ევროპამ ვუვუზელა მოიშორა

AutoSharing Option
როგორც იქნა, ვუვუზელებთან ბრძოლამ მასშტაბური ხასიათი მიიღო – უეფამ საფეხბურთო გულშემატკივრებს თავისი ეგიდით ჩასატარებელ ყველა ოფიციალურ მატჩზე ამ სამხრეთაფრიკული დუდუკების გამოყენება აუკრძალა. აკრძალვა ეროვნული ნაკრებების მატჩებსაც ეხება და საკლუბოსაც – როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ისე ევროპის ლიგაშიც.

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყარომ ეს საყვირები სამხრეთ აფრიკაში გამართულ კონფედერაციათა თასის ტურნირზე გაიცნო. უკვე მაშინ გაჩნდა სამართლიანი შეშფოთება, რომ ამ საყვირების ხმა ფეხბურთის ჭეშმარიტ მოყვარულებს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას.

ასეც მოხდა – ვუვუზელების საშინლად მონოტონურმა და გამაღიზიანებელმა "ჰანგებმა" არამხოლოდ გულშემატკივრები
შეაწუხა, არამედ ფეხბურთელებიც და ტელეკომპანიების პერსონალიც.

რაც შეეხება აკრძალვას, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ის გააკეთა, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა – ევროპის კონტინენტზე ეს არასაფეხბურთო საკრავი მაქსიმალურად შეზღუდა. ზოგიერთმა ევროპულმა ფედერაციამ და ცალკეულმა კლუბებმა ასევე აკრძალეს სტადიონებზე ვუვუზელების შეტანა – აქაოდა, საფეხბურთო ხულიგნებს ვუვუზელების გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებითაც შეუძლიათ და ამ "მუსიკალური ინსტრუმენტის" ჩხუბში გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს შეიცავსო. პლატინის ორგანიზაციამ კი ჭეშმარიტი მიზეზის დასახელება გაბედა: "უეფა ევროპაში გულშემატკივრების მიერ ვუვუზელების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს, რადგან მათი ხმაური ფანების ტრადიციულ სიმღერებსა და მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე ემოციონალურ რეაქციას ახშობს".

მაგრამ პლატინიმ მხოლოდ ბებერი კონტინენტის დაცვა შეძლო, თორემ ფიფას ბრძენმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მუნდიალის მსვლელობისას საზოგადოების პროტესტს წაუყრუვა და ასეთივე სანქციის შემოღებაზე კატეგორიული უარი თქვა. "ფიფა ვერ აკრძალავს სტადიონებზე ვუვუზელების შეტანას – ვუვუზელები ხომ სამხრეთ აფრიკის ხალხების კულტურის განუყოფელი ნაწილია", - ასეთი იყო ჰერ ბლატერის, რბილად რომ ვთქვათ, უკბილო არგუმენტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული