იტალია
დერბინო დელა მადონინა
იცით თუ არა, რომ გასულ უქმეებზე მილანური დერბი შედგა? რა გაცინებთ? ნამდვილად არ გაგვიკვირდება, თუ არ გეცოდინებათ ან, უბრალოდ, არ გეხსომებათ. იმიტომ, რომ ეს მილანური დერბი "ის" მილანური დერბი აღარაა.დერბინო დელა მადონინა
ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულმა იტალიელებმა ერთ დროს მილანურ ჯახს "დერბი დელა მადონინა" უწოდეს - ძალიან ლამაზად ჟღერს, არ გვეთანხმებით? მას მერე "მადონინას" გადასარევი სპექტაკლებიც უხვად შემოუთავაზებია და უინტერესო დუელებიც, ამჯერად კი მილანური დერბის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ იტალიელმა ჟურნალისტებმა ამ ღვთაებრივ დერბის დასცინეს - გაზეთები “დერბინო
აი, სადამდე მივიდა საქმე!
მილანის რიგით 162-ე დერბის მთელი საფეხბურთო იტალია იუმორით მიუდგა და ეს იყო მართლაც პირველი შემთხვევა სერია A-ს დაარსებიდან (1929) დღემდე. ეს "მადონინა" სპორტული თვალსაზრისით იმდენად უმოტივაციო იყო, ჩვენი იტალიელი კოლეგები იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ ეს იქნებოდა უკანასკნელი "მადონინა", როცა მილანისტები და ინტერისტები სტადიონზე მეტროთი ვერ მივიდოდნენ.
დიახ, მომდევნო სეზონში მილანის მეტრო ტიფოზებს ზედ "სან სიროს" მთავარ შესასვლელამდე მიიყვანს.
მთელ ამ ორომტრიალს კი მოჰყვა შესაბამისი ფეხბურთი და 0:0, საიდანაც ყველას ის დაამახსოვრდა, რომ "ინტერს" პენალტი არ დაუნიშნეს.
იყო დრო, როცა "სან სიროს" ევროპაში ჩემპიონთა ლიგის მისაღებ ოთახს ეძახდნენ, დღეს კი "მილანი" და "ინტერი" ევროპისგან ისე შორს არიან, როგორც ყველაზე შორეული გალაქტიკა და ბოლო 60 წელიწადში ალბათ პირველად მოხდება ისე, რომ მომდევნო ევროტურნირები მილანური კლუბების გარეშე ჩაივლის.
თუმცა მილანურ დერბის მაინც ჰქონდა თავისი "ჰაილაითები" - ოღონდ, სამწუხაროდ, მოედანს მიღმა. ასე, მაგალითად, როცა რეჟისორმა "ინტერის" გასახდელი გვიჩვენა, კომენტატორი გაჰკიოდა, ნახეთ, ნემანია ვიდიჩის წვივსაფარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგო ამშვენებსო.
ამ დროს "სკაი იტალიას" რეჟისორმა "მილანის" გასახდელი გვიჩვენა, სადაც მეორე რეპორტიორმა ჟერემი მენეზის წვივსაფარს მიაქცია ყურადღება - მილანის კათედრალი ახატიაო. ისტორიული "დუომო" მენეზის ფეხებზე...
ცემა-ტყეპანი და ლანძღვა-გინებანი
იტალიაში ულტრასობა განსაკუთრებული ამბავია - რაშიც დაგვეთანხმება ყველა, ვინც იტალიის ჩემპიონატის მატჩს (ხეირიან მატჩს) დასწრებია. აგერ, მაგალითად, კალიარიში 30 ტიფოზი გუნდის გასახდელში შეიჭრა, ფეხბურთელებს მისდგნენ, ერთი-ორს შემოულაწუნეს კიდეც და ემუქრებოდნენ, თუ მოედანზე სისხლს არ ანთხევთ, ჩვენ დავღვრით თქვენს სისხლსო. მესამელიგელ "იშიას" მწვრთნელი და ფეხბურთელები პოლიციაში გამოცხადდნენ და ჩივიან, ფანების ერთი დაჯგუფება (ნეტა რამდენი დაჯგუფება ჰყავთ?!) ჩვენს ოჯახებს ემუქრებაო.
მილანში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც სარდაფში მთელი არტილერია უპოვეს: ერთი ტყვიამფრქვევი, სამი ხელყუმბარა, შვიდი პისტოლეტი, სამი რევოლვერი და ერთი ჯავშანჟილეტი. როგორც გაირკვა, ეს კაცი "მილანის" ერთ-ერთი ულტრა-დაჯგუფების წევრი ყოფილა და "კარაბინიერები" იმასაც ამბობენ, ეგ არსენალი მილანური დერბისთვის სჭირდებოდაო.
ახლა გადავინაცვლოთ ლომბარდიულ ვარეზეში, სადაც ულტრასები სტადიონზე ღამით შეიჭრნენ, კარის ძელები გადახერხეს, სათადარიგოთა სკამები დალეწეს და მინდორზე ასეთი სიტყვები წააწერეს: "ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ კლუბის ხელმძღვანელობა აზრზე არ მოვა, ომი გარდაუვალია!"
ახლა უკვე აღარ გვიკვირს, რატომ უწოდა "რომას" პრეზიდენტმა პალოტამ ძალადობის მოყვარულ ულტრასებს "დამპალი იდიოტები"...
ჯარიმა 50 ევრო და ბურთის კონფისკაცია
თუმცა ყველაფერი არც ისე შავადაა, როგორც გგონიათ: იტალიაში მომავალ ტალანტებზეც ზრუნავენ. ტოსკანურ ქალაქუნა სერავეცაში მერმა 11 წლამდე ბავშვებს ქალაქის ცენტრალურ პიაცაზე ფეხბურთის თამაში აუკრძალა. ჯარიმა: ბურთის ან ბურთის როლის შემსრულებელი საგნის კონფისკაცია და 50 ევრო...არივედერჩი!
ინგლისი
წმინდა ესტებანის დღე
თუმცა, თუ კაცს ფანტაზია გივარგა, ასეთ რამესაც კი მოიფიქრებ...
"ლესტერ სიტის" თავგადაკლულმა ფანმა თავისი სამსახურის კადრების განყოფილებას მისწერა წერილი, სადაც იუწყებოდა, წარმოშობით არგენტინელი ვარ და ამა და ამ დღეს გათავისუფლებას ვითხოვ, რადგან ამ დღეს ჩვენთან, არგენტინაში "კამბიასოს" დღესასწაულს ზეიმობენ, ეს კი ისეთი რელიგიური დღესასწაულია, რომლის დროსაც მუშაობა კატეგორიულად არ შეიძლებაო.
კადრების განყოფილება, რა თქმა უნდა, გაგებით მოეკიდა ამ ამბავს და უპასუხა, ნამდვილად არ შეგიშლით ხელს თქვენი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაში, ოღონდ ჩვენ "კამბიასოს" დღესასწაულზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ და თუ შეიძლება, ლინკი მაინც გამოგვიგზავნეთ - ძალიან გვაინტერესებსო.
სამწუხაროდ, ცნობილი არაა, გაუგზავნა თუ არა რამე იმ ჭკვიანმა გულშემატკივარმა, მაგრამ რაკი არანაირი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ან დანებდა და კადრების განყოფილებას აღარაფერი უპასუხა, ანაც ესტებან კამბიასოს სიფათის ფოტო გაუგზავნა წარწერით: "წმინდა ესტებანი"...
დე ხეას გოლი ეგონა
ამ ბურთის ამბავი ხომ იცით, ხან ასე გაფრინდება, ხან - ისე, ხან კარის ბადეს გარედან მოხვდება, ხანაც - გარედან შიგნით აღმოჩნდება ხოლმე. გვინახავს, ფეხბურთის მოყვარულებს ბევრი უცნაურობა გვინახავს. "ჩელსისთან" ტოპ-მატჩში "იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას უეინ რუნის დარტყმის შემდეგ კარგა ხანს გოლი ეგონა, ხელები ცისკენ აღაპყრო და "ვამოსიც" აღმოხდა, მაგრამ როცა თვალები გაახილა და დაინახა, რომ ტრიბუნებზე არც "ჩელსის" ფანები იცრემლებოდნენ და არც "იუნაიტედის" ქომაგები ხტოდნენ, დარწმუნდა, რომ რამდენიმე წამის წინ ტყუილად უხაროდა.
მართალია, დე ხეა დარტყმის მომენტიდან ისე შორს იყო, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ ტრიბუნებზე მაინც დასცინეს...
სიძულვილი კუნძულზე
ფირმა "ქიქ ით აუთმა" ძალიან მაგარი და მართლა საინტერესო კვლევა ჩაატარა - გამოიკვლია რა სოციალური მედია და გამოავლინა, რომ სეზონის დასასრულამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელებში 130 000-ზე მეტი უკიდურესად შეურაცხმყოფელი პოსტია გამოქვეყნებული. ცხადია, ფირმამ უფრო დეტალური ცნობებიც გაავრცელა.
მაგალითად, ყველაზე მეტი სალანძღავი პოსტი კლუბებიდან "ჩელსის" მისამართითაა გაკეთებული (20 000), მეორე ადგილზეა - "ლივერპული" (19 000).
რაც შეეხებათ კონკრეტულად ფეხბურთელებს: ყველაზე ხშირად ლანძღავდნენ მარიო ბალოტელის (8 000). მეორე ადგილზეა, მაგრამ ბალოტელის მაგრად ჩამორჩება დენი უელბეკი (1700). ვულოცავთ!
ესპანეთი
კორექტული კროოსი
ტონი კროოსი ესპანეთში უკვე ძალიან შეუყვარდათ. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ ხოლმე, საოცრად კრეატიული ნახევარმცველიაო. კორექტული კროოსი
ახლა კი საფეხბურთო ესპანეთმა ისიც აღმოაჩინა, რომ კროოსი ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია.
გასულ კვირაში ტონის ინტერვიუ გაზეთმა AS-მა გამოაქვეყნა, სადაც კროოსი ღმერთსა და მსოფლიოზე საუბრობს. გერმანელს ისიც ჰკითხეს, კრიშტიანო რონალდოს საიუბილეო წვეულებაზე რატომ არ მიხვედიო, რაზეც კროოსმა ასე უპასუხა:
"ატლეტიკოსთან" 0:4-ზე წაგებული მატჩის შემდეგ საზეიმო განწყობა არ მქონდა. სხვათა შორის, კრიშტიანოს წინა დღეს შევახსენე, რომ მეორე დღეს "ატლეტიკოსთან" ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა, მაგრამ წვეულება მაინც არ გადადო.
უმჯობესი იქნება, თუ მომავალში საიუბილეო წვეულებებს თამაშებს არ დაამთხვევს."
ტონი პროფია.
გერმანია
ახალი კლოპი
იურგენ კლოპი "დორტმუნდს" დატოვებს. ამით "ბორუსიაში" და ზოგადად, გერმანულ ფეხბურთში ერთი ეპოქა მთავრდება - ეპოქა, რომლისგანაც მეტს ველოდით. ახალი კლოპი
როცა კლოპმა "დორტმუნდი" ზედიზედ ორჯერ გააჩემპიონა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, იმ დროს წარმოუდგენელი იყო, რომ 2015 წელი "ბორუსიისთვის" ასეთი სამარცხვინო იქნებოდა და იურგენიც წავიდოდა.
კლოპმა დორტმუნდში ერა შექმნა, მაგრამ ეს ერა ისე დაასრულა, რომ დორტმუნდში ყველა უკმარისობის გრძნობით დარჩა. ახლა საკითხავი ისაა, სად მიდის კლოპი - არა გვგონია, სუპერგრანდზე ნაკლები გუნდი იკადროს.
"ბორუსია" კი ყველაფერს თავიდან დაიწყებს - "ახალი კლოპით", თომას ტუხელით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"