მარკო ვერატი: მე და ჯოკონდა პარიზშიც იტალიელებად ვრჩებით

AutoSharing Option
მარკო ვერატიმ თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა და ის 2015 წლის საფრანგეთის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს. 23 წლის იტალიელი ნახევარმცველი პსჟ-სთან მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2021 წლამდე იქნება გათვლილი და რომლის ძალითაც, სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

ამრიგად, ვერატი მეორე ადგილზე გადავა ყველაზე მაღალანაზღაურებად იტალიელ ფეხბურთელებს შორის, ყველაზე წინ კი კვლავაც კანადაში გადახვეწილი სებასტიან ჯოვინკოა. ვერატი გამორჩეული ნიჭის ფეხბურთელია და 2016 წელს მის შესანიშნავ თამაშს არა მარტო საკლუბო დონეზე, არამედ ევროპის ჩემპიონატზეც უნდა ველოდოთ, იქამდე კი მის საინტერესო ინტერვიუს გავეცნოთ.

-
თქვენს შესახებ უფრო მეტად ალაპარაკდნენ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის წლის ლეგიონერი გახდით და თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობეთ...
- მივიღე თუ არა ეს ჯილდო, ზლატანმა მყისვე მითხრა, რომ წლის საუკეთესო ლეგიონერად მიჯრით ორჯერ აღიარეს და ამის შესახებ არც კი იცოდა, რადგან ეს არაფერს ნიშნავს. იბრას უშნოდ ხუმრობა უყვარს, ხანდახან ხისტია, მაგრამ მთლიანობაში, კარგი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ, მის კამპანიაში თავს კარგად ვგრძნობ.

- რით განსხვავდება ზლატან იბრაჰიმოვიჩი სხვა ფორვარდებისგან?
- მწვრთნელს შეუძლია დააყენოს 9-0-1 ტაქტიკა, წინ მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუშვას და თამაში მოიგოს. იბრას შეუძლია, რომ შეტევის მთელი ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს და მარტომ "ათრიოს" გუნდი.

- მართალია, რომ იბრაჰიმოვიჩს "მილანი" განსაკუთრებულად უყვარს?
- კი, მართალია. იბრას არაერთხელ უთქვამს, რომ "მილანმა" მის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა და როდესაც იქ გატარებულ პერიოდს იხსენებს, ყოველთვის ემოციურია. იბრაჰიმოვიჩი რომ "მილანში" დაბრუნდეს, ლომბარდიელთა საჩემპიონო შანსები 50%-ით გაიზრდებოდა.

- არ მოგბეზრდათ საფრანგეთში თამაში, როდესაც სკუდეტო არ გაქვთ მოგებული?
- გული მწყდება, რომ სერია A-ში თამაში და სკუდეტოსთვის ბრძოლა არ მიწევს, მაგრამ, ვინ იცის, რა იქნება მომავალში. იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი არ ეძლევათ, ორი თამაში და თუ ვერ გაამართლე, სერია D-ში გაგანათხოვრებენ. ასეთი მიდგომა დამღუპველია ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის.

- რომელ იტალიურ გუნდში ისურვებდით თამაშს?
- მიყვარს, როდესაც ჩემი გუნდი ბურთს აკონტროლებს, ასეთ ფეხბურთს კი იტალიაში "ფიორენტინა" და "ნაპოლი" თამაშობენ.

- როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდი მოიგებს სკუდეტოს და ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?
- ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" იბრძოლებენ, ამ ორ გუნდს შორის კი რომელიმეს გამორჩევა მიჭირს. ბომბარდირი გონსალო იგუაინი გახდება, რადგან ის საუკეთესო ფორვარდია იტალიაში.

- იგუაინის გარდა, სერია A-ში მოასპარეზე ლეგიონერებიდან ვის გამოარჩევთ?
- პაულო დიბალას, რომელსაც უდიდესი ნიჭი აქვს და ვფიქრობ, რომ "იუვენტუსთან" ერთდ ბევრ წარმატებას მიაღწევს. ჩემი აზრით, დიბალას შეუძლია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

- როგორი პროგნოზი გაქვთ ევრო 2016-ის ჯგუფურ ეტაპზე?
- ბელგიას 1:0-ს მოვუგებთ და გოლს კლაუდიო მარკიზიო გაიტანს. შვედეთსაც იგივე ანგარიშით ვძლევთ, თუმცა გოლს გრაციანო პელე შეაგდებს. ირლანდიასთან ფრე მისაღები შედეგი იქნება და 0:0 დაჯდება.

- ევროპის ჩემპიონატზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოგიწევთ დაპირისპირება...
- კენჭისყრის შემდეგ, მომწერა, რომ გამანადგურებდა, მე კი მივწერე, რომ მოეშვას, რადგან ჯგუფიდან საუკეთესო მესამე ადგილოსნებიც გადიან, რაც შვედეთის გარკვეულ შანსს უტოვებს.

- ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს და ვინ გახდება ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი?
- ვფიქრობ, რომ ფავორიტი საფრანგეთია, რადგან შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და თანაც, მასპინძელია. თუმცა, თუ საფრანგეთს ფინალში გადავეყარეთ, აუცილებლად მოვუგებთ, როგორც ეს 2006 წლის მუნდიალზე მოხდა. რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს, ვფიქრობ, რომ ანდრეს ინიესტა გაიბრწყინებს, რომელიც სავარაუდოდ ბოლო ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს და შეეცდება, რომ საუკეთესოდ წარმოჩინდეს.

- ვისი თავკაცობით მიაღწევს იტალიის ნაკრები დიდ წარმატებებს?
- იმედი მაქვს, რომ ეს მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. ისე კი, კარლო ანჩელოტის ვიტყოდი, რომელმაც პსჟ-ში წამიყვანა და მშობელივით დამიდგა გვერდით. ანჩელოტი საუცხოო მწვრთნელი და კიდევ უკეთესო ადამიანია. ერთხელ ვესაუბრე იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით და მითხრა, რომ ჯერ საკლუბო ფეხბურთში სურს დარჩენა. მომდევნო სეზონში მიუნხენის "ბაოერნს" გაწვრთნის და მინდა მას წარმატება ვუსურვო.

- რომელ მწვრთნელთან იმუშავებდით სიამოვნებით?
- პეპ გვარდიოლასთან, რომლის საფეხბურთო ფილოსოფია ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღებია.

- რას იტყვით ზდენეკ ზემანზე, რომლის თავკაცობითაც "პესკარაში" თამაშობდით?
- საოცარი ადამიანია, რომლის მსგავსი არასდროს შემხვედრია. ის ვერატი, რომელსაც დღეს უყურებთ, 70% ზემანმა შექმნა და ბუნებრივია, რომ მას განსაკუთრებულ პატივს ვცემ. დღეს შვეიცარიაში მუშაობს და ვფიქრობ, რომ უფრო მაღალ დონეს იმსახურებს.

- რა მოხდა 2014 წლის მუნდიალზე?
- როდესაც ინგლისი დავამარცხეთ, ჩავთვალეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც დიდი შეცდომა იყო. დისციპლინასთან დკავშირებულმა პრობლემებმაც იჩინა თავი და არც ეს უნდა დავმალოთ. კონტე ხისტი ადამიანია, არ ცდილობს, რომ ფეხბურთელებს თავი მოაწონოს და პირდაპირ ამბობს სათქმელს. ანტონიომ გუნდში წესრიგი დაამყარა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადებით შედეგს გამოიღებს.

- როგორ ფიქრობთ, ანდრეა პირლო ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე?
- იმედი მაქვს, რომ ითამაშებს და ჩვენ მოედანზე ერთად ვიქნებით. ანდრეა პირლო უდიდესი ვარსკვლავია, ისეთი, როგორებიც რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ, მისი გუნდში ყოფნა კი უკვე ბევრს ნიშნავს.

- რომელი უფრო ადვილია, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება?
- რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება, რადგან იქ უდიდესი კონკურენციაა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მთავარია, რომ "ბარსელონასა" და "ბაიერნს" ვაჯობოთ.

- ამბობენ, რომ მომდევნო სეზონში კრიშტიანო რონალდო პსჟ-ში ითამაშებს...
- დიდი გამარჯვებებისთვის ვარსკვლავური შემადგენლობაა საჭირო და არ მიკვირს, რომ პსჟ-ს მესვეურებს პორტუგალიელის გადაბირება სურთ. შეხედეთ "ბარსელონას", სადაც მესი, ნეიმარი და სუარესი ბრწყინავენ.

- მალე პსჟ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებთ და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იტალიელი ფეხბურთელი გახდებით. როგორც ჩანს, თქვენი მომავალი პარიზს უკავშირდება...
- ვერავის შევპირდები, რომ მთელ კარიერას ერთ გუნდში გავატარებ, მაგრამ პარიზში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და აქ დარჩენის სურვილი მაქვს. სიმართლე გითხრათ, როდესაც პსჟ-დან წინადადება მივირე, თავიდან უარზე ვიდექი, რადგან იტალიის დატოვება არ მსურდა, მაგრამ შენდეგ მივხვდი, რომ ასეთი შანსი ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მოგეცეს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან საფრანგეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

- იტალიაში ჯოკონდა შეგარქვეს, რადგან ლეონარდო და ვინჩის შედევრის მსგავსად, საფრანგეთს ემსახურებით...
- მე და ჯოკონდა პარიზშიც იტალიელებად ვრჩებით და თანაც, ევროპის ჩემპიონატის ფინალში მე სწორედ საფრანგეთის დამარცხებას ვაპირებ.

დოსიე
მარკო ვერატი
დაიბადა: 1992 წ. პესკარა (იტალია)
პოზიცია: ნახევარმცველი
კარიერა: 2008-12 - პესკარა; 2012-დან - პსჟ
იტალიის ნაკრები: 15 თამაში, 1 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული