როგორ გაისტუმრეს კეირუში

AutoSharing Option
"პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლუშ კეირუში თანამდებობიდან გათავისუფლდა" – ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ საიტზე. კეირუშის შეცვლის თუნდაც სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

კეირუშის გაშვებას მიზეზები ჰქონდა. ქვეყნის სპორტულ ხელისუფლებასთან ამ სპეციალისტს ურთიერთობა ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში გაუფუჭდა. აი, როგორ იყო საქმე: ნაკრების მუნდიალისწინა საწვრთნელ ბაზას პორტუგალიის ანტისადოპინგო კომიტეტის თანამშრომლები ესტუმრნენ და მათი ამ ვიზიტის მიზანი რამდენიმე ფეხბურთელის დოპინგ-სინჯის აღება გახლდათ, მაგრამ კეირუშს არ მოეწონა ის ფაქტი, რომ დოპინგთან მებრძოლები ბაზაზე დილაადრიანად გამოცხადდნენ და
ფეხბურთელებს გამოძინების საშუალება არ მისცეს. 57 წლის კაცი ამ ხალხს გინებით შეეგება და მათაც თავის უწყებაში ხომ დააბეზღეს, ამაზე არ გაჩერდნენ და იმდენი მოახერხეს, რომ მწვრთნელი ფეხბურთის ფედერაციის მიერ ერთთვიანი დისკვალიფიკაციითა და ათასევროიანი ჯარიმით დაისაჯა.

მაგრამ კეირუშის პრობლემები არც ამით შემოიფარგლა. სულ რამდენიმე დღეში ანტისადოპინგო კომიტეტმა კარლუშს უფრო მასშტაბურად დარტყმა მიაყენა – მწვრთნელს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია დააკისრა. პორტუგალიის სპორტის ინსტიტუტმა ხსენებული ინციდენტის საკუთარი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ კეირუშმა თავს არათუ კომიტეტის თანამშრომლების გინების უფლება მისცა, არამედ ერთ-ერთ მათგანს სინჯის აღებაში ხელიც კი შეუშალა.

საწყისი დისკვალიფიკაციის გამო კეირუშს კვიპროსთან (4:4) და ნორვეგიასთან (0:1) მატჩების გამოტოვება მოუწია - პორტუგალიის ნაკრებს მისი ასისტენტი აგოშტინიუ ოლივეირა ხელმძღვანელობდა.

ექსპერტები და საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, რომ კეირუშის თანამდებობიდან გაშვება არა მხოლოდ მის დისკვალიფიკაციას უკავშირდება, არამედ გუნდის არადამაკმაყოფილებელ გამოსვლას სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული