კოპა სუდამერიკანა "ლანუსმა" მოიგო

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, კოპა სუდამერიკანას საპასუხო ფინალური შეხვედრა მასპინძელთა გამარჯებით დასრულდა და არგენტინის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა "ლანუსმა" ისტორიაში მეორე საერთაშორისო ტიტული მოიპოვა - 1996 წელს "ლანუსი" სუდამერიკანას წინამორბედის, "კოპა კონმებოლის" გამარჯვებული გახდა.

ახლა გილერმო ბაროს შელოტოს გუნდს ისტორიული დუბლის შესრულების შანსი აქვს. კვირას არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურის ცენტრალური მატჩები გაიმართება და თუ "ნიუელსს" მოუგებს, "ლანუსს" საჩემპიონო, "ოქროს მატჩში" მონაწილეობის შანსი გაუჩნდება.

სუდამერიკანას ფინალში კი არგენტინელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. "ლანუსი" ისედაც ფავორიტი იყო, ბრაზილიაში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კი მის საბოლოო
გამარჯვებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარებოდა.

"პონტე პრეტა" ბრაზილიის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და რა გასაკვირია, რომ არგენტინის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა უკვე სერია B-ს ბინადარს შინ მოუგო. მასპინძლებმა შეხვედრის და მთლიანად ტურნირის ბედიც პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. 25-ე წუთზე თავი პარაგვაის ნაკრების წევრმა ვიქტორ აიალამ გამოიჩინა, რომელსაც საგოლე გადაცემა ისმაელ ბლანკომ გაუკეთა.

არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი გოლი თავად ბლანკომ გაიტანა. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და "ლანუსმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ლანუსი-პონტე პრეტა 2:0 (1:1)
გოლები: 1:0 ვ. აიალა (25), 2:0 ბლანკო (45)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული