რეჰაგელის არგონავტები: სად არიან ევროპის 2004 წლის ჩემპიონები

AutoSharing Option
ზუსტად 11 წლის წინ, საბერძნეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპონატის ფინალში პორტუგალია დაამარცხა და სენსაციურად მოიგო ტურნირი. საინტერესოა, როგორ განვითარდა ოტო რეჰაგელის და მისი შეგირდების ბედი...

მეკარეები
ანტონიოს ნიკოპოლიდისი
მაშინ. ჭაღარათმიანი ლეგენდარული მეკარე, ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე (33 წლის), თავის ამპლუაში ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენი. ევრო 2004-ის პლეი ოფის სამივე მატჩში მშრალად შეინახა საკუთარი კარი და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

შემდეგ. 2012 წლიდან მუშაობს "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ერთხელ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

კონსტანტინოს ხალკიასი
მაშინ. სარეზერვო მეკარე. კარში ჩადგა
მას შემდეგ, რაც ნიკოპოლიდისმა დაასრულა კარიერა.

შემდეგ. ევრო 2012-ზე ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იყო (38 წლის). ამ ტურნირის შემდეგ დაასრულა კარიერა.

ფანის კატერგიანაკისი
მაშინ. გუნდის მესამე მეკარე. 30 წლის ვეტერანი.

შემდეგ. იმავე წელს დატოვა ნაკრები. მისი ბოლო კლუბი კარიერაში იყო "კავალა", რომელსაც უმაღლეს დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. საბოლოოდ, ფეხბურთს 37 წლის ასაკში გამოეთხოვა.

მცველები
იურკას სეიტარიდისი
მაშინ. მოიპოვა პენალტი ბერძნების სადებიუტო მატჩში. ფინალში გამოიმუშავა კუთხური, რომლის შემდეგაც მისმა გუნდმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ორივე შემთხვევაში მას უპირისპირდებოდა კრიშტიანო რონალდო. ტურნირის დასრულების შემდეგ "პორტუში" გადავიდა.

შემდეგ. 2013 წელს დაასრულა კარიერა.

ტრაიანოს დელასი
მაშინ. ევრო 2004-ის მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ქარიზმატული ფეხბურთელი. თავისი პირველი და ერთადერთი გოლი ნაკრებში ჩეხეთთან ნახევარფინალის დამატებით დროში გაიტანა.

შემდეგ. 2013 წლიდან აეკ-ის მთავარი მწვრთნელი. დარჩა ამ გუნდში მაშინაც კი, როცა აეკ მესამე დივიზიონში დააქვეითეს ვალების გამო.

მიკალის კაპსისი
მაშინ. დელასის პარტნიორი დაცვის ცენტრში. ისეთი ეფექტური არ იყო, როგორც მისი მეწყვილე, მაგრამ არანაკლებ ნაყოფიერი გახლდათ.

შემდეგ. ნაკრებიდან 2007 წელს წავიდა. საკლუბო დონეზე კიდევ ხუთი წელი თამაშობდა. 2012 წელს კონტრაქტი გააფორმა "ეთნიკოსთან", სადაც იწყებდა პროფესიულ კარიერას.

ტაკის ფისასი
მაშინ. გუნდის ძირითადი მარცხენა მცველი. უფრო კონცენტრირებული იყო დაცვაზე, ვიდრე შეტევებში ჩართვაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილიყო.

შემდეგ. თამაშობდა ნაკრებში 2007 წლამდე. შემდეგ ეხმარებოდა რეჰაგელსა და სანტუშს ეროვნული გუნდის საწვრთნელ შტაბში.

სტილიანოს ვენეტიდისი
მაშინ. მარჯვენა განაპირა მცველი. ძირითად შემადგენლობაში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გამოჩნდა. კიდევ ორჯერ (მათ შორის, ფინალში) შეიყვანეს მოედანზე მატჩის ბოლოს, როცა ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში იყო საჭირო.
შემდეგ. ფინალი ბოლო იყო მისთვის ეროვნულ გუნდში. "ოლიმპიაკოსსა" და "ლარისაში" 2012 წლამდე თამაშობდა.

ნიკოს დაბიძასი
მაშინ. 31 წლის ვეტერანი. ევროზე გამარჯვების მიუხედავად, ის წელი ფეხბურთელისთვის ბოლომდე წარმატებული არ იყო. მისი კლუბი "ლესტერი" პრემიერლიგიდან გავარდა, თავად ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე.

შემდეგ. ნაკრებიდან მაშინვე წავიდა. საკლუბო დონეზე მთელი შვიდი წელი ითამაშა "ლარისაში".

იანის გუმასი
მაშინ. მთელი ტურნირი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რადგან ცენტრალური მცველების წყვილი უცვლელი იყო.

შემდეგ. მთელი თავისი კარიერა - 15 წელი "პანათინაიკოსში" გაატარა. ფეხბურთის თამაში 2009 წელს დაასრულა, ერთი წლით ადრე დატოვა ნაკრები.

ნახევარმცველები
ანგელოს ბასინასი
მაშინ. ზუსტად შეასრულა პენალტი, რომელმაც ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუტანა ევრო 2004-ზე - ტურნირის მასპინძლებზე პორტუგალიელებზე. ფინალში კუთხურიდან ზუსტად ჩააწოდა ხარისტეასს და მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა იმავე პორტუგალიის კარში.

შემდეგ. 2009 წელს დაემშვიდობა ნაკრებს, 2011 წელს - საკლუბო ფეხბურთს.

ტეოდორას ზაგორაკისი
მაშინ. კაპიტანი და ლიდერი. უეფას ვერსიით საუკეთესო მოთამაშე. 2004 წელს ნომინირებული იყო ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.

შემდეგ. ტურნირიდან სამი წლის თავზე ფეხბურთიდან წავიდა. გასულ წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა, აირჩიეს ევროპარლამენტში.

სტელიოს იანაკოპულოსი
მაშინ. ტურნირზე ითამაშა ექვსიდან ოთხ მატჩში. კარგ ტექნიკა ჰქონდა, იღებდა არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს და ბერძნებისთვის არადამახასიათებელი გარეგნობა ჰქონდა - მელოტი იყო.

შემდეგ. 2012 წელს სათავეში ჩაუდგა "პანილიაკოსს", ნახევარი წლის შემდეგ გაათავისუფლეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

ვასილიოს ცარტასი
მაშინ. გუნდის სათადარიგო "ცხრიანი". კარგად გამოდიოდა შეცვლაზე. შეასრულა ორი საგოლე პასი - ესპანეთთან და ჩეხეთთან მატჩებში.

შემდეგ. გარკვეული დრო კიდევ ითამაშა და შემდეგ წავიდა ფეხბურთიდან. 2012 წელს, სამი თვე იმუშავა აეკ-ის სპორტულ დირექტორად.

გიორგოს კარაგუნისი
მაშინ. ევრო 2004-ზე პირველი გოლის ავტორი. გამთამაშებელი, ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი.

შემდეგ. დაასრულა კარიერა ნაკრებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ. იმავე წელს გაუშვეს "ფულჰემიდან".

კოსტას კაცურანისი
მაშინ. ტურნირი სათადარიგოს რანგში დაიწყო, მაგრამ თანდათან მოიპოვა ადგილი ძირითადში. ნახევარდაცვაში ზაგორაკისისა და ბასინასის პარტნიორი გახდა.

შემდეგ. აგრძელებს გამოსვლას ნაკრებში, თან მოკრძალებული "ატრომიტოსის" ღირსებას იცავს (მანამდე იყო ინდოეთში წარუმატებელი გამოსვლა).

ვასილის ლაკისი
მაშინ. ორჯერ შევიდა შეცვლაზე - ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიასთან და მეოთხედფინალში - საფრანგეთთან.

შემდეგ. ნაკრებში თავი აღარ გამოუჩენია. კარიერა დაასრულა 2010 წელს ადგილობრივ კლუბ "კავალაში".

პანტელის კაფესი
მაშინ. მხოლოდ ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ევრო 2004 კი სათადარიგოს რანგში გაატარა.

შემდეგ. ბევრისგან განსხვავებით, არ შეიცვალა გუნდი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. 2011 წელს დაასრულა კარიერა ნაკრებში, 2013 წელს თავი დაანება ფეხბურთს.

გეორგიოს გეორგიადისი
მაშინ. ნაკრების ვეტერანი. ტურნირზე 32 წლის ასაკში გაემგზავრა მორალური სულის ასამაღლებლად. თავის ამოცანას გაუმკლავდა.

შემდეგ. ევრო 2004 წლის შემდეგ დაასრულა კარიერა ეროვნულ გუნდში. იყო პაოკ-ისა და "ვერიას" მთავარი მწვრთნელი.

ფორვარდები
ანგელოს ხარისტეასი
მაშინ. ალბათ, საბერძნეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ფორვარდი. გაუტანა ყველა ძლიერ ნაკრებს - ესპანეთს (1:1), საფრანგეთს (1:0) და პორტუგალიას (1:0). კარგად თამაშობდა მეორე სართულზე.

შემდეგ. 2011 წელს დაასრულა კარიერა ნაკრებში. ის გახდა ერთადერთი მოთამაშე გუნდის ისტორიაში, ვინც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების სამ შესარჩევ ციკლში იტანდა. საკლუბო დონეზე ერთადერთი ჩემპიონობა იმავე 2004 წელს, ბრემენის "ვერდერის" შემადგენლობაში მოიპოვა.

ზისის ვრიზასი
მაშინ. ბერძნების შეტევითი ხაზიდან ბევრს მხოლოდ ხარისტეასი ახსოვს, მაგრამ სწორედ რუსეთის ნაკრების კარში ვრიზასის გოლის წყალობით გააღწია რეჰაგელის გუნდმა პლეი ოფში, როცა ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა ესპანეთს.

შემდეგ. დიდი ხანი მუშაობდა პაოკ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე, აგრეთვე ეხმარებოდა ნაკრებში ფერნანდო სანტუშს. გუნდის დირექტორთა საბჭო წელს დატოვა.

დემის ნიკოლაიდისი
მაშინ. სწრაფი ფორვარდი, ოტო რეჰაგელის ფავორიტი. ტურნირზე მცირე ტრავმით გაემგზავრა, მაგრამ ჯგუფური რაუნდის სამივე მატჩში შეცვლაზე შევიდა მოედანზე. ფრანგების წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშა, მაგრამ ტრავმის რეციდივი მიიღო და დანარჩენ მატჩებში მოთელვაზეც არ გამოჩენილა.

შემდეგ. იმავე წელს დაასრულა კარიერა და 31 წლის ასაკში აეკ-ის პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა.

დიმიტრიოს პაპადოპულოსი
მაშინ. ნაკრების სათადარიგო ფორვარდი. საგოლე პასი მიაწოდა ვრიზასს რუსეთთან მატჩში (1:2).

შემდეგ. 2013 წელს დაბრუნდა ეროვნულ გუნდში ექვსწლიანი პაუზის შემდეგ - ლიხტენშტაინთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბოლოს გამოჩნდა მოედანზე. თამაშობს პაოკ-ში.

მწვრთნელი
ოტო რეჰაგელი
მაშინ. რა თქმა უნდა, საბერძნეთის ნაკრების ტრიუმფს სწორედ სამწვრთნელო ფესვები ჰქონდა. არჩეულმა ტაქტიკამ - მკაცრად დაცვიდან თამაში და აქცენტი სტანდარტულებსა და კონტრშეტევებზე - ყველა მატჩში იმუშავა. ტურნირამდე საბერძნეთის გამარჯვებაზე კოეფიციენტი ასი ერთთან იყო. ევრო 2004 შემდეგ რეჰაგელი საბერძნეთში ეროვნული გმირი გახდა.

შემდეგ. აღარ მუშაობს 2012 წლის შემდეგ, როცა ვერ გადაარჩინა "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ ყველა დიდი ტურნირის ბედი წინასწარაა გადაწყვეტილი, ეს ევრო სინით მიართვეს ბერძნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოლიმპიადა ჩაუვარდებოდათ, მოკლედ გაუმართლათ ბერძნებს სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდნენ თორე ეგეთი დონის მაფია მაგათ სადა ყავთ
joras
18:19 12-07-2015
0
მოაგებინეს წინ ოლიმპიადა იყო და ბილეთები არ იყიდებოდა საჭირო ტემპით
Tato
17:55 12-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული