ახალი წესები ფიფასთვის

AutoSharing Option
ფიფას რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ პითი ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების, კორუფციის დონის შემცირებისა და ზოგადად ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის ამ ორგანიზაციაში მასშტაბური ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.

მისი თქმით, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცაა. მან იქვე დაამატა, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს იდეებს, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში, ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდებაო. ჰერ პითი ბაზელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია. ის ფიფაში სწორედ ორგანიზაციის რეფორმირებაზე სამუშაოდ მიიწვიეს და არა მაღალჩინოსნებისადმი წაყენებული ბრალდებების გამოსაძიებლად. გუშინ მან ციურიხში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე 39-გვერდიანი დასკვნა წარადგინა. პროფესორმა განაცხადა, რომ თუკი
აღმასრულებელი კომიტეტი მის იდეებს არ გაიზიარებს, ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგება. უზარმაზარ ნაშრომზე ჩვენს მასალაში ამომწურავ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ შევეცდებით პითის ძირითადი იდეები გაგაცნოთ, რომლის ხორცშესხმასაც ის აპირებს:

1. ფიფას პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა შეიკვეცოს.
2. აღმასრულებელ კომიტეტში უნდა დასაქმდნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები, რომელთაც თავიანთი კურატორი ეყოლებათ.
3. რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის დასახელება მთელი პლანეტის ყურადღებას იპყრობს და ეს პროცესი დიდწილად პოლიტიზებულია, რაც ზრდის ხმის მიცემის უფლების მქონეთა მოსყიდვის შანსს, შემდგომში კი კონფლიქტების წყარო ხდება, არჩევნების წესი უნდა შეიცვალოს.
4. ნებისმიერი ტრანში, რომელსაც ფიფა თავის ასოციაციებს აძლევს, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.
5. ფიფას მიერ დაქირავებული ნებისმიერი ადამიანის ანაზღაურება, მათ მიერ გაწეული მომსახურების შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა მოისპოს კორუფციული გარიგების შანსი.
6. ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება ფიფას პროექტებთან დაკავშირებით, საფუძვლიანად უნდა გაკონტროლდეს, რათა თანხები ჩინოვნიკების ჯიბეებში არ დაილექოს.
7. აუცილებელია შემუშავდეს კონკრეტული წესები, რომელიც დაარეგულირებს ფიფას პოზიციას ნებისმიერი სახის საჩუქრის მიმართ, რომელსაც ფიფას ფუნქციონერები სამუშაო ვიზიტებისას იღებენ. ასევე დარეგულირდეს პოლიტიკური და საქველმოქმედო შენატანების მიღების წესი.
8. გაიხსნას ცხელი ხაზი, რომელიც მიიღებს შეტყობინებებს ორგანიზაციის სახელთან დაკავშირებული კორუფციული ამბების შესახებ.
9. ფიფამ ორგანიზაციის შიგნით უნდა შექმნას კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური სამსახური.
10. ფიფას მაღალჩინოსნებმა უნდა გაიარონ საგამოცდო შემოწმება, რამდენად არიან მზად მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული