ახალგაზრდები და ნიჭიერები

AutoSharing Option

მექსიკელი ჯოვანი დოს სანტოსი ჯერ 21 წლისაა, თუმცა მისი სახელი საფეხბურთო სამყაროს უკვე 4 წელია პირზე აკერია. ის ჯერ კიდევ არ იყო სრულწლოვანი, როცა “ბარსელონას” შემადგენლობაში გამოჩნდა და გულშემატკივარი მოხიბლა. ჯოვანის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც ამას მისი ფანები ისურვებდნენ, რადგან ინგლისში გადასვლამ აშკრად უკან დახია. მექსიკელი სანტანდერის “რასინგში” ბოლო ხანს მშვენივრად გამოიყურება და ფიფას ოფიცილური საიტის ჟურნალისტმა ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა მასთან გასაუბრება.

- ჯოვანი, როგორ გრძნობთ თავს ამჟამად?
- უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, როგორ მიდის ამ ქალაქში ჩემი საქმეები.
ვფიქრობ, ესპანეთში დაბრუნებამ ჩემს პროგრესში უმთავრესი როლი ითამაშა. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთის თამაში ვისწავლე. აქ ნამდვილად მეძლევა საშუალება, ვაჩვენო ყველაფერი, რისი თავიც მაქვს. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მოტივაცია, რამაც “რასინგში” გადასვლა გადამაწყვეტინა. ახლა მთავარია, პრიმერაში ადგილის შენარჩუნება მალევე გავინაღდოთ.

- “ტოტენჰემში” გატარებული პერიოდის შემდეგ თავს ნამდვილად თავისუფლად უნდა გრძნობდეთ.
- ლონდონში ორი საკმაოდ მძიმე წელიწადი გავატარე, რადგან მხოლოდ ეპიზოდურად მიწევდა თამაში. მათ ჩემთვის უბრალოდ შანსიც კი არ მოუციათ. არადა, თავის დროზე ხუანდე რამოსმა მითხრა, რომ ძირითადის ფეხბურთელად მომიაზრებდა. მერე რედნაპი მოვიდა, ვის გეგმებშიც ვერაფრით ჩავჯექი. სეზონის წინ დიდი იმედები მქონდა, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ჩემპიონატის განმავლობაში ისევ განაცხადს მიღმა ვრჩებოდი.

- მენეჯერთან პირადი პრობლემები ხომ არ გქონიათ?
- ასე ვერ ვიტყოდი. ვარჯიშისას 100%-ით ვიხარჯებოდი იმისთვის, რომ კვირის ბოლოს მწვრთნელს ჩემთვის ცოტა მეტი დრო მოეცა, მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა. ახლა მთავარი ის არის, რომ სანტანდერში თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, საუკეთესო ფორმაში რაც შეიძლება მალე ჩავდგე. ეს ჩემი მიზანია და უაღესად კონცენტრირებული ვარ, რათა ამ მიზანს მივაღწიო.

- რთულ პერიოდს როგორ უმკლავდებოდით?
- ყოველთვის ყველაფერი ისე არ ვითარდება, რომ ადამიანს რომ სურს. ასეა ფეხბურთშიც. კარიერა კარგი და ცუდი ეტაპებისგან შედგება. მთავარია, რომ ძლიერი ნებისყოფა გამოიჩინო და არ მისცე უფლება წარუმატებლობას, ძირს დაგცეს. მეც ასე მოვიქეცი. ვუთხარი ჩემს თავს, რომ მხოლოდ სიმშვიდე მიშველიდა.

- ჯერ 21 წლის ხართ, მაგრამ მწვერვალებს უკვე რა ხანია ეპოტინებით. ბავშვობაში ელოდებოდით, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა?
- სიმართლე თუ გინდათ, არ ვიცი. ვიმეორებ, ამწუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ დავიბრუნო ჩემი საუკეთესო ფორმა.

- თქვენი უმცროსო ძმა ჯონათანიც “ბარსელონაშია” და ძირითად გუნდში მოსახვედრად იბრძვის. რჩევებით თუ ეხმარებით მას?
- როცა კი მას ველაპარაკები, სულ მუდამ იმას ვუმტკიცებ, რომ მომთმენი უნდა იყოს. ის ულაპარაკოდ მსოფლიოს უპირველეს კლუბში ირიცხება და ფაქტია, რომ მის გვერდით მხოლოდ უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მათთან ვარჯიშიც კი დიდი პატივია. ჯონათანმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და თავის შანსს დაელოდოს.

- ცოტა რამ მექსიკის ნაკრებზეც გვითხარით. როგორ მოგწონთ მისი ახალი ეპოქა?
- ბედნიერი ვარ. ხოსე მანუელ დე ლა ტორემ დამარწმუნა, რომ ჩემი სჯერა. ვფიქრობ, ჩვენი ახალი გუნდი იმდენად ნიჭიერია, რომ შეუძლია ისტორიაში შესვლა. განსხვავებაც ეს არის ძველ ნაკრებთან, რომ ჩვენ ახალგაზრდები, მაგრამ გამოცდილები ვართ.

- დე ლა ტორეს დანიშვნამდე გუნდმა დიდი რყევები განიცადა. მზად არიან თუ არა მექსიკელი ფეხბურთელები, რომ ეს ყველაფერი დაივიწყონ?
- ვფიქრობ, ახალ მწვრთნელთან მუშაობა ჩვენმა ნაკრებმა სუფთა ფურცლიდან დაიწყო. გუნდში მკვიდრდება ახალი სისტემა და ყალიბდება ახალი ატმოსფერო. აღარ არის იმის დრო, რომ ცუდ რამეებზე ვიფიქროთ. ვფიქრობ, რასაც აქამდე ჩვენზე ცუდს ლაპარაკობდნენ ისიც ცოტა გადაჭარბებული იყო.

- მექსიკის ნაკრები კონკაკაფის ოქროს თასზე ითამაშებს და კოპა ამერიკაზეც. რომელ ტურნირში გირჩევნიათ ძალების გამოცდა?
- თუკი შესაძლებელი იქნება, ორივეში სიამოვნებით ვიასპარეზებდი. თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. რასაც ის მეტყვის, ულაპარაკოდ გავაკეთებ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ერთი ოქროს თასი უკვე მოგებული მაქვს ნაკრებში, კოპაზე კი არასოდეს ვყოფილვარ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული