რაიან გიგზის ბოლო შანსი

AutoSharing Option
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც, როგორც იტყვიან, "საჭირო დროსა და საჭირო ადგილას" დაიბადნენ.

ისინი ეროვნულ გუნდში ირიცხებიან, ვარჯიშობენ, დადიან შეკრებებზე, მაგრამ საკუთარი გუნდის გამარჯვებებში მონაწილეობას არ იღებენ. სამაგიეროდ, ტიტულების ჩამონათვალი აქვთ შთამბეჭდავი.

მაგრამ ისეთებიც მოიძებნებიან, რომლებსაც, უბრალოდ, არ გაუმართლათ.

ბევრი მაგალითი არსებობს, როცა არასაფეხბურთო ქვეყანაში გამოჩნდება უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელიც საკლუბო პროფესიულ წარმატებებს აღწევს, ნაკრებში კი ობიექტური მიზეზების გამო არაფრის მოგება არ შეუძლია: არცერთ ტალანტს არ ძალუძს, მარტომ ათრიოს მთელი გუნდი.

ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის შებრალებას იმსახურებენ და სურვილი გიჩნდება, მათ რაღაცნაირად ეროვნული გუნდი
შეუცვალო, რათა სანაკრებო დონეზეც იგრძნონ წარმატების გემო.

სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ლეგენდარული უელსელი რაიან გიგზი. მან საკლუბო დონეზე ფანტასტიკურ შედეგებს მიაღწია, მაგრამ ვერაფერი მოახერხა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

რაიანის თამაშის პერიოდში უელსის ნაკრები არასოდეს გასულა დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე.

ყველაზე ახლოს ამასთან გუნდი 2003 წელს იყო, მაგრამ მაშინ მას რუსეთის ნაკრები გადაეღობა, რომელმაც უელსს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება არ მისცა. ასევე დასანანი იყო შემდეგი ორი მარცხი.

საბოლოოდ, 2007 წელს გიგზმა განაცხადა, რომ წყვეტს გამოსვლას ეროვნულ დონეზე, რადგან სურს, მთელი ენერგია "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშს მოახმაროს.

თითქოს ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირზე და იქ ბრიტანეთის გაერთიანებული გუნდის გამოსვლაზე.

ამ ნაკრებისთვის ლიდერების პოვნა იყო საჭირო. გიგზი კი კვლავაც კარგად გამოიყურებოდა მოედანზე, მისი 38 წლის მიუხედავად. ფეხბურთელის შესანიშნავმა ფორმამ, კარგმა ფიზიკურმა კონდიციებმა და, რა თქმა უნდა, მისმა კოლოსალურმა გამოცდილებამ ის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად აქცია.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საფეხბურთო გუნდებში 23 წლამდე ახალგაზრდა მოთამაშეები გამოდიან, მაგრამ განაცხადში სამი ადგილი ამ ასაკს გადაცილებულ მოთამაშეებს ეკუთვნით.

საბოლოოდ გიგზი გახდა ერთ-ერთი იმ სამ ბრიტანელს შორის, რომლებიც 23 წელზე ზემოთ არიან.

თავად გიგზი, რა თქმა უნდა, მოხარულია გაერთიანებულ გუნდში მოხვედრით: "ძალიან მიხარია, რომ ლონდონში გავემგზავრები და მონაწილეობას მივიღებ ოლიმპიურ თამაშებში.

ეს ძალიან მასშტაბური მოვლენაა და მას მოუთმენლად ველოდები". ფეხბურთელის ეიფორია გასაგებია - გიგზს ეროვნული ნაკრების დონეზე ასეთ დიდ სპორტულ ფორუმში მონაწილეობა არ მიუღია.

"სასიამოვნო იქნება ასეთ ტურნირში ჩართვა, იმ ატმოსფეროს შეგრძნება, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს გქონია", - ამბობს უელსელი.

გიგზს თავის კარიერაში ბევრი რეკორდი დაუმყარებია, უამრავი ტურნირი აქვს მოგებული - ასეთი მიღწევებით ერთეულები თუ დაიკვეხნიან. მაგრამ რაიანმა იცის, რომ ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე გამოსვლა - ეს სრულიად ახალი გამოცდილებაა: "ოლიმპიური თამაშები ძალიან განსხვავდება ყველა ტურნირისგან, რომელშიც ადრე მიმიღია მონაწილეობა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს, ასეთ ასაკში მომცეს ოლიმპიადაზე გამოსვლის შანსი. ადრე ამაზე ფიქრიც არ შემეძლო".

პროგნოზებზე საუბრისას რაიანი თამამია და თავის გუნდს მომავალ ტურნირზე მაქსიმალურ მიზნებს უსახავს: "შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ და ოქროს მედლების მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ". რა თქმა უნდა, გიგზი ძალებს არ დაზოგავს დასახული მიზნის მისაღწევად, რადგან ეს პირველი და ერთადერთი შანსია ბრიტანელი ლეგენდისთვის, რამე ტიტული მოიგოს ეროვნულ დონეზე.

ჟურნალისტებში აქტუალური იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" გიგზის ყოფილი პარტნიორის, დევიდ ბექჰემის თემა.

წარსული დამსახურებების მიუხედავად, დევიდი მაინც არ შეიყვანეს ეროვნულ გუნდში. სავარაუდოდ, გიგზისთვის სასიამოვნო იქნებოდა ერთ გუნდში ბექჰემთან თამაში, რადგან მათ უკვე ათი წელია, ერთმანეთისთვის ბურთი არ გადაუწოდებიათ.

"მე და დევიდი ყოფილი პარტნიორები ვართ, ვმეგობრობთ და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში; მაგრამ დევიდმა ამ დარტყმას გაუძლო და ჩვენი გუნდის მხარდაჭერას აპირებს", - აღნიშნავს გიგზი.

რაიანი ინგლისის 12-გზის ჩემპიონია, ოთხჯერ ფლობდა ინგლისის თასს, ორჯერ ასწია თავს ზემოთ ჩემპიონთა ლიგის თასი, მოგებული აქვს უეფას სუპერთასი, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი, ინგლისის ლიგის თასი... ის რეკორდსმენია "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებული მატჩების რაოდენობით და გულშემატკივრების მიერ დასახელდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ.

ის ერთადერთი მოთამაშეა, ვისაც პრემიერლიგის ზედიზედ 20 სეზონში აქვს გატანილი მინიმუმ ერთი გოლი.

იგივე გაუკეთებია მას ჩემპიონთა ლიგის 14 სეზონში, აქედან 11-ჯერ ზედიზედ, მაგრამ ნაკრების შემადგენლობაში მას ტიტული, სამწუხაროდ, ჯერ არ აქვს. მას ძალიან მოუხდებოდა ბრიტანეთის გაერთიანებულ გუნდში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული. ის ამას იმსახურებს.

* * *
ჩემპიონის გარეშე
ლონდონის საფეხბურთო ტურნირის წილისყრა 24 აპრილს გაიმართა. ბრიტანეთის ნაკრები, როგორც მასპინძელი, პირდაპირ ჩასვეს A ჯგუფის პირველ ნომრად. მისი მეტოქეები სენეგალი, საემიროები და ურუგვაი იქნებიან.

ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, ურთულესი შესარჩევი ტურნირი გაიარა სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციოში, რადგან ამ ზონიდან ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლება მხოლოდ ორ საუკეთესო გუნდს ჰქონდა. ურუგვაელებმა პერუში გამართულ ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს და უკან ჩამოიტოვეს ბოლო ორი ოლიმპიადის ჩემპიონი - არგენტინა.

სამხრეთ ამერიკიდან მეორე გუნდი, რომელიც ლონდონში მიემგზავრება, ბრაზილიის ნაკრებია, ნეიმარის მეთაურობით. ბრაზილიელები C ჯგუფში მოხვდნენ ეგვიპტესთან, ახალ ზელანდიასა და ბელარუსთან. ბელარუსი ევროპული შესარჩევი ტურნირის მთავარი სენსაცია გახდა. ამ გუნდმა ტოლ-სწორად იბრძოლა ესპანეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ, დამატებით მატჩში კი ჩეხეთი დაამარცხა.

D ჯგუფის ფავორიტი ესპანეთი იაპონიას, მაროკოსა და ჰონდურასს დაუპირისპირდება; B ჯგუფში კი ითამაშებენ შვეიცარია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და გაბონი.

შემადგენლობების მხრივ, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ესპანეთისა და ბრიტანეთის ნაკრებები. ახალგაზრდა ესპანელები უკვე დიდი ხანია, თამაშობენ პრიმერას ტოპ-გუნდების ძირითადში და კლუბებს არ სურთ მათი ოლიმპიადაზე გაშვება.

მაგალითად, "ბარსელონა" კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეროვნულ გუნდში თავისი ნორჩი ვარსკვლავების - ტიაგო ალკანტარასა და ისააკ კუენკას გაშვებას. ეს სიტუაცია დღემდე არ არის მოგვარებული. ბრიტანეთის ნაკრებში დევიდ ბექჰემის ვერმოხვედრასა და ამ გუნდში რაიან გიგზის შეყვანაზე ამავე გვერდში წაიკითხავთ.

საფეხბურთო ტურნირის კალენდარი
A ჯგუფი
26 ივლისი
საემიროები-ურუგვაი (20:00)
ბრიტანეთი-სენეგალი (23:00)

29 ივლისი
სენეგალი-ურუგვაი (20:00)
ბრიტანეთი-საემიროები (22:45)

1 აგვისტო
სენეგალი-საემიროები (22:45)
ბრიტანეთი-ურუგვაი (22:45)

B ჯგუფი
26 ივლისი
მექსიკა-კორეა (17:30)
გაბონი-შვეიცარია (20:15)

29 ივლისი
მექსიკა-გაბონი (17:30)
კორეა-შვეიცარია (20:15)

1 აგვისტო
მექსიკა-შვეიცარია (20:00)
კორეა-გაბონი (20:00)

C ჯგუფი
26 ივლისი
ბელარუსი-ახ. ზელანდია (22:45)
ეგვიპტე-ბრაზილია (22:45)

29 ივლისი
ეგვიპტე-ახ. ზელანდია (15:00)
ბრაზილია-ბელარუსი (18:00)

1 აგვისტო
ბრაზილია-ახ. ზელანდია (17:30)
ეგვიპტე-ბელარუსი (17:30)

D ჯგუფი
26 ივლისი
ჰონდურასი-მაროკი (15:00)
ესპანეთი-იაპონია (17:45)

29 ივლისი
იაპონია-მაროკო (20:00)
ესპანეთი-ჰონდურასი (22:45)

1 აგვისტო
იაპონია-ჰონდურასი (20:00)
ესპანეთი-მაროკო (20:00)

პლეი ოფი
4 აგვისტო
1/4-ფინალი (15:00)
1/4-ფინალი (17:30)
1/4-ფინალი (20:00)
1/4-ფინალი (22:30)

7 აგვისტო
1/2-ფინალი (20:00)
1/2-ფინალი (22:45)

10 აგვისტო
მე-3 ადგილისთვის (22:45)

11 აგვისტო
ფინალი (18:00)

ლონდონის ვარსკვლავები
ლონდონის საფეხბურთო ტურნირზე ბევრი ვარსკვლავის ხილვის საშუალება მოგვეცემა. აი, მათი არასრული სია:

რაიან გიგზი (ბრიტანეთი)
ედინსონ კავანი (ურუგვაი)
ტიაგო სილვა (ბრაზილია)
ლუის სუარესი (ურუგვაი)
ხორდი ალბა (ესპანეთი)
ხუან მატა (ესპანეთი)
ნეიმარი (ბრაზილია)
მარსელო (ბრაზილია)
ჰალკი (ბრაზილია)
მიკა რიჩარდსი (ბრიტანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული