30 წელი თავდასხმისთვის

AutoSharing Option
"აიაქსი"-"ალკმაარის" სათასო შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე ბევრი ვწერეთ. შეგახსენებთ, რომ მავანი გულშემატკივარი სტუმართა კოსტარიკელ მეკარე ესტებან ალვარადოს თავს დაესხა.

ფეხბურთელმა თავი დაიცვა და ხულიგანს მოედანზევე გაუსწორდა, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ალვარადოს საქციელმა ტრიბუნების აღშფოთება გამოიწვია. აზ-ის დამრიგებელმა გერტ ვერბეეკმა ეს მშვენივრად იგრძნო და მსაჯს მატჩის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.

გასახდელში დაბრუნებულ ალკმაარელებს "აიაქსის" წარმომადგენლებმა მოედანზე დაბრუნება რამდენჯერმე სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. მატჩის ბედი ფედერაციას ამ დღეებში უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ საქმის განხილვა უკვე მეორედ გადაიდო. ალვარადოს წითელი ბარათი კი სადისციპლინო კომიტეტმა
გააუქმა. მოტივი მარტივია: ფეხბურთელის საქციელი მხოლოდ თავის დაცვა იყო.

ერთადერთი, ვინც ამ ისტორიაში ჩრდილშია მოქცეული, თავად თავდამსხმელია. საზოგადოებამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის: სახელი - ვესლი, ასაკი - 19 წელი. სტადიონის დაცვის სამსახურმა დაკავებული ხულიგანი პოლიციას გადასცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მას 3 წლით ჰქონდა აკრძალული "ამსტერდამ არენაზე" შესვლა. რაც მთავარია, ეს ვადა ჯერ გასული არ იყო. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მცირე ხნით ვესლი ერთხელ უკვე იჯდა ციხეში უმნიშვნელო ღირებულების ნივთების ძარცვისთვის. პლუს, მოსამართლის ბრძანებით მას ამსტერდამის ერთ-ერთი სუპერმარკეტში შესვლის უფლება აქვს ჩამორთმეული, რადგან შუადღისას, არასრულწლოვნების თვალწინ შუა მაღაზიაში მოშარდა.

ყოველივეს გათვალისწინებით კლუბის ადმინისტრაციამ დისკვალიფიკაციის ვადა ახლა უკვე 30 წლით განსაზღვრა. ამრიგად, თუ ვესლიმ აკრძალვა კიდევ ერთხელ არ დაარღვია, მას "აიაქსის" უახლოესი თამაშის ხილვა ტრიბუნებიდან 2042 წლის იანვარში შეეძლება.

პირველ სასამართლო პროცესზე 20 წლის ახალგაზრდის მშობლებმა წარმოადგინეს სამედიცინო დასკვნა, სადაც წერია, რომ მას გონებრივი განვითარების მხრივ პრობლემები აქვს და ხშირად ვერ ახერხებს საკუთარი ემოციების გაკონტროლებას.

სამართალდამრღვევი თავის მხრივ აცხადებს, რომ მას 50-ევროიანი ნაძლევი ჰქონდა დადებული და ალვარადოს დაესხმებოდა თავს თუ ვინმე სხვას, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული