TimeLine: ოთხმოცდა... მესი რომ ქართველი იყოს...

AutoSharing Option
მეგობარი მყავს ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. არც ტოტალიზატორზეა გადარეული, ვეღარც ფეხბურთს თამაშობს - მწვრთნელობა იზიდავს.

2012 წლის დასაწყისში მის ოთახში შევედი და ახალი საქმიანობის შესახებ შევიტყვე: როგორც იქნა, "ბარსელონა" ავიყვანე და ამ გუნდით ვაპირებ მაღალი მიზნებისკენ სვლასო.

გაკვირვებულმა შევხედე... მიხვდა, რომ ვიფიქრე - ამას საღად მოაზროვნედ ვიცნობდი, ასე უცბად რა დაემართა-მეთქი და უცბად განმიმარტა:
- კომპიუტერულ ფეხბურთზე გეუბნები. "ბარსელონა" ავიყვანე და ამ გუნდთან ერთად ახალ სეზონს ვიწყებ.

მანამდე არ ვიცოდი, რომ კომპიუტერშიც შეიძლებოდა არა მხოლოდ ერთი მატჩის, არამედ ტურნირის თამაში. ჩემს
მეგობარს პირველი შეხვედრის ჩატარება უკვე მოესწრო - 4 იანვარს კოპა დელ რეიზე "ბარსამ" "ოსასუნა" 4:0 დაამარცხა. 2 გოლი არგენტინელმა ლეო მესიმ გაიტანა.

ოთახში კიდევ ცოტა ხნით გავჩერდი და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაძვრებოდა მესი "ბეტისის" მცველებს შორის. მაშინვე "არსენალის" თავკაცის, არსენ ვენგერის სიტყვები გამახსენდა - ლეო მესი მოედანზე ისეთ სასწაულებს სჩადის, თითქოს კომპიუტერული თამაშის გმირი ყოფილიყოსო.

მართლაც, მონიტორზე "ბარსელონას" 10 ნომერი სხვებზე ერთი-ორად სწრაფად გადაადგილდებოდა და ისე დარბოდა, თითქოს, ბურთი ფეხზე ჰქონდა მიწებებული. სწორედ, ისე, ნამდვილი მესი რომ აკეთებს ხოლმე. დარტყმის სიზუსტეს არ იკითხავთ? - შესაძლოა, ხელი აგიცდეთ და დარტყმის ღილაკს არ დააჭიროთ, თუმცა მესი მაინც "ტყვიას ტყვიაში ახვედრებს".

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ბარსელონამ" "ბეტისი" 4:2 დაამარცხა. მესიმ ამჯერადაც ორი გოლი გაიტანა.

კარგად მახსოვს, 19 თებერვალს "ვალენსიასთან" მატჩში მესიმ 4 გოლი რომ გაიტანა, მეგობარმა დაიქადნა - ეს ფეხბურთელი ყველა ტურნირის ბომბარდირად უნდა ვაქციოო.

ერთ გოლს მეორე მოჰყვა და მესი ივნისში 50-მდე ავიდა. სამწუხაროდ მატჩი, რომელშიც 50-ე გოლი შეაგდო, ვერ ვნახე. არადა არგენტინის ნაკრებმა გოლუხვ შეხვედრაში ბრაზილია 4:3 დაამარცხა.

11 ნოემბერს ლეომ "მალიორკასთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 76 მოუგროვდა. მეორე დღეს გაზეთებში ერთი ამბავი ატყდა: მესიმ პელეს 75-გოლიანი რეკორდი გააუმჯობესაო.

თურმე, 1958 წელს ბრაზილიელ თავდამსხმელს ერთ კალენდარულ წელიწადში 75 ბურთი ჰქონია შეგდებული, რაც დიდი ხნის განმავლობაში მეორე მაჩვენებელი იყო - საუკეთესო ბომბარდირი გერმანელი გერდ მიულერი გახლდათ, რომელსაც ერთ წელიწადში 86 გოლი ჰქონდა გატანილი.

11 ნოემბრის შემდეგ დაისვა კითხვა: გააუმჯობესებს მესი მიულერის რეკორდს? იგი 84 გოლზე რომ ავიდა, ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" არაფრისმთქმელ მატჩში შეცვლაზე შესულმა ტრავმა მიიღო. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ გერმანელის რეკორდს აღარაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვირტუალურ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ - შეჯახებაც მოჩვენებითია და ტრავმაც.

ჰოდა, გამოვიდა ლეო მესი მომდევნო შეხვედრაში (9 დეკემბერს) "ბეტისთან" დუბლი შეასრულა და - 86. ორიოდე დღეში მან მონაგარს 2 გოლი შემატა და სადღეისოდ მის ანგარიშზე ორი რვიანია - 88.

უმალ გამოჩნდა ხალხი, რომლებმაც გაიხსენეს, რომ ზიმბაბველ თუ ზამბიელ ფეხბურთელს ერთ წელიწადში ასზე მეტი აქვს გატანილი, იქ ბრაზილიელებმა გამოიღვიძეს, მაგრამ თავად გერდ მიულერმა აღიარა:

"მესი ფანტასტიკურია. იგი დამსახურებულად გახდა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს - "ბაიერნში" არ თამაშობს".

* * *
აქვე უნდა განვმარტოთ: ჩემი მეგობარი მართლაც კომპიუტერული თამაშების მოყვარულია, მაგრამ იგი არ არის "ბარსელონას" მწვრთნელი (ნეტავ იყოს), ხოლო რაც მესიზე მოგახსენეთ, კომპიუტერული თამაშის ამბები არ იყო: ლეომ წლის პირველი გოლები მართლაც 4 იანვარს გაიტანა, მართლაც მოაგებინა არგენტინას ბრაზილიასთან და 9 დეკემბერს მართლაც მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი, რითაც მსოფლიო აალაპარაკა და რუბრიკა "ტაიმლაინშიც" ამიტომ მოხვდა.

მესი რომ ქართველი იყოს...
მსოფლიოს რეკორდსმენ ლიონელ მესის შესახებ "სატაიმლაინედ" ინფორმაციებს ვეძებდი. ერთ-ერთ საიტზე ფოტომონტაჟს წავაწყდი: არგენტინელს თმა ისე ჰქონდა გაფურჩქნული, 70-იანი წლების მომღერალს მოგაგონებდათ. სათაურად ეწერა: "მესი რომ კოლუმბიელი იყოს"...

...და ქართველი რომ იყოს? რამდენად საინტერესო იქნება მესის ქართველობა, ქვემოთ წაიკითხავთ.

დავიწყოთ მისი ბავშვობიდან. პირველი მწვრთნელი ხალხში აუცილებლად დაიტრაბახებდა: ჩვენი ლეო ოღროჩოღრო მოედანზე ვარჯიშს რომ არის მიჩვეული, ამიტომაცაა "ნოუ კამპის" სისინა მინდორზე ბურთს ფეხიდან რომ არ იცილებსო...

ჭიქას პირიდან არ იცილებსო - ასეთი გამოთქმაც არსებობს. კარგი თამადა კი ჭიქის ნაცვლად ყანწს მოიმარჯვებდა და მესი ქართველი რომ იყოს, იტყოდა: ჩვენს სახელოვან მამულიშვილებს გაუმარჯოს, სტალინს, სააკაძეს, მესის...

სუფრაზევე სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები შეკამათდებოდნენ: მეგრელი იტყოდა - მესი კი არა, მესიავააო, კახელი მაგალითს მოიყვანდა - "ბარსელონაში" წასვლის შემდეგ მან მაინცდამაინც ვარკეთილში იმიტომ იყიდა ბინა, რომ კახელი მესიშვილიაო. სვანი - მესიანიაო, რასაც სომეხიც დაეთანხმებოდა: მართლა მესიანია, მაგრამ პაპამისი წლების წინ ერევნიდან არგენტინაში გადახვეწილი ემიგრანტიაო...

მესი რომ ქართველი იყოს, ხშირად მოუწევდა კანფეტების ტყორცნა და გამეორება: შემოვდგი ფეხი...

საინტერესო სიტუაციას წავაწყდებოდით რამდენიმე წლის შედეგ. კარიერის დასასრულს კრიშტიანო რონალდოს ამერიკული "ლოს ანჯელესი" 12 მილიონ დოლარს შესთავაზებდა, ბალოტელის ყატარის "ალ აჰლი" - 10 მილიონს. მესის კი საქართველოდან დაურეკავდნენ და ლეო მორიდებულად უპასუხებდა: ეკონომიკის მინისტრობაზე ნამდვილად ვერ დაგთანხმდებით, მეღვინეობა და სპორტი უკეთ მესმის, იქნებ უფრო შესაფერისი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესის ბომბარდირულ რეკორდს არც ბრაზილიელები ცნობენ
ლიონელ მესის რეკორდი ყალბია?! მსოფლიო გოდფრი ჩიტალუს არ იცნობს!
კაცი, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა
ლიონელ მესის 2012 წელს გატანილი 86 გოლი! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი შეცდომაა. მესი რომ ქართველი ყოფილიყო ის მესი არ იქნებოდა, თავში აუვარდებოდა უპირველეს ყოვლისა და არ იშრომებდა მიზნის მისაღწევად :)
gerrard
17:04 14-12-2012
0
ერთი შეცდომაა, მესი რო ქართველი ყოფილიყო, ის იმას რაც ახლაა ვერასდროს მიაღწევდა :) თავში აუვარდებოდა, ან გალოთდებოდა,ან წამალზე შეჯდბოდა და ა.ს.შ. თორემ ქართველებს არავისზე ნიჭიერი ფეხბურთელები არ გვყავს (ბავშვობაში), აგერ 17 წლამდელების მაგალითზე ვთქვათ. ინგლისი, ესპანეთი და შვედეთი ჯგუფში ჩავტოვეთ,მაგრამ მომავალი გვანახებს ესპანეთისა და ინგლისის ამ ასაკობრივი გუნდიდან და გინდა შვედეთის ბევრი ვარსკვლავი გაიზრდება, ჩვენებიდან კიდევ იმედია :)
gerrard
17:03 14-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული