ლეონარდო ტევესის ვარიანტს უარყოფს

AutoSharing Option
პირველად 32 წლის შემდეგ, 1976/77 წლების სეზონიდან მოყოლებული, ფრანგული კლუბები უეფასა და ევროპის ლიგების 1/32-ედ ფინალებს მიღმა დარჩნენ.

ჯგუფურ ეტაპზე ლიგა 1-ის ორადორმა წარმომადგენელმა გააღწია და ორივე მათგანი ჯგუფში ჩარჩა. "ბილბაოს", "ზალცბურგისა" და "სლოვანის" ჯგუფში "პარი სენ-ჟერმენმა" 6 შეხვედრაში 10 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, დაუთმო რა პლეი ოფის საგზური ავსტრიულ კოლექტივს ბურთების უარესი სხვაობის გამო.

რაც შეეხება "რენს" მიუხედავად იმისა, რომ თავისი უკანასკნელი შეხვედრა გუშინ ჰქონდა ჩასატარებელი, მას უკვე დიდი ხანია განაღდებული ჰქონდა თავისი ბედი - "ატლეტიკოს", "უდინეზესა" და "სელტიკის"
კამპანიაში ბრეტონელებს თავიდანვე მცირე შანსი ჰქონდათ. "რენს" გუშინდლამდე 5 შეხვედრაში 3 ფრე და 2 წაგება ჰქონდა.

სხვა ამბები

მვილათი გრანდები დაინტერესდნენ
გამოცემა COPE-ის ინფორმაციით, "რენის" 21 წლის საყრდენი ნახევარმცველის იან მვილას შეძენით "რეალი" და "ბარსელონა" დაინტერესდნენ.

ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულზე "პარი სენ-ჟერმენიც" ცდილობდა, მაგრამ მაშინ "რენის" პრეზიდენტმა პატრიკ ლე ლაიმ მოახერხა და ფეხბურთელს პირადად გადაათქმევინა კლუბის დატოვება.

დაახლოებით ერთი თვის წინ იანმა თავად დაადასტურა, იანვარში "რენიდან" ფეხის მოცვლას არ ვაპირებ, აი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი ჩემს კარიერაზე სერიოზულად დავფიქრდებიო. მისი თქმით, თუკი ფრანგული კლუბებიდან მომხიბლავი შემოთავაზება ექნება, ურჩევნია თამაში სამშობლოშივე განაგრძოს, თუ არადა წინადადებებს უცხოელებისგანაც განვიხილავო. მისი ნათქვამი პრესამ უმალ აიტაცა და ეს ფეხბურთელის მიერ "პარი სენ-ჟერმენის" პირდაპირ გამოწვევად მონათლა.

ლეონარდო უარყოფს
არანაირი ტევესი და არანაირი ოფიციალური წინადადებაო, დაახლოებით ასე ჟღერდა "პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორის ლეონარდოს პასუხი შეკითხვაზე, მართლა სცადეთ თუ არა "მანჩესტერ სიტიდან" კარლოს ტევესის გადაბირებაო.

ბრაზილიელის მტკიცებით, მათ მანჩესტერში არც ერთი ოფიციალური ფაქსი არ გაუგზავნიათ. შესაბამისად მათ არგენტინელის ხელში ჩაგდება არ უცდიათ. თუკი ეს სიმართლეა, მაშინ შეგვიძლია "მილანი" ტევესისთვის ბრძოლაში ისევ უმთავრეს ფავორიტად მივიჩნიოთ.

აქვე გეტყვით, რომ კარლოსმა გუშინ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, სათამაშოდ გული მხოლოდ "ბოკა ხუნიორსისკენ" მიმიწევსო.

კვარეშმა არც განხილულა
ლისაბონის "სპორტინგის" სპორტულმა დირექტორმა ლუიშ დუკმა პორტუგალიურ პრესას განუცხადა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია "სპორტინგისა" და რიკარდო კვარეშმას შესაძლო თანამშრომლობის შესახებ ჰაერიდანაა მოტანილი.

"აშკარაა, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა ჩვენი კლუბისთვის განსაკუთრებული იქნება. ისინი, ვინც ჩვენი მოლოდინი ვერ გაამართლა, კლუბს დატოვებს, ვიღაცა ტრავმირებულია და ღირსეული შემცვლელი სჭირდება, ვიღაცისთვის უბრალოდ კარგ დუბლიორს ვეძებთ.

იმისთვის, რომ გუნდში სათანადო კონკურენცია იყოს, რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა მოგვიწევს. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ პრესის მიერ დასახელებული რიკარდო კვარეშმას სახელი რომ არ გვიხსენებია, ეს ნაღდია," - განუცხადა დუკმა "ო ჟოგოს".

შეგახსენებთ, რომ რიკარდო "სპორტინგში" 2001/03 წლებში თამაშობდა.

ბილეთები იარაღის ნაცვლად
ფიფა უახლოეს ხანებში განიხილავს ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ცოტა უცნაურ იდეას. საქმე იმაშია, რომ სამხრეთამერიკელები ფეხბურთის მამებს სთავაზობენ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა, სურვილის შემთხვევაში, ცეცხლსასროლ იარაღში გადაცვალონ. შესაძლოა მათ დამატებით მონაწილე ქვეყნების ნაკრებების მაისურებიც ერგოთ.

თუკი ეს იდეა განხორციელდა, ქვეყანაში შექმნილი სოციალური და კრიმინალური გარემო ბევრად გაუმჯობესდება, მაგრამ მარტივი შეკითხვა ისმება: როცა იარაღი, თუნდაც ძველი და უკვე ნაკლებად ეფექტური, ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საფეხბურთო ბილეთი და სპორტული მაისურა ერთად აღებული, ვინ გაიმეტებს მას გადასაცვლელად?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული