წარსულის აჩრდილები: სამი ბრაზილიელის ამბავი

AutoSharing Option
ადრიანო, დენილსონი, რივალდო - ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სამივე სახელი კარგადაა ნაცნობი.

ერთი არარსებულმა დემონებმა დაღუპეს, მეორე - გადაჭარბებულმა თვითშეფასებამ, მესამე და ამათ შორის ყველაზე ასაკოვანი კი ფეხბურთს დღესაც თამაშობს. არადა, უკვე 41 წლისაა...

რივალდო
სხვანაირი ბრაზილიელი

31 წლის ასაკში რივალდომ (ვიტორ ბორბა ფერეირა) თავისი თაობის საუკეთესო შემტევი ნახევარმცველის სტატუსი მოიხვეჭა. იმ დროისთვის მას სანაკრებო და საკლუბო დონეზე უმთავრესი ტიტულები მოგებული ჰქონდა - იყო მსოფლიოს ჩემპიონი (2002) და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, "მილანთან" ერთად), მოგებული ჰქონდა ასევე რამდენიმე ჩემპიონატი, თასი და "კოპა
ამერიკაც".

რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს: 1999 წელს რივალდო ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. იყო ჩემპიონთა ლიგისა და კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი. გარდა ამისა, ერთ დროს ძალიან ღარიბი, დაგრეხილი ფეხების მქონე ბრაზილიელი ბიჭი, 2001 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

ამ ყველაფრით იმის თქმა გვინდა, რომ ჯერ კიდევ 10-11 წლის წინათ, რივალდო უკვე შემდგარი სუპერვარსკვლავი გახლდათ და მისი ბიოგრაფია მაშინაც კი სავსე იყო უდიდესი მიღწევებითა და აღიარებებით, მაგრამ ვიტორ ბორბა ფერეირა ფეხბურთს დღემდე (!) თამაშობს, რაც ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის, ცოტა არ იყოს, უჩვეულო მოვლენაა. 2004 წლის შემდეგ მან 8 კლუბი გამოიცვალა - ითამაშა უზბეკეთსა და ანგოლაშიც.

3 კონტრაქტი 4 წელიწადში
მილანში გატარებული წლინახევრის შემდეგ, 2004 წელს, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, რივალდო ბრაზილიაში დაბრუნდა. თუმცა "კრუზეიროში" მხოლოდ ნახევარი წელი გაატარა, რის შემდეგაც ისევ ევროპაში ჩამოვიდა და ბერძნული გრანდის, "ოლიმპიაკოსის" ფორმა მოირგო.

მილანში მისი ხანმოკლე კარიერა ტრავმების ბრალიც იყო, "ოლიმპიაკოსში" კი ძველებურ ფორმაში შევიდა - სამ წელიწადში სამჯერ გახდა საბერძნეთის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო საბერძნეთის თასი.

მიუხედავად ამისა, "ოლიმპიაკოსში" მან უსიამოვნოდ დაამთავრა: ბერძნებმა ახალი კონტრაქტი მნიშვნელოვნად შემცირებული ხელფასით შესთავაზეს, რაც რივალდომ შეურაცხყოფად მიიღო და "ოლიმპიაკოსის" შეფებს უარი სტკიცა.

ამრიგად, "ოლიმპიაკოსი" უკანასკნელი გუნდია, სადაც რივალდომ მინიმუმ ორი სეზონი მაინც გაატარა. მერე იყო კიდევ ერთი ბერძნული კლუბი, ათენის აეკ-ი, საიდანაც 2008 წელს ევროპას საბოლოოდ დაემშვიდობა და აზიაში გადაბარგდა - ეს მისთვის ბოლო ოთხ წელიწადში მესამე კონტინენტი იყო.

რივალდო უდიდესი ზარზეიმით მიიღეს ტაშკენტის "ბუნიოდკორში", რომელსაც "უზბეკეთის ჩელსის" უწოდებდნენ.

ორი წლის შემდეგ რივალდომ უზბეკეთსაც ზურგი აქცია და კონტრაქტი მშობლიურ კლუბ "მოჟი მირიმთან" გააფორმა, რომელიც ბრაზილიის სერია B-ში ასპარეზობდა. ამავდროულად, ის ამ კლუბის პრეზიდენტიც გახდა და, პრინციპში, ლოგიკურიც იყო, კარიერის დასრულებას სწორედ მშობლიურ გუნდში რომ გეგმავდა, მაგრამ...


2011 წლის დასაწყისში იჯარის წესით ტოპ-კლუბ "სან პაულოს" მიაშურა, სადაც 39 წლისამ 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო. თუმცა ახალი კონტრაქტი მაინც არ გაუფორმეს, არადა, ძალიან კი უნდოდა. შესაბამისად, კურიოზული იყო მისი მომდევნო ნაბიჯიც...

დასასრული არ ჩანს
2012 წელს ვიტორ ბორბამ თავის კარიერაში მეოთხე კონტინენტიც აღნუსხა - ანგოლის კლუბ "კაბუსკორპს" მიაშურა და ლიგის ბომბარდირთა შორის მესამე ადგილი დაიკავა და რამდენიმე საოცნებო გოლის გატანაც შეძლო.

ფეხბურთის თამაშის გარდა, რივალდო ანგოლაში რამდენიმე სოციალურ პროექტშიც იყო ჩართული, მაგრამ ისევე, როგორც მისი კარიერის ბოლო წლებში, იქაც ერთ წელიწადზე მეტხანს ვერ გაძლო.

დღეს რივალდო 41 წლისაა და თამაშობს ბრაზილიის მეორე ლიგის კლუბ "სან კაეტანოში", რომელიც მის კარიერაში მე-15 კლუბია. კონტრაქტი დეკემბრის ბოლომდე აქვს და, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ შეუძლებელია პასუხის გაცემა კითხვაზე - ამთავრებს თუ არა კარიერას? თუ გული ძველებურად უძგერს, რაღაცას აუცილებლად იპოვის - იმიტომ, რომ რივალდოა.

მაგალითად, მის პირად რუკაზე ავსტრალია ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი...

ადრიანო
ოქროს ბუციდან ოქროს სანაგვემდე
2004 წელს ადრიანო (ლეიტე რიბეირო) უბრალო ვინმემ კი არა, თვით რონალდომ (სწორედ იმ რონალდომ, "კიჭამ") თავის ღირსეულ შემცვლელად მოიხსენია.

"ნამდვილი მებრძოლია, ტექნიკაც შესანიშნავი აქვს და დარტყმაც," - ამბობდა მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი თავდამსხმელზე, რომელზეც სრულიად ბრაზილია უდიდეს იმედებს ამყარებდა.

"კიჭას" განცხადება აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რადგან "იმპერატორად" წოდებული ადრიანო იმხანად "სელესაოსაც" გაუშინაურდა და "კოპა ამერიკის" საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საკლუბო დონეზე კი იტალიაში შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული ჰქონდა - მილანის "ინტერში" სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი იყო.

ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო მსოფლიოს რონალდოს განცხადებაში ეჭვი აღარ ეპარებოდა, რადგან ადრიანომ 28 გოლი გაიტანა, "ოქროს ბუცი" დაისაკუთრა და ბრაზილიის ნაკრების ფორმით კონფედერაციათა თასის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ეს მის კარიერაში უკანასკნელი კარგი ფაზაა. მას მერე ადრიანო პრესის ფურცლებზე თითქმის მხოლოდ არასაფეხბურთო თემების გამო ჩნდებოდა...

გარდაუვალი დაღმასვლა
ლეიტე რიბეიროს დაღმასვლა 2006 წლიდან იწყება. იმხანად 24 წლის ფეხბურთელი მამის ნაადრევმა გარდაცვალებამ დეპრესიაში ჩააგდო.

ადრიანომ შვება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში იპოვა - შესაბამისად, "ინტერსა" და ბრაზილიის ნაკრებში ადგილი დაკარგა.

სამაგიეროდ, სახელი გაითქვა ნაირგვარი წვეულებების მოწყობის ნიჭით. შესაბამისად, ის მუდმივად არღვევდა რეჟიმს, რის გამოც იტალიელმა ჟურნალისტებმა, ერთ დროს "ოქროს ბუცის" მფლობელი, ზედიზედ ორჯერ დააჯილდოვეს ყველასთვის კარგად ნაცნობი "ოქროს სანაგვით".

2008 წელს ადრიანოს გამოცოცხლება დაეტყო. "სან პაულოში" განათხოვრებულმა, ბრაზილიიის ჩემპიონატის 28 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და ზაფხულში "ინტერში" დაბრუნდა, სადაც უკვე ჟოზე მოურინიო მუშაობდა. ეს უკანასკნელი კი ჯერ კიდევ "ჩელსიში" ყოფნისას ამბობდა - ეგ ბიჭი ძალიან მომწონსო...

მაგრამ ადრიანოს დიდ ფეხბურთში ხეირიანად დაბრუნება აღარ ეწერა და 2009 წლის აპრილში მილანურმა კლუბმა მას კონტრაქტი გაუწყვიტა.

ადრიანო ერთ-ერთ ვარჯიშზე მთვრალი მივიდა. "ახლა პაუზას ავიღებ, რადგან ფეხბურთის თამაში სიამოვნებას აღარ მანიჭებს," - თქვა მაშინ და ბრაზილიაში დაბრუნდა.

დაანონსებული პაუზის შემდეგ მან რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოს" სახით იმ კლუბს მიაშურა, სადაც ბავშვობაში თამაშობდა და მიუხედავად ჭარბი წონისა, ფეხბურთის თამაშისგან ისევ მიიღო სიამოვნება - 38 ოფიციალურ მატჩში 23 გოლი გაიტანა.

...მაგრამ ადრიანომ თანაგუნდელები აიყოლია და ვარჯიშებს აცდენდა. მერე კონფლიქტი მოუვიდა მეგობარ გოგონასთან, რომელსაც მთელი ღამე ხეზე მიბმულს გაატარებინა...

კიდევ ერთი ოქროს სანაგვე

2010 წელს ადრიანოს შესაძლებლობები "რომაში" გაიხსენეს, იმედოვნებდნენ, რომ ბრაზილიელი აზრზე მოსული იყო და მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. თუმცა რომში 20 კილოგრამი (!) ჭარბი წონით ჩავიდა. კონტრაქტი რვა თვეში გაუწყვიტეს, ისე, რომ "ჯალოროსის" ფორმით ერთი გოლიც არ გაუტანია. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დაიმსახურა "ოქროს სანაგვე" და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ეს "ჯილდო" სამჯერ აქვს მოგებული.

მომდევნო ნაბიჯი კი ისევ ბრაზილიაში დაბრუნება გახლდათ, თუმცა თავისი არ მოიშალა და "კორინთიანსმა" 2012 წელს კონტრაქტი გაუუქმა. იმავე წელს ეს ისტორია "ფლამენგოშიც" განმეორდა. ფაქტი ისაა, რომ 2011 წლის ნოემბრის შემდეგ ადრიანოს არც ერთ ოფიციალურ მატჩში აღარ უასპარეზია.

დენილსონი
ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიოში
დენილსონი (პერეირა ნევესი) ჯერ კიდევ 20 წლის იყო, როცა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.

1998 წელს "ბეტისმა" უნიჭიერეს ბრაზილიელში, რომელმაც მისეული ფინტით, ბურთზე ფეხების რამდენჯერმე გადატარებით გაითქვა სახელი, 31.5 მილიონი გადაიხადა. სევილიური კლუბი მაშინ ძალიან ამბიციური იყო და დენილსონის ყიდვით, ესპანური გრანდის სტატუსს დაუმიზნა.

მაგრამ ამ ტრანსფერმა "ბეტისს" ვერაფერი მოუტანა - მეორე სეზონშივე პრიმერა დივიზიონიდან გავარდა, დენილსონმა კი მასზე გაცემული ავანსები ვერც ამის შემდეგ გაამართლა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონ "სელესაოში" მას მყარი პოზიცია ჰქონდა, საკლუბო დონეზე კი "მასხარა დენილსონად" დარჩა.

სევილიელებმა დენილსონი 20-მილიონიანი მინუსით "ბორდოში" გაუშვეს, სადაც საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის გატანა (მე-11 წამზე) მოახერხა და, პრინციპში, კარგი სეზონიც ჩაატარა, მაგრამ მერე ისეთი ხელფასი მოითხოვა, რომ "ბორდოს" შეფებმა ხელი დაუქნიეს და წარმატებები უსურვეს.

6 კლუბი 4 წელიწადში
...და სწორედ აქედან იწყება დენილსონის ის თავგადასავალი, როგორზეც, სავარაუდოდ, ოცნებობდა. ერთი წელი საუდის არაბეთში, კერძოდ, "ალ ნასრში" გაატარა და იქაური პუბლიკისთვის ზედმეტად ხშირადაც აკეთებდა მისგან ცნობილ ფინტს. მერე იყო აშშ-ის MLშ და კლუბი "დალასი", სადაც 2008 წელს რამდენიმე თვე დაჰყო, რის შემდეგაც მშობლიურ "პალმეირასში" დაბრუნდა და ერთი სრული სეზონი ჩაატარა.

იმხანად, პერეირა ნევესი უკვე 31 წლის გახლდათ, მსოფლიო დონის ფეხბურთელად კი, რასაკვირველია, უკვე აღარ მოიხსენიებდნენ. "პალმეირასში" ახალი კონტრაქტი აღარ გაუფორმეს, რის შემდეგაც ცოტა ხნით ინგლისურ "ბოლტონში" სინჯებზე იმყოფებოდა, მაგრამ... დაიწუნეს.

თუმცა დენილსონს ფეხბურთის თამაში მობეზრებული არ ჰქონდა და "იტუმბიარაში" გადაბარგდა, კლუბში, რომელიც ბრაზილიის რეგიონ გოიას ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

ექვს თვეში მისი მომდევნო გაჩერება ვიეტნამის(!) კლუბი "ჰაი პონგი" გამოდგა. გაინტერესებთ, როგორია მისი ბალანსი ამ კლუბში? 45 წუთი, 1 გოლი. დენილსონმა ტრავმა მიიღო და კონტრაქტი სამ კვირაში გაწყვიტა.

მოგზაურობის დასასრული
2010 წელს მან ბედი ბერძნულ "კავალაში" სცადა, სადაც, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ "კავალას" ბოსები მალევე მიხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა და 3-თვიანი ტანჯვის შემდეგ დენილსონი ისე გაუშვეს, ამ კლუბის ფორმით ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.

რატომ ვერ აეწყო დენილსონის კარიერა? ბევრი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსის ბრალია, რის გამოც დენილსონს თავიდანვე ზედმეტად ბევრს სთხოვდნენ. თუმცა ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი თავად ფეხბურთელის ბრალია. მას ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა, გარდა ერთისა - მოედნის ხედვა. ეგ იყო, რომ ფლანგებზე ფინტებით ხალხს ართობდა.

მისი თამაშის სტილი ვერ გასცდა კომპიუტერული თამაშის სტილს, რაზეც ნეიტრალური ქომაგები ყოველთვის ტაშს უკრავდნენ, მისი მწვრთნელები კი თავს უიმედოდ გადააქნევდნენ ხოლმე.

სინამდვილეში დენილსონი ზედმეტად თავდაჯერებული ფეხბურთელი იყო, რასაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ეს ფაქტი მოწმობს: ბრაზილიის ნაკრებში ნომრის არჩევისას მან ერთხელ თქვა - ათ ნომერზე ორჯერ უკეთესი ვარო. ცნობისთვის, 10-ნომრიანი მაისურა მაშინ "სელესაოში" რივალდოს ეცვა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეცდომა არის აშკარად დენილსონთან დაკავშირებით... რომელზეც სტატია არის დაწერილი ეგა Denílson de Oliveira Araújo (http://en.wikipedia.org/wiki/Den%C3%ADlson_de_Oliveira_Ara%C3%BAjo)...

Denílson Pereira Neves ეს 25 წლისაა
http://en.wikipedia.org/wiki/Den%C3%ADlson_Pereira_Neves
datto
21:35 15-12-2013
0
მშვენიერი პოსტი იყო. ფეხბურთელის ნამდვილი თვისებები მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა ვარსკვლავად შერაცხავენ. ზოგი აგრძელებს შრომას და ხდებიან სუპერვარსკვლავები, სხვები კი უკუსვლას იწყებენ (მაგალითად, რამდენი პერსპექტიული ფეხბურთელის კარიერა გააფუჭა რეალში გადასვლამ?).პს. ერთი შეცდომა გაგეპარა ავტორო, ის თავში ავარდნილი ფეხბურთელი, რომელზეც შენ ლაპარაკობდი, დენილსონ დე ოლივეირა არაუხოა და არა პერეირა ნევესი. ამ უკანასკნელმა გაცილებით უკეთესი კარიერა აიწყო.
Lasha
21:18 15-12-2013
0

სიახლეები პოპულარული