რივერა: ტოტი საუკეთესოა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანი რივერამ საერთაშორისო პრემია Golden Foot-ზე წარდგენილ ფეხბურთელთა შორის თანამემამულე გამოარჩია – ფრანჩესკო ტოტი.

გეცოდინებათ, ამ პრესტიჟულ პრიზზე სპეციალური კომისია ათ პრეტენდენტს ირჩევს, ნომინანტებს კი აი, რა "მოეთხოვებათ": უნდა იყოს მინიმუმ 29 წლის, ფეხბურთის ისტორიაში სიტყვა ჰქონდეს ნათქვამი და ზურგს გამორჩეული კარიერაც უმაგრებდეს. წლეულს ამ პრემიის პრეტენდენტთა შორის არიან დევიდ ბექჰემი, სამუელ ეტო'ო, ჯანლუიჯი ბუფონი, რაიან გიგზი, ფრანჩესკო ტოტი, რაული, კლარენს ზეედორფი, სტივენ ჯერარდი, დიდიე დროგბა და კარლეს პუიოლი.

"პრიზს ტოტი იმსახურებს. სამწუხაროდ, მეკარეებს სათანადოდ არ აფასებენ
და ამიტომ ჯანლუიჯი ბუფონსაც გამოვარჩევდი. თუმცა წლევანდელ პრემიას სხვებზე მეტად ტოტი იმსახურებს", - თქვა რივერამ. მის არჩევანში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს – იტალიელმა კაცმა ათეულიდან თანამემამულეები გამოარჩია...

გარდა ამისა, Golden Foot-ის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში რივერამ თავისი თაობისა და ახლანდელი საფეხბურთო ვარსკვლავები შეადარა.

"უწინ ფეხბურთი ასე ათლეტური არ ყოფილა. პელე კი, როგორც იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ისე რჩება ასეთად. ის უკეთესია, ვიდრე მარადონა და ყველა დანარჩენი. თანამედროვე ფეხბურთელებს შორის კი უძლიერესები რუნი, მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ბოლო ორი წარმოუდგენლად ნიჭიერი და ტექნიკურია, მაგრამ გუნდისთვის 100 პროცენტით სასარგებლოები არ არიან. ამიტომაც უპირატესობას რუნის ვანიჭებს, რომელიც დაცვაშიც ჩადის და გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება" – აღნიშნა ჯანი რივერამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული