ვოცნებობ ბრაზილიაში თამაშზე

AutoSharing Option

“ვესტ ბრომვიჩის” 29 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა პიტერ ოდემვინგიემ ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მოკლედ შეაფასა მისი პირველი ინგლისური სეზონი და გულწრფელად ილაპარაკა სამომავლო გეგმებზე. ამ ინტერვიუს მკითხველს მცირედი შემოკლებით ვთავაზობთ.

- ინგლისურ პრემიერლიგაში ჩემი პირველი სეზონით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, წელს თამაში ნამდვილად გამომდიოდა. აქაურობას შევეჩვიე და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. მიმაჩნია, რომ სწორედ ინგლისური ფეხბურთია ჩემი სათამაშო სტილისთვის იდეალური. "ვესტ ბრომვიჩისთვის” სეზონის დასაწყისში ყველაფერი იდეალურად არ მიდიოდა, თუმცა ბოლო ხანს ცხრილში ზემოთ ნელ-ნელა მივიწევდით და ახლა უკვე გვაქვს მშვიდად
ყოფნის უფლება.

- სეზონის განმავლობაში გატანილი გოლების პირად რეკორდს სულ რაღაც სამი გოლი გიკლიათ. შეძლებთ ამ შედეგის გაუმჯობესებას?
- ეს რომ მოხდეს მართლა მშვენიერი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია. რეკორდის დასამყარებლად თადარიგში კიდევ ხუთი მატჩი მაქვს. ბოლო ტურის უკანასკნელ წუთამდე ვეცდები, თუმცა რომც არ გამომივიდეს, მაინც მივიჩნევ, რომ კარგი სეზონი ჩავატარე.

- ბოლო ხანს ჟურნალ-გაზეთები ხშირად წერენ, რომ თქვენ “იუვენტუსში” გადასვლას აპირებთ. "ვესტ ბრომვიჩის” თავკაცმა როი ჰოჯსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუკი წასვლას მოინდომებთ, კლუბი თქვენს შენარჩუნებას ნამდვილად ვერ შეძლებს.
- საფეხბურთო ცხოვრებაში ძალიან ძნელია ყველაფერი წინასწარ განსაზღვრო. გულწრფელად მხოლოდ ის შემიძლია განვაცხადო, რომ ახლა “ვესტ ბრომვიჩში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ. აქედან წასვლა ჩემი თვითმიზანი არ არის. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ტრანსფერები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ამ გუნდმა დიდებული შანსი მომცა, მე ვსარგებლობ ამით, ვთამაშობ და გამაქვს გოლები, ასე რომ, არც სამომავლოდ იქნება პრობლემა, თუკი კარიერას აქვე განვაგრძობ.

- 2014 წელს 33 წლის იქნებით. ნუთუ არ ოცნებობთ, რომ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოთ?
- ძალიანაც მინდა. თანაც არა ერთი და ორი შემთხვევაა, როცა ფეხბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობას 35-36 წლამდე ახერხებენ. ჩემს ჯანმრთელობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი. მთელი კარიერა ვცდილობდი, რომ მხოლოდ ჯანსაღად მეკვება, არც აღდგენითი პროცედურები დამკლებია. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, წინ რამდენიმე სეზონი მელის მაღალ დონეზე. ასე რომ, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მშვენიერი იქნებოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული