თამაში, როგორც ვარჯიში

AutoSharing Option
ალ სადი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ადრიანო (25), 0:2 ადრიანო (43), 0:3 ს. კეიტა (64), 0:4 მაქსველი (81)

ალ სადი: მოჰამედ საკრი - ბელჰაჯი, ჩუნგ სუ, მაჯიდი, კონი, რიზიკი, კასოლა, ალ-ბლუში (ალ იაზიდი 65), მ. ნიანგი (აჰმედ ალი 77), ა. კ. კეიტა (ალ ჰაიდოსი 85), იბრაჰიმი

ბარსელონა: ვალდესი - ადრიანო, პუიოლი, აბიდალი (მაქსველი 66), ინიესტა, ალკანტარა, მასკერანო, ს. კეიტა, ვილია (ალექსის სანჩესი 39 - კუენკა 71), მესი, პედრო

თუკი ვინმე "ნისან არენაზე" მისული გულშემატკივრიდან დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მოლოდინი გაუცრუვდებოდა.

"ბარსამ" ჩვეულად ლაღად
იბურთავა და "სანტოსთან" დაპირისპირებამდე ყატარელებს კარგი ვარჯიშის მეტს ვერაფერს გამორჩა.

რას იზამს ბრაზილიური გრანდი ძნელი სათქმელია. ერთი რამის თქმა თავიდანვე შეიძლება, რომ ასეთი "ბლაუგრანას" დასამარცხებლად მას იმაზე მეტის გაკეთება მოუწევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ოპონენტთან. ნეიმარი და კომპანია თავიანთ თავებს უნდა გადაახტნენ. მეორე მხრივ საკითხი ასე დგას: გადაღლილია თუ არა "ბარსელონა" "ელ კლასიკოს" შემდეგ, თუ პირიქით, მადრიდულმა ტრიუმფმა გუნდს ახალი ძალები შთაბერა.

მატჩი მოსალოდნელი სცენარით დაიწყო. "ბარსელონამ" თამაშის ყველა სადავე ხელთ იგდო და მეტოქე ლამის პირველივე წუთებზე ნოკდაუნში გაუშვა. ყოველ წუთას ბურთი სულ უფრო და უფრო ახლოს ტრიალებდა "ალ სადის" კართან.

მე-15 წუთზე პუიოლმა სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მის დარტყმას მცველები აღუდგნენ წინ.

მე-18 წუთზე დაცვის დასახმარებლად უკან ჩასულმა იბრაჰიმმა ბურთი საჯარიმოდან ცუდად გამოიტანა. ის ერთ-ერთ ბარსელონელს მოხვდა და ვილიას მიუვიდა, რაც მისთვის ოდნავ მოულოდნელი აღმოჩნდა. დავიდს დარტყმა მეკარისგან ახლო, დაბალ კუთხეში მოუმზადებელი გამოუვიდა. მოჰამედ საკრი ბურთს ადგილზე დახვდა.

25-ე წუთზე თავგანწირული აზიელების ბასტიონი მეციხოვნეთა შეცდომის წყალობით გატყდა. პედროს მიერ ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი ბელჰაჯმა მეკარეს ფეხით დაუგდო. საკრმა მოშორება სცადა, მაგრამ იქვე მდგარ ადრიანოს ფეხში გაარტყა - 0:1.

კატალონიელებმა უფრო მეტად გაილაღეს და მხოლოდ თავიანთი სიამოვნებისთვის თამაშობდნენ. მეტოქე მას ხელს ვერაფერში უშლიდა. "ალ სადი" პრაქტიკულად უბურთოდ დარბოდა. მატჩის ბოლოს ბურთის ფლობა ევროპელებს 69% ჰქონდათ.

35-ე წუთზე სამწუხარო ამბავი მოხდა ვილიას თავს. ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა. ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში დასტრიალებდნენ თავს ფეხბურთელს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს საკაცეზე. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევამ საშინელი სურათი აჩვენა: მას წვივის დიდი ძვალი აქვს გატეხილი და გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდება.

ვილიას ნაცვლად მინდორზე ალექსის სანჩესი გამოვიდა. მოასწრებს თუ არა თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატისთვის ფორმის აღდგენას, კიდევ საკითხავია. სანჩესის გამოსვლიდან მალევე "ბარსელონამ" მეორეც შეაგდო. ადრიანომ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და თავისგან შორეულ, დაბალ კუთხეში გაიტანა 0:2, თუმცა აშკარა იყო მეკარის უმძიმესი შეცდომაც.

ტაიმის ბოლო წუთებში "ალ სადმა" შეხვედრაში პირველად გაიბრძოლა. აბდურ კადერ კეიტა აბიდალსა და მასკერანოს გასცდა და საჯარიმოში შეიჭრა. ფრანგის თავგანწირული თამაშის წყალობით მან მაინც ვერ მოახერხა მეკარესთან ერთი- ერთზე დარჩენა. იმ პოზიციიდან კი რაც ჰქონდა, კარის ჩარჩოში ვერ დაარტყა - ხარიხას გადააცილა.

მეორე ტაიმი ვალდესის შეცდომით დაიწყო. მან ამჯერადაც "სცადა" საჯარიმოს ახლოს მყოფი მეტოქისთვის ბურთის ჩაბარება ("რეალთან" მას ეს "გამოუვიდა"), მაგრამ მამადუ ნიანგმა და კადერ კეიტამ ვერ შეძლეს ბურთის ხელში მოგდება. ისინი უბრალოდ არ ელოდნენ ასეთ საჩუქარს.

58-ე წუთზე სალვადორელმა არბიტრმა ხოელ აგილარმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და ლეო მესის თამაშგარეს გამო ბურთი არ ჩაუთვალა.

64-ეზე ანგარიში გამანადგურებელი გახდა - პედრო-ინიესტა-მესის შორის გათამაშებული კომბინაციის შემდეგ სეიდუ კეიტა მეკარესთან რანდევუზე დარჩა და იოლად დაჯაბნა - 0:3.

მე-80 წუთზე მატჩს წერტილი დაესვა. მოჰამედ კასოლამ შეცვლაზე შესული კუენკას წინააღმდეგ იუხეშა, მართალია მეტოქეს ვერაფერი დაუშავა და მკურნალობა აქეთ დასჭირდა, მაგრამ ყვითელი ბარათი კი დამსახურებულად მიიღო. საჯარიმო "ბარსელონამ" დიდებულად გაითამაშა. მაქსველმა ალკანტარასგან საჯარიმოში მოძრაობაში მიიღო პასი და მეკარეს მახვილი კუთხიდან დაურტყა - 0:4. მოჰამედ საკრი კიდევ ერთხელ შეცდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული