ჰოლანდიაში საფეხბურთო არბიტრის მკვლელები გაასამართლეს

AutoSharing Option
ორშაბათს ჰოლანდიის სასამართლომ საფეხბურთო არბიტრის, რიხარდ ნიუვენჰუიზენის სიკვდილში შვიდი პიროვნების ბრალი დაადასტურა.

თითოეული მათგანის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ყველაზე მკაცრად დაისაჯა ბედშავი არბიტრის ცემაში მონაწილე მოზარდის მამა. ის ციხეში 6 წელიწადს გაატარებს.

რაც შეეხებათ უშუალოდ არასრულწლოვან ფეხბურთელებს, სასამართლომ 5 მათგანს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 1 კი საზოგადოებისთვის სასარგებლო 30-დღიან გამასწორებელ სამუშაოებს შეასრულებს.

ტრაგედიის დეტალებს ზოგადად შეგახსენებთ: 2012 წლის 2 დეკემბერს ჰოლანდიის ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრაში სამი შვილის მამა, 41 წლის რიხარდ ნიუვენჰუიზენი გვერდითა არბიტრად იყო მიწვეული. მისმა გადაწყვეტილებებმა მასპინძელი ფეხბურთელების
განრისხება გამოიწვია, რის გამოც თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მან მიმალვა სცადა, მაგრამ ამაოდ. ფეხბურთელები მის ცემას მიწაზე დაცემის შემდეგაც აგრძელებდნენ.

სასწრაფო დახმარების მანქანით ნიუვენჰუიზენი მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ თავის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ტრაგედიას ამძიმებს ისიც, რომ დაღუპულის შვილი იმ დღეს მოედანზე იყო და მან ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა.

მიუხედავად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენისა, მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ ისინი უდანაშაულონი არიან, რასაც სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს დაადასტურებენ. მათი ადვოკატების თქმით, ნიუვენჰუიზენს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამაც გამოიწვია კიდეც მისი სიკვდილი.

ადვოკატების მტკიცებას აბათილებს საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცნობა, რომ სიკვდილი სწორედ მიყენებულმა ფიზიკურმა დაზიანებებმა გამოიწვია.

მოსამართლემ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი უკვე გამოაქვეყნა. აი, რას ვკითხულობთ მასში:

"უნდა გავითვალისწინოთ მომხდარი ტრაგედიის სერიოზულობა; ასევე, ის, რომ თავდასხმა ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე მოხდა, თანაც განსასჯელებმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისასაც კი იუარეს ბრალის აღიარება, რამაც საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი შოკი გამოიწვია.

ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ ქმედების ჩამდენთა წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქცია გამოგვეყენებინა.

ტრაგედიის მონაწილე ზრდასრული მამაკაცის საქციელი ყველაზე მკაცრად იმიტომ შეფასდა, რომ იმის მაგივრად, ახალგაზრდებისთვის მაგალითი მიეცა, თავადაც ჩაება ჩხუბში და დამდგარ შედეგში დიდი წვლილი დაიდო".

"რაც მოხდა, იმის დაჯერება დღემდე ძალიან გვიჭირს. ეს ბიჭები 15-16 წლისები არიან. იმ დღეს სტადიონზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი ფეხბურთის საყურებლად.

ნიუვენჰუიზენი ბავშვთა ფეხბურთის მატჩებზე ხშირად მუშაობდა ხოლმე და ეს საქმე ძალიან უყვარდა
", - განაცხადა შემთხვევის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმას არც თქვენ არ წერთ უცხოური მედიის მსგავსად ეგ მაროკოელმა ბავშვებმა რო ჩაიდინეს ხო?ეროვნული უმცირესობები ძალიან საშიში ხდება უკვე ყველა ქვეყანაში
Beqa
23:26 19-06-2013
0
რა გასაკვირია 6 წელი. აგერ ნორვეგიაში კაცმა 77 ადამიანი ჩააწვინა მიწაში და 21 წელზე მეტი ვერ მისცეს. მართლა გავკარი ეგეთ დემოკრატიას, ლიბერალიზმს და ადამიანის უფლებებს.
kalandara
13:41 19-06-2013
0

სიახლეები პოპულარული