ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
* კონფედერაციათა თასი გერმანიამ მოიგო, მეორე ადგილზე ჩილე გავიდა, მესამეზე - პორტუგალია.

* ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელი იულიან დრაქსლერი დაასახელეს.

კონფედერაციათა თასის ფინალში ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი შეხვდა, რომლებიც თავიდანვე შეირაცხნენ ტურნირის ფავორიტებად. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია მეორე შემადგენლობითაც კი დიდი ძალაა, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონმა ჩილემ კი ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა.

თამაში კინაღამ ჩილელთა გოლით გაიხსნა. არტურო ვიდალს ჩილელთა დაწინაურების მშვენიერი შანსი მიეცა, მაგრამ გერმანელენი მეკარე ტერ შტეგენის შესანიშნავმა თამაშმა გადაარჩინა. ზოგადად, მატჩის დასაწყისში ჩილელები უფრო აქტიურები იყვნენ. გერმანელები როგორღაც
დაბნეულები გამოიყურებოდნენ, ვიდალის, ვარგასისა და სანჩესის ასეთ აქტიურობას, როგორც ჩანს, ბუნდესნაკრები არ ელოდა.

ჩილელთა უპირატესობა პირველი ტაიმის პირველ ნახევარში იმდენად დიდი იყო, რომ გერმანელთა კარში გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მოხდა პირიქით. მას შემდეგ, რაც ჩილელებმა ერთ შეტევაში ორჯერ ვერ მოახერხეს გატანა, ალემანთა ჯერი დადგა.

მარსელო დიასის მიერ დაშვებული უპატიებელი შეცდომით კარგად ისარგებლეს იოახიმ ლიოვის ფეხბურთელებმა. გერმანელებმა საჩუქარი შეირგეს და ლარს შტინდლმა ტიმო ვერნერის პასით ბუნდესმანშაფტი დააწინაურა. ეს იყო აბსოლუტურად ალოგიკური, თამაშის საერთო სურათიდან ამოვარდნილი გოლი, მაგრამ გერმანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ტაიმის მეორე ნახევარი მათ თავიანთი სცენარით წარმართეს.

ტაიმის ბოლომდე საგოლე შანსებს უკვე ლიოვის ბიჭები ქმნიდნენ. მან მოწინააღმდეგეს თავს მოახვია მისი გუნდისათვის დამახასიათებელი სწრაფი ფეხბურთი. აღსანიშნავია გორეტცკას ორი და დრაქსლერის შსანიშნავი შანსები. ტაიმის ბოლო წუთზე კი ჩილე აშკარა გოლს გადაურჩა. კლაუდიო ბრავომ ურთულესი ბურთი აუღო გორეტცკას, ვინც ტურნირის მეორე ნახევარში აშკარად მოუმატა და დრაქსლერთან ერთად გერმანიის ნაკრების უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა.

მეორე ტაიმი არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ვიხილეთ ორი მასშტაბური ჩხუბი. პირველი სახიფათო მომენტი გერმანიის ნაკრებისა იყო. დრაქსლერს ცოტა დააკლდა გატანამდე.

დიდებული შანსი მიეცა ედუარდო ვარგასს, მაგრამ გუშინდელი მატჩის გმირს, ტერ შტეგენს ვერ აჯობა. ჩილე მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გააფთრდა. არტურო ვიდალმა თითქმის იზეიმა გოლი, მაგრამ... ისევ ტერ შტეგენი!

გადის მცირე დრო და ისევ გერმანელთა მეკარის დიდებული თამაშის მომსწრენი ვხვდებით. ამჯერად მან ჩარლზ არანგისს შემოარტყმევინა თავში ხელები. ზოგადად, "ბარსელონას" გოლკიპერმა, ალბათ, კარიერის მატჩი ჩაატარა.

თამაშის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, როცა საგალმა ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. პუჩიმ თითქმის უიმედო სიტუაციაში დატოვა ბურთი თამაშში და პარტნიორს დიდებული საგოლე მომენტი შეუქმნა, მაგრამ მან კარს ზემოდან გადააცილა ბურთი.

შეხვედრის მეხუთე, დამატებულ წუთზე ისევ ტერ შტეგენმა გაიბრწყინა. ამჯერად ალექსის სანჩესის უძლიერეს და უზუსტეს დარტყმას გადაეღობა "ბარსელონას" მეკარე, რომელიც ცოცხალი თავით არ აპირებდა გოლის გაშვებას.

გერმანიის ნაკრებმა მეორე შემადგენლობითაც კი დამსახურებულად მოიგო კონფედერაციათა თასი. აჩვენა ყველაზე გამართული და თანამედროვე ფეხბურთი. ტურნირის ფინალმა მოლოდინი აშკარად გაამართლა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ გერმანელთა მეკარე დაასახელეს, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი იულიან დრაქსლერი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხუან ანტონიო პიცი (ჩილეს ნაკრები): "წავაგეთ, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ სტილი შევცვლალოთ. ჩვენ თანაბრად ვეთამაშეთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გაიღეს ამ ტურნირზე. გოლმა ყველაფერი შეცვალა. მოწინააღმდეგემ მეტი დამაჯერებლობა იგრძნო. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ეს ჩვენი პრობლემაა. მარტივი ჭეშმარიტებაა: ვისაც ვერ გააქვს, ის ვერ იგებს. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ".

იულიან დრაქსლერი (გერმანიის ნაკრები): "ყველა ტიტული სასიამოვნოა. ეს - ორმაგად. გუნდმა ყველაფერი დადო მინდორზე. ინდივიდუალურ ჯილდოზე მეტად ჩვენი გუნდური გამარჯვება მახარებს".

იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები): "ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვაუმჯობესებდით გარჯას, უკეთესები ვიყავით. ამან შედეგი გამოიღო. რთული ფინალი გამოვიდა. ასეთ ბრძოლაში მოპოვებული ტიტული უფრო სასიამოვნოა".

სხვათა შორის, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ლიოვის პრესკონფერენცია შეწყვიტეს - მწვრთნელს შამპანური გადაავლეს...

ჩილე-გერმანია 0:1
გოლი: 0:1 შტინდლი (20)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ხარა, მედელი, ისლა, ბოსეჟური - არანგისი (81. საგალი), დიასი (53. ვალენსია), ერნანსდესი - ვარგასი (81. პუჩი), ვიდალი, სანჩესი
გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - გინტერი, მუსტაფი, რიუდიგერი - კიმიხი, რუდი, გორეტცკა (90. ზიულე), ჰექტორი - შტინდლი, დრაქსლერი - ვერნერი (79. ვერნერი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გერმანიას ვულოცავ!!! გერმანიამ B ნაკრებით მოუგო,კიდევ კაი ბრაზილია არ იკო თორემ კიდევ 7-1 მოუგებნენ...კობიაშვილი კიდე გერმანიაში ცხოვროდა ,თამაშობდა ...გერმანელებისგან ვერაფერი ისცავლა რომ საქართველოს გამოსდგომოდა.........
0
დავაკვირდი მარტო ერთ გერმანელს შევნიშნე ხელზე პატარა ტატუ.ეს არის მათი დიდი კულტურა.
ქუთაისელი
13:03 03-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული