Time Line: ვისი ბიჭია მათეუსი?.. როგორც ბრაზილიურ სერიალებში

AutoSharing Option
10 იანვარს დაიწყო სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი, რომლისადმი დიდ ყურადღებას სკაუტები იჩენენ.

მათი პროფესია ხომ ნიჭიერი ახალგაზრდების ტრანსფერებით ხელის მოთბობაა. გამოგიტყდებით, სამხრეთამერიკელი ნიჭიერი ახალგაზრდების ხილვა მეც ძალიან მაინტერესებს.

გარდა იმისა, რომ თამაშები უთუოდ სანახაობრივი იქნება, არის ერთი დეტალი, რამაც ინტერესი გაამძაფრა: ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობის გაცნობისას ორი ერთნაირი გვარი ამოვიკითხე - მათეუსი.

ერთი მეკარეა, მეორე - ნახევარმცველი. განაცხადში რომარიო, დუნგა, ბებეტო, ან ბრანკო რომ დაეწერათ, იოლი მისახვედრი იქნებოდა, ვის ვაჟზეა ლაპარაკი.

ვისაც 80-90-იანი წლების ფეხბურთი ახსოვს, ლოთარ მათეუსის თამაშიც თვალწინ
წარმოუდგება, მან ხომ გერმანიის ნაკრებში ზუსტად 20 წელი ითამაშა. ბოლოს ალემანებს ევროპის 2000 წლის პირველობაზე უკაპიტნა.

Sportall.Geგერმანიის ნაკრებში სათამაშოდ გადასული ბრაზილიელები გვინახავს; პირიქით, გერმანიიდან ბრაზილიაში წასული - არა. ამიტომ, დაუჯერებელია, ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული რომელიმე მათეუსი ლოთარის ვაჟი იყოს.

მოდით, მივბაძოთ ბრაზილიური სერიალების გმირებს და ბოლომდე გამოვიძიოთ, ვინ არიან სამხრეთამერიკელი მათეუსები. გული მიგრძნობს, რომ ერთ-ერთ მათგანს მაინც აქვს კავშირი ლეგენდარულ ლოთართან.

გამახსენდა: 1994 წლის აგვისტოში ფეხბურთის მოყვარული ნაცნობისგან ვიდეოკასეტა ვითხოვე, რომელზეც ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებთა მატჩი ეწერა.

ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალი, რომლის წინ იოჰან კრუიფმა იწინასწარმეტყველა: ამ ჩემპიონატზე ყველაზე საინტერესო მატჩი ჰოლანდია-ბრაზილია იქნებაო.

განსხვავებით პელეს პროგნოზისგან (კოლუმბიის ნაკრების ჩემპიონობა ივარაუდა), კრუიფის სიტყვა გამართლდა.

ბებეტომ და რომარიომ ჰოლანდიელებს გოლები ბრაზილიურ სტილში გაუტანეს. არ დანებდნენ ნიდერლანდელები: დენის ბერგკამპმა ჩვეული მოხერხებულობით პირველობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა, ხოლო აარონ ვინტერმა კუთხურიდან თავით ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

კომენტატორმა 81-ე წუთზე ასეთი რამ თქვა: დღესაც დავრწმუნდით ფრთიანი ფრაზის ჭეშმარიტებაში - ბრაზილიელები ერთ გოლს თუ გაუშვებენ, ორს იტანენო. ...81-ე წუთზე კლაუდიო ბრანკომ ჯარიმიდან ზუსტი, დაბალი დარტყმით სამხრეთამერიკელები ნახევარფინალში გაიყვანა.

იცით, მატჩის მეორე გოლისას (ბებეტომ მცველებთან ერთად მეკარე დე გუიც მოატყუა) კიდევ რა თქვა კომენტატორმა? - "ბებეტო ხელის მოძრაობით ბავშვის რწევას იმიტომ განასახიერებს, რომ ორი დღის წინათ შვილი შეეძინა და ვაჟს გერმანელი ლოთარის პატივსაცემად მათეუსი დაარქვა".

შეიძლება გაგიკვირდეთ, 20 წლის წინანდელი გამონათქვამი დღეს ასე კარგად რატომ უნდა მახსოვდეს... აკი გითხარით, ბრაზილია-ჰოლანდიის მატჩის ვიდეოჩანაწერი მქონდა და ვინ იცის, რამდენჯერ მაქვს ნანახი. იგი საფეხბურთო მატჩების კლასიკაში ღირსეულ ადგილას ჩაეწერება.

ვფიქრობ, ზედა აბზაცის მიხედვით ბევრი რამ გაცხადდა: დიდია ალბათობა, ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ერთ-ერთი მათეუსი ბებეტოს ვაჟი იყოს, ფეხბურთელისა, რომელმაც გოლის აღნიშვნისას ბავშვის რწევის ჟესტი დაამკვიდრა.

Sportall.Geმამა-შვილის კავშირის დადგენა 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. ინტერნეტში, საიტ "ევროსპორტზე" აღმოჩნდა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ:

"1994 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას დაბადებული ბებეტოს ბიჭი მათეუსი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს. აი, როგორი ემოციით შეხვდა ამ ამბავს 48 წლის მამა:

- პირველად, როცა ჩემმა ვაჟმა უმაღლესი ლიგის გუნდში "ფლამენგოს" მაისურით ითამაშა, გონებაში დრო უკან დატრიალდა. თითქოს ფილმში ვყოფილიყავი. გამახსენდა, შვილის დაბადება ჰოლანდიასთან მატჩში როგორ აღვნიშნე. თითქოს ეს ორი დღის წინათ მომხდარიყოს.

ესეც ასე, ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული მათეუსი ნამდვილად 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ძეა. ბებეტოს სრული სახელია ჟოზე რობერტო გამა და ოლივეირა.

ახლა ამ რამდენიმესიტყვიანი გვარ-სახელით გავარკვიოთ, ბებეტოს შვილი ნახევარმცველია თუ მეკარე.

გოლკიპერის სახელიც ინტერნეტში მოვიძიე: მათეუს კალდეირა ვიდოტო დე ოლივეირა. "ოლივეირა" აქაც ემთხვევა. ნუთუ პელეს ვაჟის მსგავსად, ბებეტოს შვილმაც ფეხბურთელობას მეკარეობა არჩია?! დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ჯერ ნახევარმცველი მათეუსის სრული გვარი წავიკითხოთ: მათეუს დე ანდრადე გამა და ოლივეირა! ამ შემთხვევაში "გამა და ოლივეირა" ემთხვევა.

ისღა დაგვრჩენია, როგორც ბრაზილიურ სერიალებში, ბავშვების დაბადების თარიღები და გარემოებები გამოვიკვლიოთ. ამისთვის ბებიაქალების ძიება საჭირო არ არის, მხოლოდ თარიღების დადგენა მიგვიყვანს ლოგიკურ პასუხამდე:

მეკარე მათეუსი სან პაულუში 1993 წლის 10 აპრილს დაიბადა. ამჟამად "კორინთიანსის" კარს იცავს.
ნახევარმცველი მათეუსი 1994 წლის 7 ივლისს რიო დე ჟანეიროში გაჩნდა. ამჟამად "ფლამენგოში" თამაშობს.

აი, სწორედ მას არწევდა (ვირტუალურად) ბებეტო ჰოლანდიასთან 1994 წლის 9 ივლისს გამართულ მეოთხედფინალში. იგი შვილის პირველად სანახავად ამერიკიდან მსოფლიოს თასით ხელდამშვენებული ჩავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული