ჰამბურგის “იმტეხ არენაზე” (ამ სტადიონს სახელი უკვე მეოთხედ შეეცვალა, იქამდე რიგრიგობით “ფოლკსპარკშტადიონი”, “აოლ არენა” და “ნორდბანკ არენა” ერქვა) გერმანიის ნაკრების მიერ ჰოლანდიის განადგურებას ლამის მთელმა მსოფლიომ უყურა. ტრიბუნებზე რუუდ გულიტი და მარკო ვან ბასტენი ერთად ისხდნენ. ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის პოზიცია მატჩის შემდეგ იოლად გამოსაცნობი იქნებოდა, მაგრამ ჟურნალისტებმა მას მაინც მიმართეს და შემდეგი მოისმინეს:
“გერმანელებმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ ძალიან რომ მოენდომებინათ, მეტსაც შეძლებდნენ. ჰოლანდიამ უბრალოდ დეკლასირებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. თამაშის საორგანიზაციო მხარე აბსოლუტურად მოშლილი იყო. ეს კი განგაშის
ატეხის საფუძველია. მწვრთნელს ამაზე ფიქრი დიდხანს მოუწევს. დაცვაშიც წარმოუდგენლად სუსტად გამოვიყურებოდით. კარგია, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს. საერთოდ მომეჩვენა, რომ ვან მარვიიკის ამ ფორმაციის გუნდის საუკეთესო დრო უკვე წარსულში დარჩა. მადლობა გერმანელებს, რომელთაც გამოგვაფხიზლეს და დაფიქრების საშუალება მოგვცეს”.
თავისი მოსაზრება დააფიქსირა გულიტმაც: “ბოლო მატჩებში უკვე აშკარა იყო, რომ საქმე ცუდი მიმართულებით ვითარდებოდა. ამის მიუხედავად მაინც უნდა ვთქვა, რომ დღეს ნანახით შოკში ვარ. თამაშის ორგანიზაცია და დაცვაში თამაში ნულზე იყო. მესამე გოლის დროს ფეხბურთელებს ბევრად კომპაქტურად გარჯა მართებდათ”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"