ჩეჩნური კვალი შუა ევროპაში

AutoSharing Option
მიმდინარე წლის მაისში შვეიცარიულ ფეხბურთში ისეთი მოვლენა მოხდა, რამაც ერთ-ერთი კლუბი ლამის თავდაყირა დააყენა. უმაღლესი ლიგის “ქსამაქსი” გაიყიდა - კლუბში ინვესტიციების ჩადება ჩეჩენმა ბიზნესმენმა ბულატ ჩაგაევმა იკისრა.

გაყიდვით კი გაიყიდა, მაგრამ ცოტა ხანში გაირკვა, რომ ის აქეთ რამეს თუ გამორჩებოდა კლუბს, თორემ ფულის ჩადებას ნამდვილად არ აპირებდა. შვეიცარიელი სამართალდამცავები დიდხანს ვერ მიხვდნენ, რომ საქმე არაჩვეულებრივ თაღლითთან ჰქონდათ.

ბოლოს და ბოლოს, საქმეს ნათელი მოეფინა და პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა - “ქსამაქსისა” და ჟენევის იმ ოფისებში, რომელიც ჩაგაევს ეკუთვნოდა, ასევე ბიზნესმენის
კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ამ დღეებში ჩხრეკა ჩატარდა.

ჟენევის კანტონის მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ: “უახლოეს პერიოდში ბატონ ჩაგაევს აუცილებლად მოუწევს გამოძიების შეკითხვებზე პასუხის გაცემა”.

გამოძიება მას თაღლითობას (ყალბი საბანკო გარანტიების წარდგენის გამო), კომერციული ორგანიზაციის განგებ არასწორ მართვასა და ფულის გათეთრებას ედავება. “ჩაგაევის წინააღმდეგ აღძრული საქმე სისხლის სამართლის სპეციალისტების განსჯადი საქმეა. ჩვენი მხრივ გამოძიებას თავადაც შევუდგებით,” - განაცხადა შვეიცარიის პროფესიული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენელმა როჯერ მიულერმა. მისი თქმით, მეპატრონის წყალობით “ქსამაქსს” ფეხბურთელებისთვის აგვისტოსა და სექტემბრის სახელფასო დავალიანებაც კი არ გაუსტუმრებია.

ამავე პერიოდში კლუბს არ გადაუხდია სოციალური სალაროსთვის კუთვნილი თანხები, რის გამოც კლუბის ფინანსური დოკუმეტაციით უკვე საგადასადო ორგანოები დაინტერესდნენ. ლიგა “ქსამაქსს” დავალიანების გაუსტუმრებლობის შემთხვევაში ქულების დაკლებით ემუქრება, ეს მაშინ, როცა ამჟამად მისი ფინანსური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მიაღწევს თუ არა იანვრის არდადეგებამდე, ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია.

“თუკი ბულატ ჩაგაევს არ შეუძლია კლუბის ფინანსურად უზრუნველყოფა, ის უნდა წავიდეს,” - განუცხადა ჟენევურ გამოცემა “ლე მატინს” სიონის პრეზიდენტმა კრისტიან კონსტანტენმა. - რაც შეეხება სილვიო ბერნასკონის, ჯობია, რომ მან ტყეში მალვას თავი დაანებოს და ასპარეზზე გამოვიდეს. მან გემის საჭე ისეთ ადამიანს მიანდო, რომელმაც მართვა არ იცოდა, რისთვისაც მან პასუხი უნდა აგოს”.

შეგახსენებთ, რომ ჩაგაევმა “ქსამაქსი” 2011 წლის მაისში შეიძინა და მას შემდეგ ამ კლუბთან დაკავშირებით ხმაური არ შეწყვეტილა. კლუბმა გაათავისუფლა პრაქტიკულად ყველა ძველი თანამშრომელი. იმის დასადასტურებლად, რომ ორგანიზაციაში აბსოლუტური ქაოსი სუფევდა, ისიც კმარა, რომ მესაკუთრე როგორც ხელთათმანებს მწვრთნელებს ისე ცვლიდა - მაისის შემდეგ “ქსამაქსს” უკვე მეექვსე სპეციალისტი უდგას სათავეში. გუნდის პრეზიდენტად დაინიშნა მავანი ისლამ სატუევი, ადამიანი, რომელსაც შვეიცარიის მთავრობამ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

"ლე მონდმა” ჩაგაევსა და სატუევზე საინტერესო სტატია დაწერა - ისინი ის ჩეჩნები არიან, რომელთაც შვეიცარია ლამის ცეცხლის ალში გახვიესო. გთავაზობთ ამონარიდებს ამ მასალიდან:

“ახალი პრეზიდენტი, რომელიც სხვების მიმართ უხეში მიმართვით გამოირჩევა, ცდილობს მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. ისევე როგორც ეს რუსეთიდან ემიგრირებულ ადამიანებს სჩვევიათ, იშოვა რა ძალიან დიდი ფული დროის მოკლე მონაკვეთში, ცდილობს ისევე გამოიყურებოდეს, როგორც უბრალო ადამიანი - გადაღეღილი პერანგი, ჯინსი, პირში სიგარეტი და სუნამო. მის სიმდიდრეს ხაზს მხოლოდ ის უსვამს, რომ მაჯაზე ადგილობრივი წარმოების დიდი საათი უკეთია, რომელიც გვაგონებს რუბრიკას “რაც უფრო დიდია, მით უკეთესი”.

ყოველივე ამის წყალობით კლუბმა უამრავი სპონსორი დაკარგა. განსაკუთრებით ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც უძრავი ქონებით ვაჭრობენ. ჩეჩნების გამოჩენამდე სისტემა უზრუნველყოფდა ჯანსაღ ეკონომიკურ ურთიერთობებს კლუბის მესაკუთრესა და სპონსორებს შორის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩაგაევის მოსვლის შემდეგ მის მიერ წარმოებული ყიდვა-გაყიდვის პოლიტიკა უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს.

ჩვენ შვეიცარიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტ ედმონ ისოზს მივმართეთ. აი, რა გვიპასუხა მან: “კლუბს ჯერ კიდევ სილვიო ბერნასკონი მართავდა, როცა ჩვენ მას 2011/12 წლების სეზონისთვის ლიცენზია მივეცით. სამი დღის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ მან “ქსამაქსი” ჩაგაევს მიყიდა, ვის ფინანსურ შესაძლებლობებზე არაფერი ვიცოდით. ასე რომ, თავს მოტყუებულად ვგრძნობდით”.

როგორ წარიმართება “ქსამაქსის” ბედი, ჩვენს მკითხველს აუცილებლად შევატყობინებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული