როი კინის "ავტობიოგრაფია". X თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
თითქოს არსაიდან წარმოიშვა კიდევ ერთი პრობლემა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, ჩვენ მხოლოდ ფრეს მივაღწიეთ ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ორ მატჩში "ვესტ ჰემთან" და "შეფილდ უენსდისთან".

პირველ მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე "პორტუს" 4:0 განადგურებიდან ოთხი დღის თავზე კი "სანდერლენდთან" წავაგეთ. საბოლოოდ, გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მაგრამ ინგლისის ჩემპიონატში სერიოზული კრიზისი დაგვეწყო. თითქოს იმისთვის, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა, საშინაო მატჩი წავაგეთ "დერბისთან" 2:3. ეს მოხდა დორტმუნდის "ბორუსიასთან" პირველ ნახევარფინალამდე ოთხი დღით ადრე.

მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა - ორ ნაბიჯში ვიყავით ჩემპიონთა
ლიგის მოგებასთან. მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩვენი გუნდის ერთი-ორი მოთამაშე თანდათან უკლებს თამაშს. მოულოდნელად (ან შეიძლება არა) ერიკ კანტონა ერთ-ერთი მათგანია.

მიუხედავად იმისა, რომ ერიკმა ამდენი გააკეთა ჩვენთვის, მან ერთხელაც ვერ მიიღო საფრანგეთის ნაკრებში თამაშის შანსი. ის "იუნაიტედის" ვარსკვლავია, მაგრამ თუ ევროპაში ვერ მივაღწევთ წარმატებას, კანტონას დამსახურებებს არასოდეს დააყენებენ რეალურად დიადი ევროპელი ფეხბურთელების გვერდით. ევროპული არენა ფეხბურთელების ოსტატობის ნამდვილი საზომია. შესაძლოა, ერიკს არ შეუძლია ასეთი აღიარების მოპოვება.

მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ "ბორუსიასთან" სტუმრად მატჩში. ერიკმა შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, ნიკი ბატმა ძელს გაარტყა ბურთი, დევიდ ბექჰემის დარტყმას მცველი გადაეღობა იმ დროს, როცა მეკარეს უკვე შველა აღარ შეეძლო. მატჩი უგოლო ფრისკენ მიდის და ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზე" უნდა გაირკვეს.

მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე კანტონა ბრძოლას არიდებს თავს მოედნის შუაში. ტრეტშოკი, რომელსაც ფრანგმა ბურთი ვერ აართვა, წინ წავიდა და დაარტყმა. ბურთი გარი პალისტერს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა. გოლი. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტში გადაწყდა ერიკის მომავალი.

საპასუხო მატჩამდე ოთხი დღით ადრე ერთი რთული ამოცანა გადავჭერით პრემიერლიგაში - "ენფილდზე" დავამარცხეთ "ლივერპული" 3:1.

დორტმუნდში ყვითელი ბარათის მიღების გამო, ვტოვებდი განმეორებით შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე". გერმანელების კარგი თამაშის მიუხედავად, მიმაჩნდა, რომ შევძლებდით მათ დამარცხებას საკუთარი გულშემატკივრების წყალობით. მაგრამ შეხვედრის დასაწყისში გაშვებული გოლის გამო, სრულფასოვანი გამარჯვებისთვის სამი გოლის გატანა გვჭირდებოდა. მაგრამ არა ასეთი დონის თამაშით. "ბორუსიას" ნახევარდაცვას ხელმძღვანელობდა შოტლანდიელი სკოტ ლამბერტი, იურგენ კოლერი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მათი საუკეთესო მოთამაშე ანდრეას მიოლერი ყოველთვის მზად იყო გოლის გასატანად.

ასეთი ფეხბურთელებით მეტოქეს შეეძლო მშვიდად ეთამაშა. ჩემთვის მძიმე იყო ამ დროს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და თამაშის ცქერა. არაფრის გაკეთება არ შემეძლო მატჩში, რომელმაც დაასამარა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის იმედები. როცა "ბორუსიამ" ფინალში "იუვენტუსი" დაამარცხა, შეგვეძლო იმით მაინც დაგვემშვიდებინა თავი, რომ გვყავდა გუნდი, რომელმაც თითქმის მზად იყო ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მოსაგებად.

* * *
სამაგიეროდ, ინგლისის ჩემპიონები გავხდით. ერიკ კანტონამ გუნდის კაპიტნის პოსტზე სტივ ბრიუსი შეცვალა. ახლა, მისი წასვლის შემდეგ, ეს ადგილი კვლავ ვაკანტური გახდა. დაიწყეს ფიქრი იმაზე - რომელ ფეხბურთელს შესთავაზებდა მწვრთნელი კაპიტნის როლს. პეტერ შმეიხელი, გარი პალისტერი, დენის ირვინი და გარი ნევილი იყვნენ მთავარი კანდიდატები. გაოცებული დავრჩი, როცა ალექს ფერგიუსონმა მე ამირჩია.

კაპიტნის სამკლაური "მანჩესტერ იუნაიტედში" უდიდესი კომპლიმენტი იყო. და, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მინდორზე ჩემს როლს კარგად შევასრულებდი. მაგრამ კაპიტნის მოვალეობებში აგრეთვე შედიოდა დიპლომატიური ვალდებულებები მოედნის ფარგლებს გარეთ, რაც ჩემი წარმოდგენით, უფრო სერიოზული ამოცანა იყო.

ასევე კაპიტნის ერთ-ერთი მოვალეობა იყო ბილეთების განაწილება მატჩებზე და მოთამაშეთა დასასვენებელ ოთახში. თუ ადრე თავად ვაწუხებდი თხოვნებით ბრაიან რობსონს, სტივ ბრიუსსა და ერიკ კანტონას, ახლა სხვა მოთამაშეები შემაწუხებენ.

ერიკ კანტონას წასვლით პროფესიონალის კიდევ ერთი ხმა დავკარგეთ. გასახდელი გაცილებით შეიცვალა იმ ოთხი წლის განმავლობაში, როცა მე აქ მოვედი. მას შემდეგ წავიდნენ ბრაიან რობსონი, სტივ ბრიუსი, მარკ ჰიუზი, პოლ ინსი და აგერ ერიკ კანტონას ჯერიც დადგა. ასეთი მაღალი დონის მოთამაშეები, ასე თუ ისე, მეტად გავლენიანი ფიგურები იყვნენ როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათ გარეშე ჩვენი გასახდელი გაახალგაზრდავდა და უკვე აღარ ჩანდა ბრძოლებში გამობრძმედილი.

კანტონას ნაცვლად შეიძინეს ტედი შერინგემი "ტოტენჰემიდან". ტედი თავის პირველ ვარჯიშზე წითელი "ფერარით" გამოცხადდა. მისი მოქმედება გვარწმუნებდა, რომ ჩვენს წინაშე იყო საკუთარ თავში დარწმუნებული ლონდონელი.

მე და შერინგემი იმ დროიდან ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ერთად ვთამაშობდით "ნოტინგემ ფორესტში". ჩვენს შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო. ამ მხრივ პროგრესი არც "ოლდ ტრაფორდზე" შეინიშნებოდა. ტედი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა "იუნაიტედში" თავის პირველ სეზონში, მაგრამ დრო გვიჩვენებს, რომ ეს მეტად სასარგებლო გარიგება იყო. შერინგემი ძალიან კარგი მოთამაშე იყო - შეეძლო გოლების გატანა და პასების დარიგება. იმას, რომ ერთმანეთს ვერ ვეწყობოდით, მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ, როცა მოედანზე გავდიოდით.

* * *
მოვიგეთ პირველი ოფიციალური მატჩი ჩემი კაპიტნობით - სუპერთასზე პენალტების სერიაში დავამარცხეთ "ჩელსი". 1997-98 წლების სეზონის სტარტზე რვა მატჩი დაუმარცხებლები ვიყავით და იოლად მოვუგეთ სტუმრად სლოვაკეთის "კოშიცეს" ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში.

შაბათს, "ლიდსთან" გასვლით მატჩს სათამაშო ტონუსის გარეშე შევხვდი.
მატჩის მსვლელობისას რამდენჯერმე შევეჯახე ალფი ჰაალანდს. ის თამაშის დასაწყისიდანვე მაღიზიანებდა. ასე თუ ისე შემეძლო შევრიგებოდი მის დაგვიანებულ ვარდნებს ფეხებში - ეს ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტი იყო.

მაგრამ სხვა ილეთები - მაისურზე დაქაჩვა და ხელის კვრა იმ დროს, როცა უბურთოდ ვიყავი, წყობიდან გამოვყავდი. ხანდახან, ჰაალანდი თამაშს არც ადევნებდა თვალს, უბრალოდ მე დამსდევდა. მიმაჩნდა, რომ "ლიდსის" მწვრთნელმა დევიდ ო'ლირიმ, რომელმაც იცოდა როგორ გამოვეყვანე წყობიდან, სპეციალურად მისცა ეს დავალება ჰოლანდს.

საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე, როცა მათ კარს ვუტევდით, თავს დავესხი ჰაალანდს. ვცადე მისთვის ფეხის დადება, მაგრამ დარტყმა არ მიცდია. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ყვითელი ბარათი მიმეღო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა. როცა მინდორზე გავცურდი, ჩემი ბუცი პატარა ბორცვს წამოედო. მყესების გაწყვეტის ხმაც კი გაგვიგონე.

ტკივილის გამო კინაღამ გონება დავკარგე. ჰაალანდი თავზე მადგა და ყვიროდა: "გეყოფა სიმულაცია! ადექი!" მისი თანაგუნდელი უეზეროლიც ჟესტებით იგივეს აჩვენებდა. ვხვდებოდი, რომ რაღაც ძალიან სერიოზული მოხდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რა იყო ეს. როცა მინდვრიდან გავყავდით, მსაჯმა ყვითელი ბარათი მომცა. იმის გამო, რომ სამივე შეცვლა გამოყენებული გვქონდა, მოედანზე დავრჩი ბოლო წუთების გასატარებლად. მინდვრიდან კოჭლობით გავდიოდი, როცა დევიდ ო'ლირიმ ჩემი დაწყნარება სცადა.

"წადი შენი, დეივ. შენ მომიჩინე ეს ნაძირალა, რათა წყობიდან გამოვეყვანე", - გულში გავიფიქრე.

გასახდელში შემოვიდა "ლიდსის" ექიმი. ექიმების ჟესტების ენამ მიმახვედრა, რომ ყველაზე უარესი მოხდა - ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე. ჩვენმა ექიმმა დეივ ფევრმა, რომელიც ასევე მუშაობდა რაგბის კლუბ "უიგანში", შესაბამისი სიმპტომები შენიშნა. ეს ტრავმა ხშირი მოვლენა იყო რაგბიში, სპორტის ამ სახეობის ხისტი ხასიათის გამო.

უელი რენჯზე BUPA-ს ჰოსპიტალში გამოკვლევებისთვის მანჩესტერში დავბრუნდი. შინ მიმავალ ჩვენს ავტობუსში ღმერთს ვთხოვდი, რომ ტრავმა ისეთი სერიოზული არ ყოფილიყო, როგორც ექიმები თავდაპირველად ვარაუდობდნენ. იმავე საღამოს დეივმა სასწრაფოდ ჰოსპიტალში წამიყვანა. კონსულტანტს, რომელმაც პირველადი შემოწმება ჩაატარა, ოპტიმიზმი არ ეტყობოდა. ექიმებმა შინ გამიშვეს და ორშაბათს დამიბარეს. ისინი მუხლს გაჭრიან და შეისწავლიან დაზიანებულ ზონას.

მუხლი გასივდა და საჰაერო ბურთის ოდენა გახდა. ტკივილი აუტანელი იყო. ვიცოდი, რომ სერიოზული პრობლემები მქონდა. ორშაბათს შემოწმებამ დაადასტურა ჩემი ვარაუდი. აღდგენით კურსებზე გამიშვეს, რათა ექვსი კვირის განმავლობაში კუნთის მასა აღმედგინა შემდგომი ოპერაციისთვის. ჩემპიონატის ცხრა მატჩის შემდეგ სეზონი ჩემთვის დასრულებული იყო. შესაძლოა, მთელი კარიერაც. პოლ გასკოინი არ იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ვერ შეძლო ძველ დონეზე დაბრუნება ჯვარედინი მყესების აღდგენაზე ოპერაციის შემდეგ.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული