რუსეთში მომავალი წლიდან: შემოდგომა-გაზაფხული

AutoSharing Option
ნაციონალური საფეხბურთო ჩემპიონატი "გაზაფხული-შემოდგომა"-ს სისტემით ორშაბათამდე უეფას 53 წევრი ქვეყნიდან 13-ში ტარდებოდა, მაგრამ ახლა მათ რიცხვს რუსეთი გამოაკლდა. ორშაბათს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის სხდომაზე "გაზაფხული-შემოდგომა"-ს სისტემაზე გადასვლა საბოლოო დამტკიცდა. საინტერესოა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო – მხოლოდ ერთმა სუბიექტმა შეიკავა თავი, ხოლო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ასევე ერთი კაცი წავიდა და ისიც როგორი – პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოლსტიხი.

რუსეთის შიდასაფეხბურთო უთანხმოებები რუსებსვე დავუტოვოთ, ჩვენ კი ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ რა გზით გადავლენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები
ევროპულ კალაპოტში.

მაშ ასე: რუსეთის მომდევნო ჩემპიონატი 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება, სამ წრედ ჩატარდება და 2012 წლის გაზაფხულში დასრულდება.

მესამე წრეში 16 გუნდი ორ ჯგუფად დაიყოფა: პირველ-მერვე ადგილებზე გასულები ჩემპიონობას და ევროთასების საგზურებს გაითამაშებენ, ხოლო ვინც ორ წრეს მეცხრე-მეთექვსმეტეზე დაასრულებს, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს, თანაც ბოლო ორი პირველ ლიგაში გავარდება, ხოლი მე-13 და მე-14 გუნდები პირველ დივიზიონში მე-3 და მე-4 ადგილებზე გასულებს პლეი-ოფში შეერკინებიან, ამ წყვილებში გამარჯვებულები კი ელიტაში დარჩებიან.

აქვე ჩამოგითვლით იმ ქვეყნებს, სადაც ჩემპიონატები გაზაფხულზე იწყება და შემოდგომაზე სრულდება: ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ფარერის კუნძულები, ირლანდია, ბელარუსი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ყაზახეთი, სომხეთი. როგორც ხედავთ, აქ ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებია წარმოდგენილი, სადაც ხანგრძლივი ზამთრის გამო საერთო-ევროპულ წესზე უარის თქმა უწევთ, თუმც აქვე ირლანდია და სომხეთიცაა, სადაც, მართალია, მკაცრი ზამთარი იცის, მაგრამ არა 5-თვიანი, როგორც, ვთქვათ, ისლანდიაში ან ნორვეგიაში...

რუსეთში კი ფონს გასვლა მომრავლებული ხელოვნურსაფარიანი მოედნებით აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა წრეებს შორის ზამთრის შესვენება იქ მეტად ხანგრძლივი გამოუვათ – 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული