ამრიგად, 2013 წელი ფეხბურთში პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავისაა და მოდი, ერთად გავიხსენოთ, როგორი იყო გასული წელიწადი რონალდოსთვის.
ერთი რამ ფაქტია: კრიშტიანომ 2013 წელს ვერც ერთი გუნდური ტიტული ვერ მოიგო და არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.
მაშ ასე, რონალდოს 2013:
6 იანვარი: რონალდომ 2013 წელი 90 წამში შესრულებული დუბლით დაიწყო და ეს სან სებასტიანის "რეალ სოსიედადთან" შეხვედრაში
5 მარტი: "რეალმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. კრიშტიანო რონალდომ 69-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ყოფილი გუნდის ფანების პატივისცემის გამო არ უზეიმია. აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერის" კარი მან პირველ შეხვედრაშიც (1:1) დალაშქრა.
30 აპრილი: მიუხედავად დორტმუნდის "ბორუსიასთან" საპასუხო შეხვედრაში 2:0-ით გამარჯვებისა, "რეალი" ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ამრიგად, რონალდომ "რეალთან" ერთად ვერც მეოთხე ცდაზე შეძლო ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის ფინალში გასვლა. მისი კომენტარი:
"რას ვიზამთ, გაისად კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ოდესმე აუცილებლად გავალ და მოვიგებ კიდეც. ახლა კი ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ!"
თუმცა, კრიშტიანო 15 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
8 მაისი: "მალაგასთან" 6:2-ით მოგებულ შეხვედრაში რონალდომ პრიმერა დივიზიონში იმ სეზონის 34-ე და ბოლო გოლი გაიტანა. თუმცა პორტუგალიელი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მაინც ვერ გახდა - ლიონელ მესიმ 46 გოლის გატანა მოახერხა.
17 მაისი: ესპანეთის თასის ემოციებით დატვირთულ (11 ყვითელი და 2 წითელი ბარათი) ფინალში "რეალი" საკუთარ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამატებით დროში 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რონალდომ "რეალი" დააწინაურა, მაგრამ 114-ე წუთზე გაბისთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს. ამრიგად, რონალდომ და "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნისა და ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ ესპანეთის თასის ფინალის წაგებით უკანასკნელი ტიტულის მოგების შანსიც ხელიდან გაუშვეს და 2012/13 წლების სეზონი უტიტულოდ დაასრულეს.
4 ივნისი: მადრიდიდან ლონდონში გადაბარგებულმა ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში რონალდოზე ასეთი რამ თქვა: "კრიშტიანოსთან ერთი პრობლემა მქონდა: მე მას ტაქტიკური საკითხების გამო ვაკრიტიკებდი და ვცდილობდი, გამეუმჯობესებინა იმ კუთხით, რა კუთხითაც ჩემი აზრით უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ არაფერი არ მიიღო, რადგან ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და მწვრთნელებს მისი გაუმჯობესება არ შეუძლიათ."
6 სექტემბერი: პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში მესამე ადგილზე იყო და ჩრდილოეთ ირლანდიაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. საფინალო სასტვენამდე 23 წუთით ადრე მწვრთნელ პაულო ბენტუს გუნდი 1:2-ს აგებდა, მაგრამ რონალდომ 16 წუთში ჰეთ თრიქი შეასრულა და პორტუგალიას 4:2 მოაგებინა.
15 სექტემბერი: კრიშტიანომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა - ამბობენ, რომ მისი ხელფასი წელიწადში 15-დან 21 მილიონ ევრომდეა.
28 ოქტომბერი: Youtube-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი კრიშტიანო რონალდოს დასცინის. ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ბლატერმა თქვა, ლეო მესი კარგი ბიჭია, რონალდო კი თავის ვარცხნილობას ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევსო და კრიშტიანოს მოძრაობების რობოტული იმიტაცია შეასრულა.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბლატერს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა: "ამ ვიდეოში ცხადად ჩანს, რამდენად "დიდ პატივს მცემს" ფიფა მე, ჩემს კლუბს და ჩემს ქვეყანას. ეს ვიდეო მრავლისმეტყველია!"
მოგვიანებით, ნოემბრის შუა რიცხვებში რონალდო დაიმუქრა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე საერთოდ არ ჩავალო.
6 ნოემბერი: "იუვენტუსის" კარში გატანილი ბურთი რონალდოსთვის ჩემპიონთა ლიგაში 2013 წელს მე-14 გახლდათ, რითაც მან მესის რეკორდი (13 გოლი ერთ წელიწადში) დაამხო. საბოლოო ჯამში კი, 2013 წელს მან ჩემპიონთა ლიგაში 15 გოლის გატანა მოახერხა.
19 ნოემბერი: პორტუგალია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი ოფში შვედეთს დაუპირისპირდა. რონალდომ (ჰეთ თრიქი საპასუხო მატჩში) ზლატან იბრაჰიმოვიჩს პირადი დუელი მოუგო და პორტუგალია მუნდიალზე გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანომ შვედები პირველ შეხვედრაშიც დაამწუხრა.
"პორტუგალიის ნაკრების ადგილი მუნდიალზეა და მეც ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია," - აღნიშნა კრიშტიანომ.
23 ნოემბერი: "ალმერიასთან" 5:0-ით მოგებულ შეხვედრაში რონალდომ "რეალი" მე-3 წუთზე დააწინაურა, მეორე ტაიმში კი ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. თუმცა პორტუგალიელს გაუმართლა: მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კრიშტიანო მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდა.
11 დეკემბერი: რონალდომ "კოპენჰაგენთან" გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლის გატანა მოახერხა.
22 დეკემბერი: "ვალენსიასთან" 3:2-ით მოგებულ შეხვედრაში რონალდომ 2013 წელს თავისი 69-ე გოლი გაიტანა (59-ე მატჩში). აქედან 38 გოლი პრიმერადივიზიონში შეაგდო, 10 კი პორტუგალის ნაკრების მაისურით. გამოდის, რომ რონალდოს ყოველ 72 წუთში ერთხელ გააქვს. 59 მატჩიდან მისმა გუნდებმა 41 მოიგეს, 11 ფრედ დაასრულეს და 7-ში დამარცხდნენ.
28 დეკემბერი: რონალდოს მრჩეველმა ჟორჟე მენდეშმა ლიონელ მესის მიღწევები დააკნინა: "ბარსელონაში" ნებისმიერი გაიბრწყინებდა. კრიშტიანო "ბარსაში" რომ თამაშობდეს, სეზონში 120 გოლს გაიტანდა." აღსანიშნავია, რომ მესიმ "ბარსას" ფორმით 2013 წელს ყველა ტურნირზე 39 გოლის (აქედან 28 ლა ლიგაში) გატანა მოახერხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ოქროს ბურთი 2013". დამარცხებული ფრანკ რიბერი: ამაზე მეტი რაღა უნდა მექნა?!
RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO+PHOTO]