ხერარდო მარტინო - მშვიდი ცხოვრების მოყვარული არგენტინელთა თავკაცი

AutoSharing Option
ხერარდო მარტინო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტაქტიკოსია. მან პარაგვაის ნაკრები ბევრისთვის მოულოდნელად, კოპა ამერიკის ფინალში გაიყვანა, მწვრთნელს წარმატებები ჰქონდა საკლუბო დონეზეც.

ამას "ბარსლონაში" საკმაოდ მძიმე სეზონი მოჰყვა, მაგრამ ნიჭიერი სპეციალისტი ისევ ყურადღების ცენტრშია, რაც სხვათა შორის, ამ თავმდაბალ ადამიანს არ სიამოვნებს. თუმცა სხვაგვარად ვერც იქნება, ის ხომ არგენტინის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა...

- ხერარდო, როგორ უძლებთ იმ დიდ ზეწოლას, რომელიც არგენტინის ნაკრების მწვრთნელობას თან ახლავს?
- აქ მხოლოდ იმ პოსტზე არ არის საქმე რომელზეც ხარ და შენ საქმიანობაზე, ბევრი რამ
იმიჯზე და ცხოვრების სტილზეც არის დამოკიდებული. ჩემი ხასიათიდან და სტილიდან გამომდინარე, დიდი და მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის ხერარდო მარტინოს როგორც ჩვეულებრივ, რიგით ადამიანსა და, როგორც ნაკრების მწვრთნელს შორის. მე ყოველთვის წყნარი და მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ამ კუთხით არაფერი შეიცვლება. თუმცა, ცხადია, ვიაზრებ და მესმის, რამხელა წნეხი და პასუხისმგებლობა ახლავს თან ამ საქმეს.

- უკვე 8 თვეა, პოსტზე ხართ და მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად დიდი დრო გაქვთ, რამ გამოიწვია თქვენდამი ასეთი ნდობა? მარსელო ბიელსას მერე, მთლიანად ოთხწლიანი ციკლით არგენტინის ნაკრები არავისთვის მიუბარებიათ.
- ეს ძალიან შრომატევადი სამსახურია, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ ტვირთს და მოთხოვნებს მოიცავს. როგორც წესი, არგენტინაში პოსტზე 4, ზოგჯერ 8 წელიც არიან ხოლმე.

ამაზე ნაკლები დროით ვინმე ყოფილიყოს, დიდი იშვიათობაა. ბოლო წლების მწვრთნელებს თუ არ ჩავთვლით, რაც სხვადასხვა მიზეზების გამო, გამონაკლისი შემთხვევები იყო. ყველა თავად წყვეტს თუ, როგორ შორს შეუძლია ან არ შეუძლია წასვლა, აქვს თუ არა საკმარისი ენერგია, როდის უნდა გაჩერდეს, როდის არის ამისთვის საუკეთესო და სწორი მომენტი. როდესაც გრძნობ, რომ ამდენს ვერ იტვირთავ, ჯობია წახვიდე, ეს ყველაზე სამართლიანი და მართებული ნაბიჯია.

- საკმაოდ თვითკრიტიკული იყავით მას მერე, რაც "ბარსელონაში" თქვენი მუშაობა დასრულდა. ეს ცხოვრების სხვა ასპექტებზეც ვრცელდება, ყოველმხრივ ასეთივე მომთხოვნი ხართ საკუთარ თავთან?
- დიახ, ვცდილობ ყველა შემთხვევაში თვითკრიტიკული ვიყო. შემდეგ უფრო თავისუფლად აფასებ შენ მუშაობას თუ ზოგადად ცხოვრების მონაკვეთს. "ბარსას" და ჩემ ჩემთხვევაში სხვაობა ის არის, რომ საჯარო განცხადებები გავაკეთე. შესაძლოა, კიდევ ბევრია თვითკრიტიკული, მაგრამ ამას არ აჩენს და თავისთვის დატოვება ურჩევნია.

- როგორც თავად თქვით, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც "ბარსელონაში" მიიღეთ "ვარსკვლავების გაწვრთნა და მათთან ერთად ცხოვრებაა". არგენტინის ნაკრებთან თუ გაავლებთ პარალელს და ეს გამოცდილება თუ გამოგადგებათ?
- ფეხბურთელების ხარისხისა და კლასის მხრივ მსგავსებები ნამდვილად არის. თუმცა პირობები და გარემოა განსხვავებული. არგენტინის ნაკრებში ფეხბურთელები დიდი შემართებით მოდიან და მათ ვერაფერი გააჩერებს, ვერც იმის ცოდნა, რომ შეიძლება არ ითამაშონ და ძირითადში არ იყვნენ. პასუხისმგებლობას ყველანი ინაწილებენ და ერთი მიზანი აქვთ, პირველ ადგილზე ეროვნული ღირსება დგას. საკლუბო სპეციფიკა განსხვავებულია, მით უფრო როდესაც "ბარსელონას" დარ გუნდზე ვსაუბრობთ.

საჭიროა, რომ მწვრთნელის ხელი კლუბს მალე დაეტყოს, ასევე თითოეული მეტოქის შესაბამისი ტაქტიკა ან შემაგენლობა უნდა შეარჩიო, სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის მოთამაშეებთან გაქვს ურთიერთობა და ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. როტაციას ისე უნდა მიმართო, რომ ყველა კმაყოფილი იყოს, ყველა კომფორტულად და მოტივირებულად გრძნობდეს თავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინაა, როდესაც დიდი მატჩები ახლოვდება, ასეთ დროს გუნდურობა და ერთსულოვნება მით უფრო შენარჩუნებული უნდა იყოს.

- თქვენ გაგიწვრთნიათ კლუბი, რომლებიც შემადგენლობის მხრივ ბევრად უფრო შეზღუდულები იყვნენ და დიდი არჩევანი არ გქონიათ, თავკაცობდით პარაგვაის ნაკრებს და ვარსკვლავურ "ბარსელონას". რომელი უფრო დიდი გამოწვევაა - გაუმკლავდე ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს თუ მიაღწიო წარმატებას უფრო პატარა გუნდით?
- საიდანაც არ უნდა მიუდგე საკითხს, როდესაც დიდი არჩევანი გაქვს, ბევრად მეტი რამის გაკეთება შეგიძლია და მრავალფეროვანი ვარიანტები გაქვს. ვარსკვლავურ შემადგენლობას თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ მათთან გამკლავება უფრო ადვილია.

როდესაც მოთამაშეებში შეზღუდული ხარ, ალტერნატივა არ გაქვს, რაც არ არის, იმას ვერ გამოიყენებ. მეორე მხრივ, მიდგომის და მწვრთნელობის კუთხით, გასაკეთებელია ის, რომ მუდამ იზრუნო გუნდის მორალურ მხარეზე, ყველას მნიშვნელოვნად და ჩართულად აგრძნობინო თავი. როდესაც პატარა არჩევანი გაქვს, ცუდია და ძნელია, მაგრამ თუ შენ იდეებს გაატარებ, სტილს შექმნი და შედეგს მიაღწევ, ასე შენი მუშაობა უფრო გამოჩნდება და უფრო დააფასებენ, ვიდრე ვარსკვლავურ გუნდთან ერთად მიღწეული წარმატებებისას.

- როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ის არგენტინა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გააღწია?
- თამასა ძალიან აწეულია, მუნდიალის ფინალში გასვლა უდიდესი წარმატებაა და გაიძულებს რომ მომავალ შეჯიბრებებზეც კარგად გამოხვიდე, რომ წარმატებაზე შეიძლებოდეს საუბარი.

მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა რომ საკუთარი და განსხვავებული სტილის თავგადასავალი გვქონდეს, ვიდრე ეს წინა ხელმძღვანელობისას იყო. სამუშაო ძალიან ბევრია, რადგან ჩვენ წინა და ამჟამინდელ სტილსა და იდეებს შორის საგრძნობი სხვაობაა. ახლა სწორედ ამ იდეების ჩანერგვა-გატარებაზე ვმუშაობთ, შემადგენლობაც გარკვეულწილად გადახალისებულია და გვყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომელმაც იციან წარმატებას როგორ მიაღწიონ. ძალიან საინტერესოა, ამ ტრანსფორმაციისა და ცვლილებებისთვის თვალყურის დევნება თუ, როგორ უახლოვდება გუნდი სასურველ სტილს.

- ახლა სტანდარტულ სიტუაციებზე ვისაუბროთ. როდესაც გუნდთან ერთად მუშაობთ, რომელი კომპონენტის დახვეწას უთმობთ ყველაზე დიდ დროს?
- სტანდარტულები, რასაკვირველია, ძალიან კარგია, მაგრამ ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

ეს არ მოქმედებს სათამაშო გეგმაზე, უბრალოდ ბონუსი და ექსტრა იარაღია, თუ მათ კარგად იყენებ. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მწვრთნელის საქმე სწორედ ის არის, რომ გუნდს კუთხურის, ჯარიმის ან აუტის კარგად ჩაწოდება ასწავლოს. მარტო ამის ხარჯზე ფონს გასული გუნდი მე ჯერ არ მინახავს. ეს მთელი თამაშის შემადგენელი დეტალია და იმის ჩვენების საშუალება, თუ რა სამუშაო გასწიე და რა დოზით.

- უახლოეს 18 თვეში არგენტინა ორ კოპა ამერიკაზე მიიღეებს მონაწილეობას, ასევე გიწევთ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასაწყისი და ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში. ის, რომ ყველაფერი ასე მიწყობილადაა, საქმეს გირთულებთ?
- რაც არ უნდა დატვირთული გრაფიკი იყოს, ჩვენ მწვრთნელებს შედეგების მიხედვით გვაფასებენ და კარგი შედეგის მიღწევა გვევალება, მით უმეტეს, არგენტინის ნაკრებს თუ ეხება საქმე. ყველაზე სასიამოვნო ის არის თუ წარმატება სწორედ იმ ფილოსოფიისა და თამაშის მიხედვით მოდის, რომელიც გეგმაში გაქვს და რომელი სტილითაც თამაშობ. თუ შესაფერისად თამაშობ, უნდა უყურო და ისიამოვნო. კარგი ასეთ მჭიდრო და დატვირთულ გრაფიკში ის არის, რომ ფეხბურთელებთან ხშირი და სტაბილური კონტაქტი მომიწევს, რაც ჩემი იდეების გატარებას გამიადვილებს.

დოსიე
ხერარდო დანიელ "ტატა" მარტინო
დაიბადა: 1962 წ. როსარიო (არგ)
სამწვრთნელო კარიერა: 1998 - რბაუნი; 1999 - პლატენსე; 2000 - ინსტიტუტო; 2002-03 - ლიბერტადი; 2003-04 - სერო პორტენიო; 2005 - კოლონი; 2005-06 - ლიბერტადი; 2006-11 პარაგვაის ნაკრები; 2012-13 - ნიუელსი; 2013-14 - ბარსელონა; 2014-დან - არგენტინის ნაკრები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული