ფრანჩესკო ტოტი: პირველად მეშინოდა პენალტის გაფუჭების

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილი ფავორიტი "იუვენტუსია" და არის მოლოდინი, რომ ტურინული გრანდი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიპოვებს მორიგ სკუდეტოს.

მას შემდეგ, რაც "იუვემ" "ნაპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა, გონსალო იგუაინი წაართვა, ნეაპოლელთა შანსები მკვეთრად დაეცა; აი, "რომაზე" კი უფრო დიდი იმედები მყარდება. თუმცა, ჯერჯერობით, "რომას" თამაშიც არადამაჯერებელია და "სამპდორიასთან" მატჩმა ეს ნათლად დაგვანახვა.

რომაელებმა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ფრანჩესკო ტოტის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით მოიპოვეს სამი ქულა. რამდენად რეალურია, რომ ასეთმა "რომამ" "იუვენტუსს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს და სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას
საჩემპიონო ინტრიგა ბოლომდე გაჰყვეს? - ამ კითხვით ლუჩანო სპალეტის მიმართეს და მანაც შემდეგი განაცხადა:

"რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა იქნება ორი და სამი თვის შემდეგ, მაგრამ "რომა" ნამდვილად მოუმატებს და გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებს. ის, რომ გუნდი სეზონის სტარტზე არაა იდეალურ ფორმაში, ნორმალურია და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. გასული სეზონი "იუვენტუსმა" საშინლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მკვეთრად მოუმატა და ჩემპიონი გახდა. დღეს გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, თუ რა შანსები გვაქვს სკუდეტოს მოსაპოვებლად, მაგრამ იოლად რომ არაფერს დავთმობთ, ეს ცხადია".

სპალეტის ფრანჩესკო ტოტიზე ჰკითხეს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიტანა გამარჯვების გოლი:

"სამწუხაროა, რომ არ მყავს 4-5 ტოტი, რომელიც ყოველ თამაშში ახერხებს რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას. ისიც სამწუხაროა, რომ ტოტი 39 წლისაა და შესაბამისად, მთელ 90 წუთს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს. არ მახსოვს, ფრანჩესკოს ასეთი ენთუზიაზმით ევარჯიშოს და ამიტომ ის განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, ტოტი კიდევ ბევრჯერ გაახარებს გულშემატკივარს".

ლუჩანო სპალეტიმ "სამპდორიასთან" მატჩი შეაფასა და მეტოქე გუნდის მეკარე ლევ იაშინს შეადარა:

"ძალიან რთული თამაში იყო, რომელშიც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. 70 წუთის განმავლობაში ჩვენ ვდომინირებდით, 20 წუთი კი მეტოქე ფლობდა უპირატესობას. ედინ ჯეკოზე აშკარად დაირღვა თამაშის წესი და ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მსაჯები დაგვეხმარნენ. მეტოქე გუნდის მეკარე ემილიანო ვივიანო უნდა შევაქო, რომელიც სასწაულებს სჩადიოდა და ლევ იაშინივით ირჯებოდა. სწორედ ვივიანოს დამსახურებაა, რომ ასე გაგვიჭირდა გამარჯვების მოპოვება".

შეუდარებელი ტოტი
ფრანჩესკო ტოტი 25-ე სეზონს ატარებს "რომას" შემადგენლობაში და ამით მან პაოლო მალდინის რეკორდი გაიმეორა. ამასთან, ეს არის ზედიზედ 23-ე სეზონი, რომელშიც ტოტი გოლის გატანას ახერხებს. ფრანჩესკოს ანგარიშზე 249 გოლია "რომას" შემადგენლობაში, სულ კი 600-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მატჩის შემდეგ ტოტიმ მოკლე და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მატჩს იგებს გუნდი და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელი; ჩემი პენალტი კი ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ეპიზოდია განვლილ შეხვედრაში. პირველად ცხოვრებაში, მეშინოდა თერთმეტმეტრიანების გაცუდების, რადგან სამი ქულის მოპოვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა".

ფერეროს თმები გადარჩა
მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყო "სამპდორიამ", რომელმაც პირველ ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და "რომას" უდანაკარგოდ ესტუმრა. დედაქალაქური მატჩის წინ გენუელთა ექსტრავაგანტურმა პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ განაცხადა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში თმებს გადაიპარსავდა. მატჩის შემდეგ ფერერომ თავს თმის გადარჩენა მიულოცა:

"ვულოცავ "რომას" გამარჯვებას, ჩემს თმას კი გადარჩენას. "ჯალოროსი" სკუდეტოსთვის ან მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და შესაბამისად, ეს შედეგი არ იყო გასაკვირი. თუმცა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. მარკო ჯამპაოლოს თავკაცობით, "სამპდორია" ბევრ წარმატებას მიაღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული