- ეს სეზონის “შახტარის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თქვენთვისაც ასეა?
- ძნელია იმის თქმა, საუკეთესოა თუ არა. ტიტულებს ადრეც ვიგებდით, მაგრამ წელს პირველად მოვხვდით ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, მოვიგეთ ქვეყნის ჩემპიონატიც და თასიც. საერთო ჯამში, ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ, შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იყო.
- გასულ სეზონში
- მთელი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელებს ჰქონდათ აღმაფრენისა და დაცემის მონაკვეთები. შეუძლებელია ვინმეს გამორჩევა და იმის თქმა, რომ ყველაზე სტაბილური იყო.
ძალიან კარგად დაიწყო მხითარიანმა, მაგრამ ჩემპიონატის მიწურულს მოუკლო. ანალოგიურის თქმა შეიძლება დუგლას კოსტაზეც - შემოდგომაზე კარგი იყო, გაზაფხულზე კი... მხოლოდ გამოცდილი ფეხბურთელების გამოყოფა შეიძლება, ყველაზე სტაბილურები სრნა, რაცი და ჰიუბშმანი იყვნენ. კარგად ითამაშა რაკიცკიმაც. მაღალ დონეზე იასპარეზეს ბრაზილიელებმაც.
- ჩიგრინსკისთვის ეს სეზონი ერთმნიშვნელოვნად წარუმატებელი იყო?
- სამწუხაროდ მას “ბარსელონაში” საქმეები არ აეწყო. იქ ის ძალიან ცოტას თამაშობდა და “დონბას არენაზე” სათამაშო პრაქტიკის გარეშე დაბრუნდა. ჩვენთან ვარჯიში სექტემბერში დაიწყო, შესაბამისად მოსამზადებელი ეტაპი სხვებთან ერთად გაიარა და ფორმაში ჩემს ფეხბურთელებზე გვიან შევიდა.
მისი თამაშით კმაყოფილი ვიყავი იქამდე, ვიდრე ტრავმას მიიღებდა. ჩვენთვის მისი ტრავმა სერიოზული დანაკარგი იყო, განსაკუთრებით “ბარსელონასთან” მატჩის წინ. ვფიქრობ, ის რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო, “ბარსელონასთან” შედეგი სხვანაირი იქნებოდა. მისმა ტრავმამ პრობლემები შეუქმნა მასაც და მთლიანად გუნდსაც. ჩიგრინსკის დაბრუნებას მოუთმენლად ველით, დმიტრო ჩემი გუნდის თამაშში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
- ის გუნდთან ერთად არ გამოჩენილა არც დაჯილდოებაზე და არც კლუბის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავ ზეიმზე. არ გეშინიათ, რომ ის ფსიქოლოგიურად გატყდება?
- მას სურს, რომ გულშემატკივრებმა ის მიიღონ, როგორც მოქმედი ფეხბურთელი და არა ფეხბურთელი კასტილებით. დმიტრო გასახდელში მუდმივად ჩვენთან ერთად იყო ყოველი მატჩის შემდეგ, ასე იყო დაჯილდოების წინაც. მე მესმის მისი. თუ ღმერთმა ქნა და მომდევნო სეზონი შარშანდელზე არანაკლები გამოდგა, ჩიგრინსკის შეეძლება ჩვენთვის წამყვან როლი ითამაშოს.
- ფერნანდინიომ ფორმა ბოლომდე აღიდგინა?
- არა, ის ძველი ფერნანდინიოს მხოლოდ 60%-ია. ტრავმამდე ისიც კარგად გამოიყურებოდა, ტყუილად ხომ არ მიუწვევიათ ის ნაკრების შემადგენლობაში? მისი დაბრუნება იმაზე მეტად გაიწელა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. ჩვენი მხრივ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის მინდორზე მალე დაბრუნებულიყო. ფერნანდინიო ნერვიულობდა უთამაშებლობის გამო და ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ბოლომდე გამოჯანმრთელდებოდა, ძირითადში ვაყენებდი. თავად მსურდა, რომ მას ფსიქოლოგიურად გვერდით ასე დავდგომოდი.
- გეგმავთ თუ არა ვინმეს შეძენას?
- ვნახოთ, შეიძლება ვინმე მართლა გამოჩნდეს. შეიძლება ვინმემ ჩვენი დატოვებაც მოინდომოს. “შახტარში” ძალით არავის გავაჩერებ. მე მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მჭირდება, რომლებიც გუნდს მთელი სულითა და გულით უგულშემატკივრობენ.
- რომელმა საფეხბურთო ეპიზოდმა აღგაფრთოვანათ ყველაზე მეტად და რომელმა აღგაშფოთათ?
- ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი, რა თქმა უნდა ფერნანდინიოს ტრავმა იყო. ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე წამყვანი თავდამსხმელის გარეშე დავრჩით. შემდეგი უსიამოვნო ეპიზოდი იყო ადრიანოს ტრავმა “ვოლინთან” მატჩში. ჩიგრინსკის დამტვრევაც მძიმე გადასატანი იყო. ყველაზე მეტად სწორედ იმან დამშოკა, რაც ხდებოდა ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რაც უნდა მოხდეს, მთავარი ყოველთვის ფეხბურთელების ჯანმრთელობა დარჩება.
- დადებითზე რას გვეტყვით?
- დადებითიც ბევრი იყო. ყოველი წარმატება გუნდს უკეთეს განწყობაზე აყენებდა. კლუბის 75 წლის იუბილესა და ჩემპიონობის აღნიშვნა კარგი გასახსენებელია. პირადად მშვენივრად მახსენდება, რომ “დონბას არენასთან” სახელობითი ვარსკვლავი გამიხსნეს. მომანიჭეს ორდენი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გადმომცა. მთავარია, რომ “შახტარის” პრეზიდენტთან ძველებურად თბილი ურთიერთობა მაკავშირებს.
- მისტერ ლუჩესკუ, მოდით, ისევ თქვენს სახელობით ვარსკვლავზე ვილაპარაკოთ. თქვენ რამდენიმე კლუბში გიმუშავიათ და სადმე რამე მსგავსი რამ თუ გაუკეთებიათ თქვენთვის?
- არა, რადგან ასე ხანგრძლივად არსად მიმუშავია. ჩემ მიმართ ყველგან პატივისცემით იყვნენ განმსჭვალულნი, მაგრამ სხვაგან სხვა სიტუაცია იყო. მაგალითად თურქეთში კლუბების პრეზიდენტები ფიქრობენ, რომ ისტორია მათით იწყება და წინამორბედების პატივისცემა საჭირო არ არის.
- 7 წლის წინ, როცა “შახტარში” სამუშაოდ მოდიოდით, კლუბის ისტორია დაწვრილებით შეისწავლეთ?
- რა თქმა უნდა, ამით ყოველი მწვრთნელი უნდა დაინტერესდეს, რადგან აქ პატივს სცემენ ყველას, ვინც კი კლუბის ისტორიასთან თუნდაც რაიმეთია დაკავშირებული. აქ ისტორია ყოველდღიურად იწერება და ეს მუდამ იგრძნობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"