მაგრამ 90-იანი წლებიდან, ჩრდილოამერიკული სპორტის ზეგავლენით, ფეხბურთშიც მუდმივი ნომრები შემოვიდა, რასაც კვლავ ამერიკულის გავლენით, ზოგიერთ კლუბში ძალზე დამსახურებული ფეხბურთელის ნომრის უკვდავყოფაც მოჰყვა.
ნომერი 14, თემურ ქეცბაია
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი თემურ ქეცბაია გახლავთ.
თემურს თბილისის "დინამოში", ათენის აეკ-ში, "ნიუკასლ იუნაიტედში", "ვულვერჰემპტონსა" და "დანდიში" უთამაშია, თუმცა მისი მაისურა კვიპროსულმა "ანორთოსისმა" უკვდავყო.
ფოტოზე: თემურ ქეცბაიას ღვაწლი ფამაგუსტას "ანორთოსისმა" დააფასა და 14-ნომრიანი მაისურა ხმარებიდან ამოიღო
სწორედ უდიდესი დამსახურების გამო 2010 წელს "ანორთოსისის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ქეცბაიას 14-ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებს.
ზოგჯერ მიზეზი ტრაგედიაა
უკვე ვახსენეთ, რომ ნომრის უკვდავყოფა, პირველ რიგში, ამა თუ იმ სპორტსმენის დამსახურების გამო ხდება. ხშირად, როცა რომელიმე კლუბის ლეგენდა ფეხბურთიდან მიდის, მის ნომერს "დიდების დარბაზში" გამოკიდებენ და ამ ნომერს კლუბში აღარასოდეს აძლევენ სხვას.
თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ ამის მიზეზი ტრაგედიაა. ყველაზე ცნობილი ფაქტი 2003 წლის კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში მოხდა. კამერუნისა და კოლუმბიის ნაკრებთა მატჩში აფრიკელი მარკ-ვივიენ ფოე მოედნის ცენტრში მოცელილივით დაეცა - მას გულმა უმტყუნა.
მედიკოსები 45 წუთის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას.
იხილეთ ვიდეო
ეს ტრაგედია ლიონის სტადიონზე მოხდა, რომლის საფეხბურთო კლუბის წევრიც იყო კამერუნელი. უბრალოდ, ის იჯარით "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა.
კამერუნის ფედერაციას ფოეს 17 ნომრის უკვდავყოფა სურდა, თუმცა ეს ფიფას წესებით შეუძლებელია. სამაგიეროდ, "მანჩესტერ სიტიმ" მისი 23-ნომრიანი (ინგლისში ამ ნომრით თამაშობდა) მაისურა ამოიღო ხმარებიდან, ხოლო ფოეს ყოფილმა კლუბმა "ლანსმა" - 17.
როგორც გითხარით, ფოე "ლიონის" საკუთრება იყო, როცა ტრაგედია მოხდა. ფრანგულმა კლუბმა 17 ნომერი გააუქმა, მაგრამ, რატომღაც, 2008 წლიდან ისევ დაიწყო მისი გამოყენება.
ამავე მიზეზით, ლისაბონის "ბენფიკაში" აღარავის აძლევენ 29 ნომერს. სწორედ ამ ნომრით თამაშობდა გუნდში უნგრელი მიკლოშ ფეჰერი, რომელიც "გიმარაეშთან" მატჩში შეუძლოდ შეიქნა და ღამით ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ასე გააუქმა გუნდში 31 ნომერი "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" 18 წლის რეი ჯონსის ავარიაში დაღუპვის გამო, ხოლო "ბრიუგემ" - 23 ნომერი, რომელსაც ფრანსუა სტერკელე ატარებდა. ბელგიის ნაკრების ფორვარდიც ავარიაში დაიღუპა.
"სევილიელი" ანტონიო პუერტო "ხეტაფესთან" მატჩში გახდა შეუძლოდ და 3 დღეში გარდაიცვალა. მისი 16-ნომრიანი მაისურიც "ჩამოწერილია". ოღონდ დედამიწის ზურგზე ერთ ადამიანს შეუძლია მისი ტარება - ანტონიოს ვაჟი აიტორ პუერტა (2007 წელს დაბადებული), თუ ოდესმე "სევილიაში" ითამაშებს, შეძლებს მამის ნომრის "გაცოცხლებას".
ასეთი ისტორიები კიდევ რამდენიმეა მსოფლიო ფეხბურთში.
უარი მარადონას
უკვე მოგახსენეთ, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციას მარკ-ვივიენ ფოეს 17-ნომრიანი მაისურის გაუქმება სურდა, მაგრამ ფიფას ტურნირებში ამის გაკეთება შეუძლებელია. 2001 წელს არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ფიფას სთხოვა დიეგო მარადონას 10-იანის უკვდავყოფა, თუმცა ფიფამ ამის ნება არ დართო. მაშინ დიეგოს 10-იანი არიელ ორტეგას გადაეცა.
ისტორია კი ასეთი იყო: არგენტინელებმა კორეასა და იაპონიაში გასამართ მუნდიალის განაცხადში 23 ფეხბურთელი 1-დან 24-მდე ნომრებით წარადგინეს. სიაში არ იყო ათიანი. მაგრამ ზეპ ბლატერმა ვეტო დაადო ამ გადაწყვეტილებას, ხოლო 10-იანი მე-3 მეკარე რობერტო ბონანოს მისცეს.
ბუნებრივია, ეს უკვე ნამეტანი იყო და არგენტინელებმაც განაცხადში 23 ნომრით შეყვანილი ორტეგა ათიანზე "გადმოსვეს". დიეგოს მაშინ მართლა ძალიან ცუდად მოექცნენ, მას იაპონიის ვიზაც კი არ მისცეს, როგორც ყოფილ ნარკომანს.
დღეს არგენტინის 10-იანით ლეო მესი თამაშობს. ჩვენი აზრით, სანაკრებო ნომრების გაუქმება მართლაც არ უნდა იყოს სწორი და ფიფა ამაში მართალია, თუნდაც არგენტინის მაგალითი იმავეს ამტკიცებს.
მარადონას 10-იანი მაინც მოხვდა... "ნაპოლის" დიდების დარბაზში, დიეგო 1984-91 წლებში თამაშობდა იტალიურ კლუბში და იქაური ფანებისთვის ღმერთის ტოლ-სწორი იყო.
ფანების საპატივცემულოდ
ზოგიერთი კლუბი ფანების საპატივცემულოდ აუქმებს ნომერს. ყველაზე ხშირად ეს ნომერ 12-ს ეხება, რადგან გულშემატკივრები გუნდის "მე-12 ფეხბურთელად" მიიჩნევიან.
ეს ტრადიციაა იაპონურ ჯეი ლიგაში. მხოლოდ ორ გუნდში რჩებიან ფეხბურთელები 12-ნომრიანი მაისურით.
ეს დამკვიდრებულია მსოფლიოს კიდევ 100-მდე კლუბში, მათ შორის ისეთ ცნობილებში, როგორებიც "ფლამენგო", "ატლეტიკო მინეირო", "სპარტა", "ლანსი", "ვერდერი", "ბაიერნი", "ლაციო", "პარმა", "ეინდჰოვენი", "ზენიტი", "ფენერბაჰჩე" და "ბოკა ხუნიორსია".
არიან გამონაკლისებიც, მაგალითად, შვედურმა აიკ-მა ფანებისთვის ნომერი პირველი შეინახა. ფრიად ორიგინალურია.
იცით თუ არა, რომ...
პაოლო მალდინის 3-ნომრიანი მაისურით თამაში შეეძლება მის რომელიმე შვილს, თუკი "მილანში" დამკვიდრებას შეძლებს.
* * *
მექსიკურმა "ამერიკამ" 2007 წელს კვატემოკ ბლანკოს 10-ნომრიანი მაისურა დიდების დარბაზში გამოფინა, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ 5 წლის განმავლობაში ვერავინ ითამაშებდა ამ ნომრით, შემდეგ კი 10-იანი ისევ "გაცოცხლდებოდა".
* * *
"ლივორნომ" თავისი ლიდერის, იგორ პროტის 10-იანი ხმარებიდან ამოიღო, თუმცა თავად პროტიმ გამოთქვა სურვილი, რომ მისი ნომრით სხვას ეთამაშა. ასე რომ, 2007-ში ეს ნომერი ფრანჩესკო ტავანოს გადაეცა.
* * *
ლუკას პოდოლსკის 10-იანი "კიოლნში" ოფიციალურად არ გაუუქმებიათ, მაგრამ ნათქვამია, რომ მას არავინ ჩაიცვამს გუნდში, სანამ პოდოლსკი საფეხბურთო კარიერას არ დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ პოდოლსკი ახლა "არსენალში" თამაშობს.
* * *
1984-2005 წლებში ბიულენთ კორკმაზის 3-ნომრიანი მაისურით "გალათასარაიში" არავინ თამაშობდა. მას მერე ნომერი ხმარებაში დააბრუნეს.
ცნობილი უკვდავყოფილი ნომრები
1 დეილ რობერტსი (რაშდენი); მიგელ კალერო (პაჩუკა)
2 მასიმო ჩეკარონი (ბაზელი); ლეუნ სუი ვინი (ჰეფი ვოლი); ტიბორ შიმონი (ფერენცვაროში); სტეფან მალკოლმი (მონტეგო); რობერტო რივასი (ალიანსა)
3 გიუნტერ ნოიკირხნერი (შტურმი); მოჰამედ აბდელვაჰაბი (ალ აჰლი); ჯანჩიტო ფაკეტი (ინტერი); პაოლო მალდინი (მილანი); ნაოიკი მაცუდა (იოკოჰამა); ფედერიკო ვილარი (ატლანტე); პაბლო კვატროჩი (ნეკახა)
4 მიკელე მინიანი (სიენა); დავიდ დი ტომაზო (უტრეხტი); ტეო ბოსი (ვიტესი)
5 პეტერ შიოტელი (რაპიდი ვენა)
6 ბობი მური (ვესტ ჰემი); ჩასვე ნსოფვა (ბეერ შევა); ჯანლუკა სინიორინი (ჯენოა); ფრანკო ბარეზი (მილანი); ალდაირი (რომა)
7 მარიო ჰაასი (შტურმი); რასმუს გრინი (ნასტვედი); რაულ გონსალესი (შალკე); ალექს აკინაგა (ნეკახა)
8 კარელ პობორსკი (ჩესკე ბუდიოვიცე); ჰრისტო ბონევი (პლოვდივი); ავი ნიმნი (მაკაბი); სალვადორ რეიესი (გვადალახარა); გაბრიელ კაბალიერო (პაჩუკა)
9 ლადისლავ კუნა (ტრნავა); პიოტრ რეისი (ლეხი); ჯეისონ კრეისი (რეალ სოლტ ლეიკი)
10 ივან კრსტიჩი (რადნიჩკი); ფერენც პუშკაში (კიშპეშტი); ადრიანო ლომბარდი (აველინო); რობერტო ბაჯო (ბრეშა); დიეგო მარადონა (ნაპოლი); კაზიმიერჟ დეინა (ლეგია); პელე (კოსმოსი)
11 ვილმერ ველასკესი (ოლიმპია); ჯიჯი რივა (კალიარი); ნოელ ბეილი (ლინფილდი); ვლოძიმიერჟ სმოლიარეკი (ვიძევი); კატალინ ჰალდანი (დინამო ბუქარესტი)
12 ტორბენ ბოიე (ოლბორგი); ჰუსეინ ნაემი (ნეხმეჰი); ფელიქს ფერნანდესი (ატლანტე); სერხიო ბერნალი (პუმასი); მარკოსი (პალმეირასი)
13 ვიტორიო მერო (ბრეშა); კობი ჯონსი (ლოს ანჯელეს გალაქსი); ოლუბაიო ადეფემი (ქსანთი)
14 თემურ ქეცბაია (ანორთოსისი); მარკ ფილო (უიკომბი); კლემან პინო (კლერმონი); ფედერიკო პიზანი (ატალანტა); იოჰან კრუიფი (აიაქსი)
15 იონი ერლანდსონი (კალმარი)
16 კიმ იო სუნი (დაეუ); სერჰი პერხუნი (ცსკა)
17 მარკ ზელვეგერი (სენტ გალენი); მარკ-ვივიენ ფოე (ლანსი); პანაიოტის კაცურისი (პაოკ); ერნან მედფორდი (პაჩუკა); ჰენრიკ ლარსონი (ჰელსინგბორგი)
18 იაო ქსია (ჩენგდუ); სტეფან პორდარსონი (ნოჩიოპინგი)
19 სტიპე ბალაიჩი (მარიბორი)
20 პაბლო გომესი (პაჩუკა)
21 დანი ხარკე (ესპანიოლი)
22 ლესლი მანიათელა (ორლანდო პაირეტსი); სორენ ფრედრიკსენი (ვიბორგი); ხოსე მარტინეს გონსალესი (გვადალახარა); ხოსე ლუის კარანსა (უნივერსიტარიო)
23 ფრანსუა სტერკელე (ბრიუგე); მარკ-ვივიე ფოე (მანჩესტერ სიტი)
25 ჯანფრანკო ძოლა (ჩელსი); მაიკლ მეიდენსი (ჰარტპული); პიერმარიო მოროზინი (ლივორნო და ვიჩენცა)
26 იონათან რიხტერი (ნორდსილენდი)
27 სანელ კულჯიჩი (რიდი); ნიკოლო გალი (ბოლონია)
28 ხესუს არელიამო (მონტერეი)
29 დავიდ დი ტომაზო (სედანი)მიკლოშ ფეჰერი (ბენფიკა)
30 ჯეისონ მეილე (კიევო)
31 რეი ჯონსი (ქუინზ პარკი)
40 ბესიან იდრიზაი (სუონსი)
41 სალვატორე სულო (მესინა)
51 ანტონიო დი ნიგრისი (მონტერეი)
77 ხოსე ლუკე (დიოშდიორი)
110 ანდრეს ჩიტივა (პაჩუკა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მარადონა დააბრუნეთ ფარჩაკებო!!