ხალხი ვან გაალის წინააღმდეგ

AutoSharing Option
“აიაქსის” ფანკლუბის 30 ათასი წევრის გამოკითხვამ ლუის ვან გაალისთვის შოკისმომგვრელი რეალობა დააფიქსირა - გულშემატკივარს ის არ უყვარს.

ამსტერდამულ კლუბში მის ტექნიკურ დირექტორად დაბრუნებას გამოკითხულთა 67% ეწინააღმდეგება. არადა, მათ ვან გაალთან შეგუება თავიდან მოუწევთ, რადგან კლუბის დირექტორთა საბჭომ ლეგენდარულ მწვრთნელს ხელშეკრულება უკვე გაუფორმა, რომელიც 2012 წლის 1-ელ ივლისს შედის ძალაში. მოწინააღმდეგეთა მოტივაცია განსხვავებულია.

“მე შემიძლია წარმოვიდგინო ლუისი მწვრთნელად. მას ჩვენთან 90-იანებში ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა. მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორი მმართველი შეიძლება გამოვიდეს მისგან,” - აცხადებს ერთი.

“მისი მოსვლა იმიტომ არ მინდა,
რომ ეს ვინ იონკისა და დენის ბერგკამპის გუნდიდან გაშვებას გამოიწვევს, რაც ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს,” - ასე ფიქრობს მეორე. ახლა კი ვან გაალის მომხრეთა მოსაზრებაც მოვისმინოთ: “მშვენიერია, თუკი ლუი დირექტორად იმუშავებს. ის შეძლებს კლუბში იერარქიის დამყარებას, რაც ევროპაში წარმატების მეტ შანსს მოგვცემს. რატომაც არ შეიძლება, რომ მან, იონკმა, ბლინდმა და ბერგკამპმა ერთად იმუშაონ? მათგან დიდებული მმართველი გუნდი დადგებოდა”.

“აიაქსის” გულშემატკივრებს რატომღაც ძალიან ეშინიათ, რომ ვან გაალის გუნდში მოსვლა სწორედ ბერგკამპისა და იონკის დუეტს შეავიწროებს და ახალგაზრდა ფუნქციონერები გუნდში მუშაობას აღარ მოისურვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იოჰან კრუიფის ფავორიტებად მიიჩნევიან. ეს დუეტი “აიაქსში” ცოტა ხანია, რაც მუშაობს. მათ “აიაქსთან” ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებთ. იონკი და ბერგკამპი ძირითად აქცენტს ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობაზე აკეთებენ. დაუთმობს თუ არა ვან გაალი მათ მისთვის ეგრე რიგად საყვარელ სამუშაოს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული