როი კინის "ავტობიოგრაფია" [გაგრძელება]

AutoSharing Option
ერიკ კანტონას სკანდალის მიჩქმალვა და პარალელურად, ათობით გადაუდებელი საქმის მოგვარება მოგიყვებათ ყველაფერს ალექს ფერგიუსონზე და მისი მმართველობის ხელოვნებაზე. ერიკმა სერიოზული საქციელი ჩაიდინა. მსგავსი გარემოებები უპრეცედენტო იყო ფეხბურთისთვის. არსად, არც ერთ მწვრთნელს არ დახვედრია წინ ამდენი გამოცდა.

ფერგიუსონმა გვერდზე გადადო სამწვრთნელო და კლუბის მართვის ხელოვნების სახელმძღვანელო და მხოლოდ ინსტინქტებით ხელმძღვანელობდა. მმართველობას თან ახლდა გადაწყვეტილებების მიღება და ფერგიუსონის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რამაც მომავალში გავლენა იქონია მის ყოველ გადაწყვეტილებაზე, შემდეგში მდგომარეობდა:

მართალია, ერიკმა დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი, მაგრამ არ იმსახურებდა სამუდამო დისკვალიფიკაციას. რა
სასჯელიც უნდა მოემზადებინათ მისთვის, ერიკი რჩებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელად.

კანტონამ ფერგიუსონისთვის ყველაზე მეტი გააკეთა, მოიგო ჩემპიონატი და ორი დუბლი. ერთგულება ფერგიუსონისთვის მთავარი პრინციპი იყო. ამიტომაც ის ებრძოდა ყველას იმისთვის, რომ გადაერჩინა ერიკის კარიერა და მოეხდინა მისი რეაბილიტაცია. ის სწორად იქცეოდა. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებშიც იყო, შეენარჩუნებინა კანტონას ნიჭი.

სრულიად ინგლისისგან უმკაცრესი კრიტიკის შემდეგ, ერიკი საფრანგეთში გაიქცა. მწვრთნელმა იქ ჩააკითხა მას და დაარწმუნა ნახევარმცველი, რომ პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ეს მომენტი გადამწყვეტი იყო. არ მგონია, რომელიმე სხვა ადამიანს საფეხბურთო სამყაროდან გამოევლინოს ასეთი მონდომება და საბრძოლო სული, როგორც ეს ალექს ფერგიუსონმა გააკეთა, როცა კანტონას გარშემო სკანდალს აგვარებდა და ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იყო ის შედეგი, რასაც ფერგიუსონმა მიაღწია.

* * *
მწვრთნელი ისევ აღმოჩნდა კრიტიკის ქარცეცხლში 1995 წლის ზაფხულში, ამჯერად, "იუნაიტედის" გულშემატკივრების მხრიდან. ეს მაშინ მოხდა, როცა ფერგიუსონმა ანდრეი კანჩელსკისის, მარკ ჰიუზისა და პოლ ინსის გაყიდვა გადაწყვიტა.

კანჩელსკისის ფინანსური საქმეები საიდუმლოებით იყო მოცული. ამბობდნენ, რომ მან და მწვრთნელმა წაიჩხუბეს. მეორე ვერსიით, ფეხბურთელს სხვა კლუბში უნდოდა გადასვლა ფულის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის "ევერტონში" გადავიდა, შემდეგ სხვა კლუბებშიც თამაშობდა.

სამი ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება, რომლებიც პროფესიულად ასრულებდნენ საკუთარ საქმეს, თამამი ნაბიჯი იყო. სეზონის დასაწყისში ალექს ფერგიუსონზე კრიტიკა გაიზარდა იმის გამო, რომ ერიკ კანტონამ ვერ მოახერხა სექტემბრისთვის მოედანზე დაბრუნება, რადგან ასოციაციამ მას დამატებითი სანქციები გამოუტანა. არავინ იცოდა, როგორ ფორმაში იქნებოდა ის რვათვიანი უთამაშებლობის შემდეგ.

უბრალოდ, დაუჯერებელია, როგორ შეიტანეს ეჭვი იმ მწვრთნელის ოსტატობაში, რომელმაც სულ რაღაც სამ სეზონში ორჯერ მოიგო ჩემპიონობა, ინგლისის თასი და მოიპოვა დუბლი. მაგრამ ახლა გულშემატკივრები და პრესა სხვას არაფერს ელოდა "მანჩესტერ იუნაიტედისგან", ვიდრე ეს მეტოქეებზე ტოტალური უპირატესობა იყო.

როგორც საფეხბურთო პრაქტიკა გვიჩვენებს, ახლა ალექს ფერგიუსონი წყვეტდა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანას: ერთ საჩემპიონო შემადგენლობას ცვლიდა მეორეთი მინიმალური დანაკარგებით. ეს ყველაზე კარგად "ლივერპულს" გამოსდიოდა, რომელიც ყოველთვის წინა პლაზე იყო 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში. თავისი ტიტულების კოლექციით, ალექს ფერგიუსონს იოლად შეეძლო ორი გზა აერჩია: არაფერი გაეკეთებინა ან ეცადა უმაღლესი მიზნების დაპყრობა. მძიმე და რისკიანი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, იმაში მდგომარეობდა, რომ ნდობა გამოუცხადა ნიკი ბატს, პოლ სქოულზს, გარი და ფილ ნევილებს, აგრეთვე, დევიდ ბექჰემს.

მას უყვარდა დიდი თამაშების წამოწყება, მაგრამ ჩვენ, ვინც ვიცოდით გუნდის შიგნით არსებული მდგომარეობა, მის გადაწყვეტილებაში ნაკლებ რისკს ვხედავდით, ვიდრე გულშემატკივრები და კრიტიკოსები. თუ მწვრთნელი წააგებს, მან ყველაზე მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.

ეს გავაცნობიერეთ 1995-96 წლების სეზონის გახსნის მატჩის შედეგზე რეაქციით. წავაგეთ სტუმრად "ასტონ ვილასთან" - 1:3. მატჩი ტელევიზიით გადაიცემოდა იმ საღამოს, როცა კომენტატორმა ალან ჰანსენმა წარმოთქვა დღეს ყველასთვის ცნობილი ფრაზა: "ბავშვებთან ერთად არაფრის მოგება არ შეიძლება". გაზეთებიც ასევე გესლიანები იყვნენ.

კრიტიკამ მტკივნეულად დაარტყა ჩვენს თავმოყვარეობას. შემდეგ მატჩში შინ ვეთამაშებოდით "ვესტ ჰემს". ჩვეულებრივ, ეს ერთი რიგითი მატჩი იყო, მაგრამ, ამჯერად, ჩვენ წინაშე რთული ამოცანა იდგა. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა დაგვემტკიცებინა საკუთარი გულშემატკივრებისთვის. ასეთ პირობებში "ლივერპულთან" მატჩი უფრო იოლი იქნებოდა, ვიდრე "ვესტ ჰემთან".

თუ იმ შეხვედრაში ჩვენი გუნდის შემადგენლობის ანალიზს გავაკეთებთ, ერთი შეხედვით, მინდორზე "საბავშვო ბაღი" გავიდა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმარისად გვყავდა გამოცდილი მოთამაშეები. პეტერ შმეიხელი, გარი პალისტერი და სტივ ბრიუსი (რომელმაც "ასტონ ვილასთან" მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა), როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვან დაცვით სამკუთხედს ქმნიდნენ. დენის ირვინს, ბრაიან მაკლირს, ლი შარპსა და მე ბავშვები არ გვეთქმოდა. ნიკი ბატსა და პოლ სქოულზს პრემიერლიგაში გამოსვლის საკმარისი გამოცდილება ჰქონდათ. მხოლოდ გარი ნევილს და დევიდ ბექჰემს შეესაბამებოდა განსაზღვრება - "ბავშვები". ისინი მხოლოდ მეშვიდე მატჩისთვის ემზადებოდნენ პირველ გუნდში.

მიუხედავად ამისა, ვგრძნობდით ზეწოლას და "ვესტ ჰემიც" მზად იყო "ოლდ ტრაფორდზე" საბრძოლველად.

მატჩში, რომელშიც ბევრი იყო ხისტი ორთაბრძოლები, გოლი გავიტანე, რამაც ფრე და პრესის კრიტიკა აგვარიდა თავიდან. რა თქმა უნდა, შინ "ვესტ ჰემთან" 2:1 მოგება ჯერ არაფერს ამტკიცებდა.

ერიკ კანტონა გუნდში პირველ ოქტომბერს დაბრუნდა და პენალტით გოლი გაიტანა, რამაც ქულა მოგვიტანა "ლივერპულთან" საშინაო შეხვედრაში. ფრანგი ისევე კარგი იყო მოედანზე, როგორც ერთი წლის წინ, რაც მის პროფესიონალიზმსა და ხასიათზე მეტყველებდა, რადგან ბევრი მოთამაშე ვერ გაუძლებდა იმ გამოცდას, რაც მან თავისი ცნობილი დარტყმის გამო გადაიტანა (მისი მისამართით კრიტიკა მთელი სეზონის განმავლობაში არ ჩამცხრალა).

* * *
"ნიუკასლი" ჩემპიონატს განუმეორებელ კოლორიტს მატებდა. კევინ კიგანი აიძულებდა თავის გუნდს, შეტევაში ეთამაშა. ცინიკოსები დასცინოდნენ მწვრთნელს ფეხბურთისადმი ამგვარი მიდგომის გამო. მე კი, უნდა ვაღიარო, აღფრთოვანებული ვიყავი მისი მონდომებით.

"ნიუკასლი" გათამაშების ცხრილში 10 ქულით გაიჭრა წინ. მასთან შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თამაში ჯოჯოხეთს ჰგავდა, დაძაბულობა მთელი 90 წუთი არ განელებულა. ენდი კოულმა და მე თითო გოლი გავიტანეთ და 2:0 მოვიგეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე ხნით მივუახლოვდით ცხრილში "ნიუკასლს", რადგან ახალი წლის პირველ დღეს "ტოტენჰემმა" 4:1 გაგვანადგურა "უაიტ ჰარტ ლეინზე". "ნიუკასლმა" შვიდ ქულამდე გაზარდა სხვაობა. ყველაფერი დამთავრდა?

მწვრთნელის მიმართ კრიტიკა გამანადგურებელი იყო: ძველმა დიდებამ ჩაიარა, ეს ის გუნდი აღარ არის, რომელიც ადრე ბრწყინავდა, ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკა შეცდომით ჩატარდა, ეს გუნდი უკვე ვეღარ შეძლებს ჩემპიონატის მოგებას...

"ტოტენჰემთან" წაგების შემდეგ პრემიერლიგასა და ინგლისის თასზე 23-მატჩიანი სენსაციური სერია გვქონდა, რომლის დროსაც მხოლოდ ერთი შეხვედრა წავაგეთ - სტუმრად "საუთჰემპტონთან". ერიკი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ჩემპიონატის 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა, კიდევ ხუთი ბურთი ინგლისის თასზე დაუმატა.

"ნიუკასლთან" ჩამორჩენა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა, მაგრამ მას შეეძლო ჩვენი გზიდან ჩამოცილება "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც სულ მალე უმნიშვნელოვანესი მატჩი გვიწევდა. მოედანზე ისევ ნამდვილი ბრძოლა იყო მთელი 90 წუთის განმავლობაში. მიუხედავად მასპინძლების უპირატესობისა, ერიკმა ზღაპრული გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ წაგების შემდეგ ცხადი გახდა, რომ "ნიუკასლი" ვერ შეძლებდა ჩემპიონატის მოგებას. თუ არ წავიფორხილებთ, ჩვენსას მივაღწევთ. ბავშვებზე საუბრების მიუხედავად, არანაირი მიზეზი არ არსებობდა, ელაპარაკათ გარი ნევილზე, როგორც "ბავშვზე". ჩვენს გუნდს საკმარისი გამოცდილება ჰქონდა იმისთვის, რომ არ დანებებულიყო ან ნაადრევად დამშვიდებულიყო.

ყველაზე რთული აპრილში ლიდსში მგზავრობა იყო. "ნიუკასლი" ყოველი ტურის შემდეგ თმობდა პოზიციებს. კევინ კიგანი მიხვდა, რომ გამარჯვებაზე ლაპარაკი უფრო იოლი იყო, ვიდრე მოგება მინდორზე. ალბათ, "ნიუკასლის" ფეხბურთელები ლოცულობდნენ იმისთვის, რომ "ლიდსთან" ჩვენი მატჩი მათთვის სასურველი შედეგით დასრულებულიყო. 90-წუთიანი ბრძოლის შემდეგ მოვიპოვეთ უძვირფასესი სამი ქულა. დამატებითი ენერგიის გამონახვა დამჭირდა იმისთვის, რომ გამარჯვების გოლი გამეტანა.

კანტონას სკანდალისა და კანჩელსკისის, ჰიუზისა და ინსის გაყიდვით მიღებული კრიტიკის შემდეგ ალექს ფერგიუსონი თავისი მიზნისკენ მიდიოდა. მას პირადი ინტერესებიც ჰქონდა. მხოლოდ სეზონის ბოლოს მწვრთნელმა საჯაროდ გამოაცხადა კონტრაქტის პირობების გამო თავისი უკმაყოფილების შესახებ. ამ ეტაპზე მისი მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან ჩიხში იყო შესული. რთული წარმოსადგენია, მაგრამ სიმართლე იყო ის, რომ ფეხბურთელები უფრო მეტ ხელფასს იღებდნენ, ვიდრე ადამიანი, რომელიც კლუბის წარმატებაზე ყველაზე მეტად იყო პასუხისმგებელი. კიდევ ერთი დუბლი მას კოზირებს დაუმატებდა.

ჩემპიონატი ორი იოლი გამარჯვებით დავასრულეთ: მოვუგეთ "ნოტინგემს" შინ 5:0 და "მიდლსბროს" სტუმრად - 3:0. ახლა წინ გველოდა ინგლისის თასის ფინალი "ლივერპულთან"!

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ შეწყვიტოთ ძალიან საინტერესოა...


შემდეგში იმედია ლუზერებზე მოყვება
jigreboooo !
19:29 10-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული