შეიძლება ითქვას, რომ “ტვენტეს” მთავარი მწვრთნელი აღარ ჰყავს. მიშელ პრუიდომი უახლოეს დღეებში სამუშაოდ საუდის არაბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ “ალ შაბაბს” მიაშურებს. როგორც “დე ტელეგრააფი” გვამცნობს, ბელგიელი სპეციალისტის აგენტი არაბებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის ამბავია. “ალ შაბაბი” მწვრთნელს 2-წლიან კონტრაქტსა და წელიწადში 2 მილიონ ევროს სთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ პრუიდომს “ტვენტესთან” ხელშეკრულება 2013 წლამდე აკავშირებს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდად ჰოლანდიელები 1,2 მილიონ ევროს ითხოვენ. ზუსტად იმ თანხას, რაც ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ “ტვენტემ” პრუიდომის ხელმძღვანელობით ჰოლანდიის თასისა და
სუპერთასის მოგება შეძლო, დაიმსახურა ერედივიზიეს ვერცხლის მედლები და გავიდა ევროპის ლიგის 1/4-ფინალში, სადაც “ვილიარეალთან” დამარცხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ტვენტეს” რაღაცნაირად “ტრადიციად დასჩემდა” წარმატებული მწვრთნელების დაკარგვა. 2008 წელს ენსხედელთა გუნდი ფრედ რუტენმა “შალკეზე” გაცვალა, 2010-ში სტივ მაკლარენმა – “ვოლფსბურგზე”, ახლა კი მათ გზას პრუიდომიც დაადგა. პირველმა ორმა ახალ კლუბებში ვერაფერს მიაღწია, რას იზამს ბელგიელი, ამას მომავალი გვიჩვენებს.
აქვე გეტყვით, რომ მეორე ჰოლანდიური კლუბი “ვიტესი”, ვისი პრეზიდენტიც ქართველი ბიზნესმენი მერაბ ჟორდანიაა და სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია და გიორგი ჭანტურია თამაშობს, ახლოსაა კვალიფიციური თავკაცის დანიშვნასთან. goal.com-ის ინფორმაციით, არნემული კლუბი უახლოეს დღეებში წარადგენს ინგლისელ სტივ მაკლარენს. ბოლო სეზონში ამ პოსტზე ესპანელი ალბერტ ფერერი მუშაობდა, თუმცა ძალზე წარუმატებლად, რადგან “ვიტესმა” ბოლო წლებში მისთვის უჩვეულო მე-15 ადგილი დაიკავა.