არამხოლოდ მესი VS ნეიმარი

AutoSharing Option
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ამ გუნდების დაპირისპირებას მთელი საფეხბურთო მსოფლიო წინასწარ ელოდა. დიდი პატივისცემით აზიური და აფრიკული საკლუბო ფეხბურთისადმი, მაგრამ მათ კიდევ რამდენიმე თავი აკლიათ ევროპულ და სამხრეთამერიკულ სიმაღლეებამდე.

მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო სკოლების დაპირისპირება პლანეტის საუკეთესო კლუბის სახელისთვის ბრძოლაში ლოგიკურია. ლოგიკურია ისიც, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, ვისაც საუკეთესო ფეხბურთელებად ასახელებენ. ლიონელ მესი VS ნეიმარი რა ხანია საფეხბურთო ექსპერტების საყვარელი სალაპარაკო თემა გახდა. თუმცა არც “ბარსაა” მარტო მესი და არც “სანტოსია” კინკილა ნეიმარი.

მოე
დანზე ხომ ჩავი, ინიესტა, განსო და სხვა სუპერვარსკვლავებიც იქნებიან. ასე რომ, 18 დეკემბერს, იოკოჰამას საერთაშორისო სტადიონზე ერთმანეთის წინაშე დიდი გუნდები ერთმანეთს უპრესტიჟულესი ტიტულისთვის შეერკინებიან. ალბათ არავის გაუკვირდება, თუკი გეტყვით, რომ ფავორიტი “ბარსაა”. ფინალამდე ორივე გუნდს იოლი გზა ჰქონდა. “კაშივა რეისოლმა” “სანტოსსა” და “ალ სადმა” “ბარსას” ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. გრანდებს კუნთების დატოლება ახლა ერთმანეთთან მოუწევთ.

ლიონელ მესი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში ისტორიულ მატჩს ჩაატარებს. მისთვის ეს 295-ე იქნება აგურისფერი კვართით, რაც საუკეთესო შედეგია არაესპანელი ფეხბურთელებისთვის. აქამდე ყველაზე მეტი მატჩი ჰოლანდიელ ფილიპ კოკუს ანგარიშზე იყო.

დავიდ ვილიას ტრავმის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. “ალ სადთან” ტრავმა მიიღო კატალონიელთა მეორე თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმაც. ჩილელს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, რის გამოც ხოსეპ გვარდიოლამ ვილიას ნაცვლად შეცვლაზე შესული ფეხბურთელის ადგილას მინდორზე კუენკა შეუშვა. ალექსისს ექიმებმა ვარჯიში აუკრძალეს. მისცემენ თუ არა “სანტოსთან” მოედანზე გასვლის ნებას, ეს მხოლოდ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
ხვალ
მე-3 ადგილი
კაშივა (იაპონია)-ალ სადი (ყატარი) 11:30

ფინალი
სანტოსი (ბრაზილია)-ბარსელონა (ესპანეთი) 14:30

მატჩისწინა კომენტარები
მურის რამალიო (სანტოსი. მთავარი მწვრთნელი): “ბურთის კონტროლში “ბარსელონას” რომ შეეჯიბრო, მართლა მხეცი უნდა იყო. ამ კომპონენტში მათ მართლა ვერავინ შეედრება. ჩვენ მეტოქეს აუცილებლად ძალიან მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ. ვეცადოთ, წნეხის ქვეშ მოვაქციოთ. ეს ნამდვილად შეგვიძლია, რადგან განსო, ელანო და გენიოსი ნეიმარი გვყავს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ის მეტოქეს ბევრ პრობლემას გაუჩენს”.

ხოსეპ გვადიოლა (ბარსელონა. მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მიზანი ერთია: ტიტული კიდევ ერთხელ უნდა მოვიგოთ. ვიცით, რომ ეს საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან “სანტოსი” დიდებული კოლექტივია. ამ გუნდს რამდენიმე ექსტრაკლასის ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენ საქმე გვაქვს უდიდესი ისტორიის მქონე კლუბთან. რა თქმა უნდა ყველამ ვიცით, რომ ეს პელეს გუნდია. მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველოდებით”.

ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა. მეკარე): “სანტოსთან” მატჩს მთელი მსოფლიო ელოდება, რადგან თანაბარი ძალის გუნდები ვართ. ძალიან ჰგავს ერთმანეთს ჩვენი სათამაშო სტილიც. ბრაზილიელებს ძალიან უყვართ ბურთის დაჭერა და საგოლე მომენტების შექმნა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფინალი კარგი სანახავი უნდა გამოდგეს. განსაკუთრებული ყურადღება ნეიმარს უნდა მივაქციოთ. ის “სანტოსის” ყველაზე ნიჭიერი და სახიფათო ფეხბურთელია. მას ჩვენთვის მრავალი სიურპრიზის მომზადება შეუძლია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა თანაბარი გუნდები რა მესი ნეიმარი :) ბარსა გახევს თან უშანსოდ და ნეიმარის შედარება მესისთან ხო ვაფშე სასაცილოა:)
mesimania
16:01 17-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული