მარსელ დესაის განური სისხლის ყივილი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილოვან რაიევაცმა საუდეთის კლუბ "ალ აჰლისთან" კონტრაქტი გააფორმა, ერთი კვირა გავიდა, მაგრამ საფეხბურთო პრესაში "მოღალატე" სერბის შემცვლელზე, თუნდაც სავარაუდოზე, სიტყვაც არ დაწერილა.

როგორც იქნა, ყინული დაიძრა – პირველი კანდიდატიც გამოჩნდა. ეს არის სახელგანთქმული ფრანგი მარსელ დესაი. ვინც არ იცის, იკითხავს – სად განის ნაკრების მწვრთნელობა და სად დესაი? საქმე ის არის, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ნამდვილი, ანუ დაბადებისას მინიჭებული სახელ-გვარი გახლავთ ოდენკე აბეი, თანაც ოდენკე-მარსელი ქვეყნიერებას განის დედაქალაქ აკრაში მოევლინა, ანუ საფრანგეთის
ნაკრების ყოფილი კაპიტნის ძარღვებში მხოლოდ განური სისხლი ჩქეფს. უკვე მოგვიანებით, როცა შავტუხა ოდენკე აბეი 4 წლის გახდა, ოდენკეს დედა ცოლად საფრანგეთის კონსულს გაყვა, ბიჭუნას მარსელი დაერქვა, ხოლო დესაი არის მისი მამინაცვალის გვარი.

ასე რომ, განაში ამ დიდ ფეხბურთელს თავისიანად მიიჩნევენ. 42 წლის დესაის სამწვრთნელო გამოცდილება საერთოდ არ აქვს, თუმცა ეს გარემოება განური ფეხბურთის მამებს არ ადარდებთ – კაცს ყველაფერი აქვს მოგებული, რის მოგებაც კი შეიძლება, "სამფეროვან" ნაკრებში 116 მატჩი ჩაუტარებია, მიროსლავ ბლაჟევიჩის, რაიმონდ გუტალსის, ფაბიო კაპელოს, ოსკარ ტაბარესის, არიგო საკის, კლაუდიო რანიერის, ჟერარ ულიეს, ემე ჟაკეს, როჟე ლემერისა და ჟაკ სანტინის ხელმძღვანელობით უთამაშია და ამ მწვრთნელებისგან სულ მინიმუმიც რომ ესწავლა, სამშობლოს ნაკრების გასაწვრთნელად საკმარისი უნდა აღმოჩნდესო.

ასეა თუ ისე, კანდიდატი თურმე რამდენიმე ყოფილა და მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი ნაკრების სათავეში ჩადგომის ყველაზე დიდი შანსი სწორედ მარსელ დესაის ჰქონია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული