რიბერიმ რეკორდმაისტერთან ერთად ხუთი ტიტული მოიგო, მაგრამ წლის საუკეთესო ფეხბურთელებში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა.
გალა-დაჯილდოების დასრულების შემდეგ რიბერი მიქს-ზონაში არ გამოჩენილა, თუმცა იქ ისედაც მხოლოდ გამარჯვებულები ჩადიან ხოლმე. ფრანგმა "ბაიერნის" ბოს კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად ჯერ პირდაპირ სასტუმროს მიაშურა, მერე კი მიუნხენში გაფრინდა.
სწორედ სასტუმროში გაესაუბრა მას "ბილდის" ჟურნალისტი.
"ბაიერნთან" ერთად ყველაფერი მოვიგე - ამაზე მეტი
ეგოისტი არ ვარ და ამ წოდების მოპოვება ჩემი თვითმიზანი არ იყო. მირჩევნია, "ბაიერნთან" ერთად ისევ ყველაფერი მოვიგო და მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდე. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, - უთხრა რიბერიმ ჩვენს გერმანელ კოლეგას და დასძინა. - რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ "ოქროს ბურთი" მომეგო, მაგრამ არა უშავს. საბოლოო ჯამში ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ აქ ვიყავი".
რიბერის აზრით, "ოქროს ბურთის" დასაკუთრება კარგი, პირველ რიგში, "ბაიერნის" ფანებისთვის და მისი ცოლისთვის იქნებოდა:
"ჩემთვის "ოქროს ბურთი" ნაღდად არ არის ყველაზე მთავარი და მიხარია, რომ ეს დაჯილდოება უკვე ისტორიის საკუთრებაა. ახლა ისევ მხოლოდ "ბაიერნზე" ვიქნები კონცენტრირებული, წინ კი მსოფლიოს ჩემპიონატია."
ფრანგს სახეზე დიდი იმედგაცრუება არც ეწერა და კონკურენტებზეც, უფრო სწორად, კონკურენტზე ისაუბრა: "მესი ძალიან მაგარი ტიპია. ბევრი ვილაპარაკეთ, ერთმანეთს ვეხუმრებოდით. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა."
რიბერის თანამემამულემ, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კი უფრო კონკრეტულად ისაუბრა:
"იმედგაცრუებული ვარ, რადგან მგონია, რომ წელს ეს ჯილდო რიბერის ეკუთვნოდა. კრიშტიანო რონალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ფაქტია, რომ მას მერე, რაც ამ ღონისძიებას ფიფა ატარებს, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაში რაღაც-რაღაცები შეიცვალა."
შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" ლაურეატს წლების განმავლობაში მხოლოდ ჟურნალისტები ირჩევდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ფიფას გამოკითხვასთან გაერთიანდა და ხმას 209 ნაკრების მწვრთნელები და კაპიტნებიც აძლევენ.
"50 წლის მანძილზე "ოქროს ბურთი" წარმატებულ ფეხბურთელებს გადაეცემოდათ, ახლა კი საქმე ფეხბურთელის საერთო შესაძლებლობებს ეხება და ჩემი აზრით, ეს პრობლემაა", - ამბობს პლატინი და ამით იმის შეხსენება უნდა, რომ კრიშტიანო რონალდოს 2013 წელს ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
RONAL D'OR: კრიშტიანო მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO+PHOTO]