როცა ბელგიელს ზიმბაბვედან გამოაძევებენ

AutoSharing Option
ზიმბაბვეს ხელისუფლებამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბელგიელი ტომ სენფიე საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის ქვეყნიდან გააძევა. სენფიეს დეპორტაცია კაბო ვერდესთან აფრიკის ეროვნებათა თასის შესარჩევ მატჩამდე ოთხი დღით ადრე მოხდა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბელგიელ სპეციალისტს ზიმბაბვეში მუშაობის უფლება არ ჰქონია.

ზიმბაბვეს ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლის ბენედიქტ მოიოს განმარტებით, თუკი ზიმბაბვეში სამუშაო ვიზის მიღებაზე სენფიეს განაცხადი დაკმაყოფილდება, მწვრთნელი ქვეყანაში დაუყოვნებლივ დაბრუნდება და ნაკრებს ხსენებული მატჩისთვის სრულფასოვნად თუ ვერ მოამზადებს, უშუალოდ თამაშისას მაინც უხელმძღვანელებს. "უბრალოდ, კანონს ვიცავთ", - ასე იმართლებს თავს და ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოიო.

სენფიესთან
ერთად ზიმბაბვედან მისი ასისტენტიც მიაბრძანეს – გერმანელი ლუტც პფანეშტილი, რომელმაც ასევე დაარღვია ამ ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობა.

აღსანიშნავია, რომ ასაკის კვალობაზე – სენფიე 37 წლისაა – ამ სპეციალისტს სოლიდური სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. 1997-დან 2008 წლამდე ტომ სენფიე ბელგიის, ფარერების, ჰოლანდიის და გერმანიის ქვედა ლიგების გუნდებს და ფინეთის პრემიერლიგის "როვანიემის" ხელმძღვანელობდა, ხოლო შარშანწინ ნამიბიის ნაკრები ჩაიბარა, საიდანაც წლეულს ზიმბაბვეში აპირებდა გადაბარგებას, მაგრამ ჯერჯერობით ხსენებული პრობლემების გამო მუშაობას ვერ ახერხებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული