"ფენერბაჰჩე" და "ტრაბზონი" ლიგაში

AutoSharing Option
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ “ფენერბაჰჩესა” და “ტრაბზონსპორს” ამ ეტაპზე კონკრეტულ სანქციებს არ დაუწესებს. ასე რომ, ეს ორი კლუბი ამ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაში წარადგენს. სტამბოლური გუნდი, როგორც ჩემპიონი, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, “ტრაბზონი” კი ამ უფლებას ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ მოპოვებს.

მოგეხსენებათ, ორივე ეს კლუბი დიდ საფეხბურთო სკანდალებში აღმოჩნდა ჩართული, მათი პრეზიდენტები აზიზ ილდირიმი და სადრი შენერი ჩაწყობილი მატჩების სკანდალის გამო დააკავეს.

ფედერაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყეტილება მიიღო: ქვეყნის ფეხბურთის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით სანქციას არ დააწესებს იმ ფეხბურთელთა მიმართ, რომელთა
წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის მათ წინააღმდეგ სასამართლოს განაჩენს დაელოდება და თავის განაჩენს მხოლოდ ამის მერე გამოაცხადებს. ასევე გადაწყდა, რომ ქვეყნის ჩემპიონატი ადრე დათქმულის მსგავსად 5 აგვისტოს დაიწყება.

გუშინ საღამოს კი თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით “ახალი პარტია” ეჭვმიტანილები დააკავეს. ესენი არიან: “ბურსასპორის” პრეზიდენტის თანაშემწე ლევეთ კიზილი, ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი უფუქ ოზერთენი, “ბეშიქთაშის” პრეზიდენტის პირველი თანაშემწე სერდარ ადალი და ამავე კლუბის ყოფილი გენერალური მენეჯერი სინან ენგინი, “სივასპორის” მთავარი მწვრთნელი რიზა ჩემბაი.

შეგახსენებთ, რომ თურქი სამართალდამცავების ყურადღების ქვეშ გასული სეზონის 19 მატჩი მოხვდა. გამოძიება სულ ახალ და ახალ მტკიცებულებებს პოულობს და დაკავებულთა საერთო რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული