უკრაინული საბოტაჟი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა სენსაციური განცხადება გააკეთა – ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჩემს მშობლიურ ხარკოვში ფეხბურთს მიზანმიმართულად ანადგურებს და პროტესტის ნიშნად, ფედერაციასთან ყველა კავშირს ვწყვეტო.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინათ, უკრაინის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა 2008 წელს გამართული მატჩის შედეგი "ფიქსირებულად", ანუ ჩაწყობილად გამოაცხადა და მის მონაწილეებს 9-9 ქულა ჩამოაკლო, თანაც 25-25 ათასი ევროს გადახდაც დაავალა.

ეს კლუბები ხარკოვის "მეტალისტი" და ლვოვის "კარპატი" არიან. ხარკოველებმა დიდი ხმაური ატეხეს, აქაოდა იმხანად "კარპატიზე" ბევ
რად ძლიერები ვიყავით და 4:0 რა გასაკვირი უნდა იყოსო. მაგრამ ამ საქმეში ერთი ნივთმტკიცებულება არსებობს, რომლის გაბათილება მეტად რთული იქნება - ვიდეოჩანაწერი კლუბის მაღალჩინოსნის და ფეხბურთელის საუბრისა, საუბარი კი, როგორც მიხვდით, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ფულის გადაცემას ეხებოდა...

იკითხავთ, და რა შუაშია აქ მირონ მარკევიჩი? რა შუაშია და ეს კაცი, ვიდრე ნაკრების თავკაცად დაინიშნებოდა, მრავალი წლის განმავლობაში სწორედაც რომ "მეტალისტის" მთავარი მწვრთნელი იყო, ახლაც ეს თანამდებობა უკავია და გუნდს იმ ავბედით მატჩშიც ხელმძღვანელობდა. ჰოდა, თავმოყვარე კაცმა ყოველივე პირად შეურაცხყოფად მიიღო და თანამდებობა დატოვა. აი, მარკევიჩის ოფიციალური განცხადების სრული ვარიანტიც:

"იძულებული ვარ, უკრაინული ფეხბურთის გულშემატკივრებს ვაცნობო, რომ დღეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ფ. კ. "მეტალისტის" მიმართ საკონტროლო-სადისციპლინო კომისიის ამასწინანდელი გადაწყვეტილებით სრული დისკრედიტაცია განიცადა, რის გათვალისწინებითაც აღარ მაქვს მორალური უფლება ვიმუშაო ორგანიზაციაში, რომელიც ხარკოვულ ფეხბურთს მიზანმიმართულად ანადგურებს.

ფ. კ. "მეტალისტის" მწრთნელი ვიყავი და მის მწვრთნელადვე დავრჩები. მშობლიურ გუნდს ვერ ვუღალატებ.

უკრაინელი გულშემატკივრის წინაშე ჩემი ნამუსი სუფთაა. იმ თვეების განმავლობაში, რაც ნაკრებს ვთავკაცობდი, გუნდს არცერთი მატჩი არ წაუგია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფედერაცია აშკარად და გააზრებულად იგნორირებს ქვეყნის მთავარი გუნდის ინტერესებს ადექვატური სათამაშო გრაფიკის შედგენის, სელექციის, დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის საკითხებში.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი მემკვიდრე ღირსეული სპეციალისტი იქნება, რომელიც ესტაფეტას მიიღებს და იმ ამოცანებს შეასრულებს, რომელიც უკრაინის ნაკრების წინაშე ევრო-2012-ზე დგას".

ვერაფერს იტყვი, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა 59 წლის მარკევიჩმა. მხოლოდ ერთ დაზუსტებას გავაკეთებთ: ეს კაცი არაა ძირძველი ხარკოველი, მირონ მარკევიჩი ზემოთ ნახსენები ლვოვის გარეუბან ვინიკიში არის დაბადებულ-გაზრდილი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული