ნიოპლიასი პანათინაიკოსიდან წავიდა და... დაბრუნდა

AutoSharing Option
კვირას ათენის "პანათინაიკოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში "ერგოტელისი" 4:1 გაანადგურა, ამდენად დედაქალაქელთა დამრიგებლის ნიკოს ნიოპლიასის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხივით იყო.

"უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტს შევხვდები და მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადად მოვახსენებ. ამ გუნდის საჭესთან დგომის არანაირი სურვილი აღარ დამრჩა, - თქვა ნიოპლიასმა წარმატებულად ჩატარებული მატჩის შემდეგ, - აბსურდია, როცა ზაფხულში კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად შეგრაცხავენ, რამდენიმე თვეში კი დაცინვის ობიექტად გაქცევენ".

მართლაც გასაკვირია, რამ უბიძგა მწვრთნელს ასეთი განცხადების გაკეთებისკენ. მართალია, ჩემპიონთა ლიგის სტარტზე
განცდილი ორი მარცხისთვის კლუბის ხელმძღვანელობამ ნიოპლიასს უსაყვედურა, მაგრამ მაშინ ლოგიკური იქნებოდა, თუ მწვრთნელი "კოპენჰაგენთან" საშინაო მატჩის შემდეგ გადადგებოდა.

თუმცა, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ახალი ინფორმაცია გაჩნდა – ნიოპლიასმა გადაიფიქრაო!

"რა თქმა უნდა, ნიოპლიასი არ უნდა გადადგეს და არც გადადგება, - თქვა "პაოს" ტექნიკურმა დირექტორმა კოსტას ანტონიუმ, - ეს ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვებია. ბუნებრივია, დიდ კლუბში მოსული მწვრთნელი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, მაგრამ ნიკოსი ამ სირთულეებს გაუმკლავდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება".

შეგახსენებთ, რომ ნიკოს ნიოპლიასმა გასულ დეკემბერში "პანათინაიკოსის" სათავეში წარუმატებელი ჰოლანდიელი ჰენკ ტენ კატე შეცვალა და ათენური კლუბი ბერძნულ დუბლამდე მიიყვანა – გააჩემპიონა და თასიც მოაგებინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული