შვეიცარია ფიფას წინააღმდეგ?

AutoSharing Option
"სიონმა" შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციას წინადადებით მიმართა, გაასაჩივროს ფიფას მიერ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის მიერ მისი გარიცხვის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიული კლუბები და ნაკრებები მოკვეთილნი იქნებიან საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, თუკი 13 იანვრამდე შვეიცარიის ფედერაცია "სიონს" ჩემპიონატში ნათამაშებ ყველა იმ შეხვედრაში ტექნიკურ წაგებას არ ჩაუთვლის, სადაც კლუბმა ის ფეხბურთელები გამოიყენა, რომელთაც თამაშის იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.

"აშკარაა, რომ ფიფას მიერ წამოყენებული ულტიმატუმი არ შეესაბამება არც თავად ფიფას და არც შვეიცარიის კანონმდებლობას. თუკი ჩვენი ფედერაცია საერთაშორისოს ახირების დასაკმაყოფილებლად ჩვენს კლუბს საბოლოოდ გაწირავს, ეს
იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელებს გამბედაობა არ ეყოფათ. პლუს, თუკი ასე მოხდა, ჩავთვლით, რომ მათ აღარ ექნებათ შვეიცარიული ფეხბურთის მართვის უფლება," - წერია "სიონის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერის კანტორა "სიონის" წინააღმდეგ ასე ანტაგონისტურად მას მერე განეწყო, რაც ამ უკანასკნელმა ევროპის ლიგიდან მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ყველგან გაასაჩივრა, იქნებოდა ეს სპორტული საარბიტრაჟო თუ სამოქალაქო სასამართლოები.

საინტერესოა, რომ პროცესი კლუბმა ყველა ინსტანციაში წააგო. ფიფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ღრმადპატივცემული ორგანიზაციის არაპატივსაცემმა ხელმძღვანელობამ "სიონის" საქციელს საინტერესო სახელი უწოდა: "იურიდიულად შეურაცხმყოფელი".

ამჟამად ევროპულ ტურნირებზე მხოლოდ "ბაზელია" შემორჩენილი, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ბაიერნს" უნდა შეერკინოს. იმ შემთხვევაში თუკი შვეიცარია მართლა განკვეთეს, "ბაზელის" მაგივრად გერმანელებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევთ დაპირისპირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული