Moneyპულაციები: თურქეთიც აფეთქდა!

AutoSharing Option
ჩაწყობილი თამაშების სკანდალმა თითქმის მთელი ევროპა მოიარა და ამას წინათ ჩვენთანაც კი იფეთქა. მანიპულირებულ თამაშებს ლამის მთელი მსოფლიო იძიებს და ნამდვილად არ გაგვიკვირდა ის, რომ ნაღმი თურქეთშიც გასკდა.

ჩვენი მეზობელი ქვეყანა მანიპულაციების სკანდალმა ამ უქმეებზე შეძრა. თურქეთის პოლიციამ გუშინ არაერთი ფუნქციონერი და ფეხბურთელი დააკავა.

ეჭვმიტანილთა შორის, სხვებთან ერთად, თურქეთის მოქმედი ჩემპიონის, „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი აზიზ ილდირიმიცაა. დაკავებულია „ფენერის“ ვიცე-პრეზიდენტი შექიფ მოსტუროღლუ და ფეხბურთელები, ემანუელ ემენიკე და სეზერ იოზთურქი. თუმცა სკანდალში მარტო „ფენერბაჰჩე“ როდია გახვეული...

თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფი აღმოაჩინა და კვირას დაჯგუფების რამდენიმე წევრი დააკავა. გუშინ საღამოს 40 ეჭმიტანილი იყო დაკავებული და როგორც ჩვენი თურქი კოლეგები იტყობინებიან, ამ დღეს და ხვალ დაჭერილთა რიცხვი აუცილებლად გაიზრდება. გაირკვა ისიც, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორგანიზებული მანიპულაციებია ცნობილი, კონკრეტული მატჩები კი არ სახელდება.

მარტო ფენერი არა, სივასი და ესქიშეჰირიც
დაკავებულთაგან ყველაზე ცნობილი პიროვნებები „ფენერის“ პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი და ვიცე-პრეზიდენტი შექიფ მოსტუროღლუ, ასევე ფეხბურთელები ემანუელ ემენიკე და სეზერ იოზთურქი არიან. „ფენერბაჰჩეს“ გარდა, სკანდალში გახვეულია „ესქიშეჰირსპორიც“ - დააკავეს კლუბის სპორტული დირექტორი, თურქეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი უმით ქარანი და მთავარი მწვრთნელი ბიულენთ უიგუნიც. სკანდალი „სივასსპორსაც“ გადასწვდა, სადაც პრეზიდენტი მეჩნუნ ოთიაქმაზი, მეკარე კორჩან ჩელიქაი და ექს-ფეხბურთელი მეჰმეთ ილდიზი დაიჭირეს. დაკავებულები არიან ასევე თურქეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე სერქან ჩალიკი (გენჩლერბირლიგი), „ანკარაგიუჯუს“ ფეხბურთელი სერდარ კულბილგე და ცნობილი თურქი ფეხბურთელის, ემრე ბელოზოღლუს ბიძაშვილი, რომელსაც მუდმივად ურთიერთობა ჰქონდა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.

დანარჩენი დაკავებულები უმეტესად მეორე ლიგის კლუბებიდან არიან. გარდა ამისა, პოლიციამ რამდენიმე ფეხბურთელისა და ფუნქციონერის სახლები გაჩხრიკა. თურქული პრესის ცნობით, გაიჩხრიკა „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელებისა და მოთამაშეების სახლებიც. „ფენერბაჰჩემ“ საღამოს გაავრცელა ოფიციალური პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ კლუბი დამნაშავეების სწრაფად გამოვლენას და მათ დასჯას ითხოვს – „ფენერი“ სამართალდამცავ სტრუქტურებს სრულ ნდობას უცხადებს.

სამაგიეროდ, დაკავებისას კრიტიკული განცხადება გააკეთა „ფენერის“ პრეზიდენტმა აზიზ ილდირიმმა: „ეს ყველაფერი სისულელეა, ჩვენ არაფერი არ დაგვიშავებია. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მილიტარისტულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პოლიცია იმასაც კი არ ამბობს, თუ რომელ მატჩებზეა საუბარი.“

შეგახსენებთ, რომ „ფენერბაჰჩე“ თურქეთის ჩემპიონი ბოლო ტურში, „სივასის“ დამარცხების (4:3) შემდეგ გახდა. დიდი შანსია, რომ ერთ-ერთი მანიპულირებული მატჩი სწორედ ეს იყოს. „ფენერს“ ეს შეხვედრა რომ ვერ მოეგო, ჩემპიონი „ტრაბზონი“ ხდებოდა. ჩვენი თურქი კოლეგების ცნობით, გამორიცხული არაა, რომ „ფენერს“ ჩემპიონობა ჩამოართვან და „ტრაბზონს“ გადასცენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული