ანდრე ვილას-ბოასი: მე ჩვეულებრივი ვარ

AutoSharing Option
“პორტუს” მთავარ მწვრთნელ ანდრეს ვილას-ბოასზე ბოლოდროინდელი წარმატებების გამო ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. რაც ფართო საზოგადოებამ მასზე იცის, ეს მისი ასაკია, სეუ ანდრესი 33 წლისაა და კიდევ ის, რომ დიდხანს ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო. მას ერთ-ერთი ინგლისელი ჟურნალისტი დაუკავშირდა და ძირითადად მის სახელოვან მასწავლებელზე ელაპარაკა.

- მე და ჟოზე მოურინიო “პორტუში” ერთად ვმუშაობდით და ეს დრო ძალიან კარგად მახსენდება. ყველასთან იდეალური ურთიერთობა გვქონდა - ფეხბურთელებთან, კლუბის უბრალო თანამშრომლებთან, ხელმძღვანელობასთან. კარგი იყო “ჩელსიში” გატარებული პერიოდიც, სადაც ერთად მაქსიმალურ შედეგებს შევწვდით.

ჟოზემ დიდებული კვალი
დატოვა ამ გუნდშიც, ის ხომ 50-წლიანი პაუზის შემდეგ გახადა ინგლისის ჩემპიონი. რასაც ახლა ეს კლუბი წარმოადგენს, ამაში მოუს წვლილი ძალიან დიდია. მესმის, რომ ამ კლუბის ხელმძღვანელობა შეპყრობილია ჩემპიონთა ლიგის მოგების იდეით, მაგრამ ტურნირს ხშირად ისეთი გუნდი იგებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუმართლებს ხოლმე არა ის, ვინც ყველაზე ძლიერია. იღბალი განსაკუთრებით პლეი ოფში გჭირდება. აიღეთ თუნდაც “ინტერი”, მასაც მხოლოდ მოურინიოს მისვლამ და ბედმა უშველა და ლიგა მოაგებინა.

- გამოდის, რომ “ჩელსის” ხელმძღვანელობა შეცდა, როცა მოურინიო გაუშვა.
- არა, ეს მე არ მითქვამს. ლონდონში ჩემპიონატი და ლიგის თასი მოვიგეთ, ლიგაში კი ნახევარფინალში “ლივერპულთან” პენალტებით დავთმეთ. ამ ყველაფერს ძალების მაქსიმალური მობილიზებით მივაღწიეთ, თუ გახსოვთ, იმდენი ტრავმირებული გვყავდა, რომ დაცვის ცენტრში მიკაელ ესიენი და პაულუ ფერეირა თამაშობდნენ. აღმოჩნდა, რომ აბრამოვიჩს ეს არგუმენტი საფუძვლიანად არ მიაჩნდა. გადაწყვეტილება შეიძლება გამართლებულიც იყო, რადგან მომდევნო სეზონში “ჩელსიმ” უკვე ფინალში ითამაშა და რომ არა ჯონ ტერის უბედობა პენალტის დარტყმის დროს, მოიგებდა კიდევაც მას.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მოურინიოსთან ამჟამად?
- კარგა ხანია მასთან არ მილაპარაკია. “აკადემიკაში” მუშაობის პერიოდში ხშირად ველაპარაკებოდი, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.

- იმიტომ ხომ არა, რომ სახელოვან პორტუგალიელს ახალგაზრდა კონკურენტის გამოჩენა არ ესიამოვნა?
- ვერასოდეს ვიქნები იმ სპეციალისტის კონკურენტი, ვისაც შეუძლია ყველა დროის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდეს. რატომღაც ხალხი ჩვენ ხშირად გვადარებს ერთმანეთს და მირჩევს, რომ მას მივბაძო. თუმცა საქმე მთლად ასე არ არის. მე ჩვეულებრივი მწვრთნელი ვარ, ვინც წარმატებას ტოპკლასის ფეხბურთელების წყალობით აღწევს და დიდი ალბათობით ოდესმე ამ სერიას აუცილებლად შევწყვეტ. ვიმეორებ, ნამდვილად არ ვარ ჟოზესავით არაჩვეულებრივი.

- თქვენი გზები რატომ გაიყო?
- ჩემთვის ეს რთული და ამავდროულად ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. მივხვდი, რომ ცოტა უფრო მეტი შემეძლო, ვიდრე მწვრთნელის ასისტენტობა. დამოუკიდებლად მუშაობის სურვილი გამიჩნდა. გადაწყვეტილების მიღება მიმძიმდა იმიტომაც, რომ მოუსთან მსოფლიოში საუკეთესო კამპანიაში ვიყავი. შეიძლება მეტი პროგრესის რეალური შანსი რომ დამენახა, სულ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ მივხვდი, რომ მას ჩემგან მეტი უკვე აღარაფერი სჭირდებოდა. ამიტომაც წავედი.

- რატომ წახვედით მაინცდამაინც “პორტუში”?
- იმიტომ, რომ კლუბმა მიმიწვია და არა იმიტომ, რომ იქ ოდესღაც მოურინიო მუშაობდა. არც მისი რეკომენდაცია იყო შუაში.

- ამჟამინდელ “პორტუზე” რას იტყვით?
- ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. სეზონის ბოლოს ისევ დაჯდებიან ვიღაცები, ტიტულებს დამითვლიან, რაღაც ციფრებს არგუმენტად მოიყვანენ და ისევ და ისევ მოუს შემადარებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპრებია. მე უბრალოდ წარმატებული მწვრთნელი ვარ.

- პოპულარობაზე რას იტყვით, რომელიც ასე უცბად გეწვიათ?
- ყველა, ვინც ფეხბურთში ასე თუ ისე წარმატებულია, პოპულარობისგან დასხივებას იღებს. არც მე ვარ ადამიანი ვინც ამას მშვიდად ხვდება. ნამდვილად ვერ ვიტან ტყუილს და ძალიან აღვშფოთდი, როცა დაიწერა, რომ “რომას” ახალ მესაკუთრეებთან მომავალი თანამშრომლობის დეტალები განვიხილე და თურმე მათთვის ბოლოს უარი მითქვამს მხოლოდ იმიტომ, რომ ჟოზე მოურინიომ არ მირჩია იტალიაში წასვლა. ვღიზიანდები, როცა ჩემ გარსემო აგორებული სპეკულაციებით ვიღაცა ფულს შოულობს.

- რა იქნება რამდენიმე ვთქვათ 10 წლის შემდეგ?
- 45 წლისა შეიძლება საერთოდ აღარ ვიყო მწვრთნელი და საგაზეთო სვეტების წერით ვერთობოდე. ერთადერთი მიზანი მაქვს, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ წლების მერე საამაყო მქონდეს. მთელი დარჩენილი ცხოვრება მწვრთნელობას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ამხელა ფიზიკურ, მორალურ და ემოციურ დატვირთვას ვერ გავუძლებ. ყოველი თამაში წარმოუდგენლად დიდ ენერგიას და დროს მართმევს, დროს რომელსაც სიამოვნებით გავატარებდი ჩემს ოჯახთან ერთად. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა შეიძლება 10-12 წელი გაგრძელდეს, მაქსიმუმ 15. ამ დროში კვალის დატოვება უნდა მოვასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული