ბრაზილიის ნაკრები: ახალი თვითმფრინავი "სელესაოს" ფერებში

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ დავიდ ლუიზი ისევ არ გამოიძახა. ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნებული მცველი მშვენიერ ფორმაშია და ბევრი ელოდა, რომ მას ამჯერად მაინც დააბრუნებდნენ "სელესაოში", მაგრამ…

ტიტემ ასევე არ გამოიძახა ერთ დროს "ჩელსის" სარეკორდო შენაძენი ოსკარი, მაგრამ ჩინეთიდან სხვა ფეხბურთელებს კი უხმო. ტიტეს შვიდი მატჩიდან შვიდი მოგება აქვს ნაკრებში და ამ მატჩებში ბრაზილიელებმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს. ამიტომ მისი გაკრიტიკებისგან ამ ეტაპზე ყველა თავს იკავებს.

2017 წლის პირველი სანაკრებო პაუზისას ბრაზილიას ურუგვაისთან საგარეო (23 მარტს) და პარაგვაისთან საშინაო (28 მარტს)
მატჩები ელის. ბრაზილიელები თავიანთ ზონაში ლიდერობენ და მეორეზე მყოფ ურუგვაის 4 ქულით უსწრებენ. მარტის მატჩების მერე სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ციკლი აგვისტოს ბოლოს განახლდება.

ტიტემ ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიც გამოიძახა. მაგალითად, "რესიფეს" 31 წლის ფორვარდი დიეგო სოუზა. მწვრთნელმა ნაკრებში დააბრუნა 32 წლის დიეგო რიბასიც, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ახლა "ფლამენგოში" ირიცხება. მიწვევა მიიღო "კორინთიანსის" მცველმა ფაგნერ კონსერვა ლემოსმაც. მას უბრალ ფაგნერად ვიცნობთ, მაგრამ სრული სახელი და გვარი საინტერესოდ რომ ჟღერს, ალბათ, დაგვეთანხმებთ. რა თქმა უნდა, არიან ნეიმარი და ლივერპულური წყვილი - კოუტინიო-ფირმინოც.

აქვე ვთქვათ, რომ ბრაზილიის ნაკრებს ახალი პერსონალური თვითმფრინავი ჰყავს, რომელიც ქვეყნის დროშის ფერებშია მორთული და კუდზე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ლოგო აქვს გამოსახული. თვითმფრინავი Wi Fi-თაა აღჭურვილი და ასევე, სპეციალური გასართობი სისტემით. ის 177 მგზავრს იტევს.

ბრაზილიის ნაკრები ურუგვაისთან და პარაგვაისთან მატჩებისთვის
მეკარეები: ალისონი (რომა), ვევერტონი (ატლეტიკო პარანაენსე), ედერსონი (ბენფიკა);

მცველები: დანი ალვეში (იუვენტუსი), ტიაგო სილვა (პსჟ), მარსელო (რეალი), მირანდა (ინტერი), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), ჟილი (შანდონგი), ფაგნერი (კორინთიანსი);

ნახევარმცველები: ვილიანი (ჩელსი), პაულინიო (გუანჯოუ), დიეგო რიბასი (ფლამენგო), ფერნანდინიო (სიტი), ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), რენატო აუგუსტო (ბეიძინი), კაზემირო (რეალი), ჟულიანო (ზენიტი);

თავდამსხმელები: ნეიმარი (ბარსელონა), დუგლას კოშტა (ბაიერნი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), დიეგო სოუზა (რესიფე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული