ეტოო ევროპას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
მახაჩყალის “ანჟის” კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ პერმის “ამკართან” შეხვედრის შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ პოდმოსკოვიეში, კრატოვოში კლუბის საწვრთნელ ბაზაზე წასულიყო და დაესვენა, დაადო თავი და პარიზში გაფრინდა, რათა “კანალ პლუსისთვის” ინტერვიუ პირდაპირ ეთერში მიეცა, სადაც არ გამორიცხა, რომ ზამთარში, როცა რუსეთის ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზა დადგება (თითქმის ორთვიანი), იჯარის წესით სათამაშოდ ევროპას დაუბრუნდეს.

ყველაზე მეტად მას თურმე “პარი სენ-ჟერმენში” ძალების მოსინჯვა სურს. “თუკი ასეთი წინადადება იქნება, აუცილებლად დავფიქრდები. ლეონარდოსთან კონტაქტი ხშირად მაქვს, თუმცა ჩემი შესაძლო იჯარის საკითხს ჯერ ერთხელაც არ შევხებივართ,” -
თქვა აფრიკელმა ვარსკვლავმა.

ფეხბურთელის აზრით, თუკი კლუბმა მას ნება მისცა, ამითი ყველა მოიგებს. “ანჟიში” ჯერჯერობით ამაზე კომენტარს არავინ აკეთებს. ტრავმის მიღების რისკი ბუნებრივია ყველგან არსებობს და აქედან გამომდინარე, დათანხმდება თუ არა ჩრდილოკავკასიური კლუბი ამ იდეას, ძნელი სათქმელია. თეორიულად ამ საკითხის გადაწყვეტა რთული არ უნდა იყოს, რადგან კამერუნის ნაკრები აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა (რასაც ხავიერ კლემენტეს თანამდებობაც შეეწირა), რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მთელი არდადეგების განმავლობაში სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩება.

ეტოოს მხრიდან ეს უკვე მეორე მცდელობაა, რათა რუსეთის ჩემპიონატის პაუზისას სადმე თავშესაფარი მონახოს. “ანჟიში” გადასვლიდან ძალიან მალე სწორედ ის ალაპარაკდა, “ინტერში” იჯარით სიამოვნებით დავბრუნდებოდიო.

როგორც ცნობილია, სამუელის გადაბირებას პსჟ ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ კამერუნელს “ანჟიზე” უფრო სარფიანი წინადადება ვერ შესთავაზა და ეს გასაკვირი სულაც არ არის. მოგეხსენებათ, ამჟამინდელი კლუბი ეტოოს წელიწადში 20 მილიონ ევროს უხდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული