "ნაპოლის" გულშემატკივრები მეცოდებიან, რომლებიც დიდი ხანია სკუდეტოს მოგებას ელოდებიან".
როგორი იქნება ახალი "იუვე"?
"იუვენტუსმა" უკვე გადაიბირა დანი ალვეში, მეჰდი ბენატია, მირალემ პიანიჩი, მარკო პიაცა და პრაქტიკულად, დაიმატა გონსალო იგუაინიც. აღსანიშნავია, რომ ტურინულ გრანდს ჯერ არ გაუყიდია პოლ პოგბა და თუ ჯუზეპე მაროტას დავუჯერებთ, იგუაინის ტრანსფერი პოგბასთან არავითარ კავშირში არაა.როგორი იქნება "იუვენტუსი" მომდევნო სეზონში? - მასიმილიანო ალეგრის ადგილზე, ალბათ, ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა ყოფნას, რადგან მას ყველა რგოლში უდიდესი არჩევანი აქვს. კარში ჯანლუიჯი ბუფონი, დაცვაში ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯიო კიელინი, ფლანგებზე დანი ალვეში და პატრის ევრა, ნახევარდაცვაში კლაუდიო მარკიზიო, მირალემ პიანიჩი და პოლ პოგბა, შეტევაში კი პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი.
ეს 3-5-2 ტაქტიკის შემთხვევაში და თავისუფლად შეგვიძლია სხვა ტაქტიკური მონახაზებიც მოვიყვანოთ, მაგალითად 4-4-2, რომელსაც ალეგრი ასევე ხშირად იყენებს. ბუნებრივია, მწვრთნელი აქტიურად მიმართავს როტაციას და ხშირად ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში შტეფან ლიხტშტაინერს, ალექს სანდროს, სამი ხედირას, მარიო მანჯუკიჩს და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...
ვინ დატოვებს "იუვეს"?
როდესაც "იუვენტუსმა" მეჰდი ბენატია დაიმატა, ნათელი გახდა, რომ დანიელე რუგანი ღრმა თადარიგისთვის გაიწირა. არადა, 21 წლის უნიჭიერეს მცველზე იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ და მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. დიდი ალბათობით, რუგანი დატოვებს ტურინულ გრანდს და იჯარის წესით სხვა გუნდში გადაბარგდება. დანიელეს დამატება სურს როგორც "ნაპოლის", ისე "ფიორენტინას" და "ლაციოს". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
დიდი ალბათობით, გუნდს ასევე დატოვებენ სტეფანო სტურარო და რობერტო პერეირა, რადგან ნახევარდაცვაში უდიდესი კონკურენციაა. მათი წასვლის ალბათობა ერთიორად გაიზრდება, თუ პოგბა ტურინში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ფეხბურთელების გარდა, "იუვეს" შუა ხაზში ერნანესიც ჰყავს.
და მივადექით თავდასხმას, სადაც უბრალოდ, აღარ რჩება სიმონე ძაძას ადგილი. მას შემდეგ, რაც "იუვემ" მარკო პიაცა და გონსალო იგუაინი დაიმატა, ხოლო მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა ისედაც იყვნენ გუნდში, ძაძა სრულიად ზედმეტი გამოჩნდა.
ძაძა სჯობს თუ პიაცა, ეს ალბათ უფრო გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინელებს ახალგაზრდა ხორვატში 20 მილიონი ევრო იმიტომ არ გადაუხდიათ, რომ შემდეგ იჯარით სხვა გუნდში გაუშვან - ამიტომ, დიდი ალბათობით, წასვლა ძაძას მოუწევს. აქვე აღვნიშნოთ, რომ სიმონეს გადაბირების სურვილი გერმანულმა "ვოლფსბურგმა" გამოთქვა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დავიდე ასტორიში ეშლებათ აშკარად,თანაც უკვე მერამდენედ!
არა უშავს - გაიზრდებიან და დაიხვეწებიან.