წელს ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის. ასეთი რამ კი უკვე წლებია, არ მომხდარა - უკანასკნელად "მარსელი" და "პსჟ" ლიდერების რანგში ერთმანეთს 1994 წელს შეხვდნენ. ეს გარემოება მატჩს დამატებით ინტრიგას სძენდა.
ფრანგული "კლასიკო" ძალიან წააგავდა ესპანურ "ელ კლასიკოს", რადგან "ველოდრომზე", ისევე, როგორც "ნოუ კამპზე", ჯერ ერთი გუნდი დაწინაურდა, შემდეგ მეორე, შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ასევე, კატალონიის დედაქალაქის მსგავსად, მარსელშიც ორი ფორვარდი გამოირჩა - ანდრე-პიერ ჟინიაკმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დუბლები შეასრულეს.
გიჟური პირველი ტაიმის შემდეგ გუნდები მეორე ნახევარში ოდნავ დამშვიდდნენ, თუმცა გატანა მასპინძლებსაც შეეძლოთ და სტუმრებსაც. ორივე გუნდიდან ისევ ჟინიაკი და იბრა გამოირჩეოდნენ. ასევე კარგი საგოლე მომენტები ჰქონდათ ცვლილებაზე შესულ კევინ გამეიროს და ანდრე აიუს, თუმცა არც ერთს გაუმართლა (იხილეთ მატჩის ვიდეო).
საბოლოოდ მატჩი სამართლიანი შედეგით დასრულდა და ელი ბოპის "ოლიმპიკმა" ლიდერობა შეინარჩუნა, პარიზელები კი მოსისხლე მტერს ისევ 3 ქულით ჩამორჩებიან.
მატჩის შემდეგ
ელი ბოპი (მარსელი): "ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ყოველმხრივ კარგად გამოვიყურებოდით და ვფიქრობ, ზოგი შეტევის უკეთ დასრულებაც შეგვეძლო. წინა ტურში "ვალანსიენთან" გავნადგურდით და ამ თამაშით რეაბილიტაცია მოვახერხეთ, რადგან იმათ შორის, ვისაც წელს ვეთამაშეთ, "პსჟ" ნამდვილად ყველაზე ძლიერი გუნდია.
ჟინიაკი ჩაგდებული სეზონის შემდეგ ბრწყინვალედ თამაშობს და ზუსტად იგივე შემიძლია მთლიანად გუნდზე ვთქვა. ანდრე-პიერს მხოლოდ გოლები კი არ გააქვს, ის უბურთოდაც ძალიან ბევრს შრომობს და თანაგუნდელებს დაცვაშიც ეხმარება".
კარლო ანჩელოტი (პარი სენ-ჟერმენი): "ცუდად არ გვითამაშია და ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იყო. ჟინიაკის მეორე გოლი გადამწყვეტი გამოდგა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თამაშს დამაჯერებლად ვეღარ ვაკონტროლებდით, პასტორეს და გამეიროს მომენტები მაინც შეექმნათ.
იბრა ჩვენს გუნდს ძალიან კარგად შეეწყო. ვიცი, რომ ზოგი თვლის, თითქოს ის დაღლილია, მაგრამ მერწმუნეთ: შესაძლებლობების 80 პროცენტით მოთამაშე იბრაჰიმოვიჩიც ძალიან ძლიერია, რასაც ის ყოველ ტურში ამტკიცებს.
"მარსელი" ძალიან კარგი და გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩვენი კონკურენტი მხოლოდ ის არ არის, "ლიონიც" კარგად გამოიყურება და "ლილსაც" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"