ახალი შეტევა ზეპ ბლატერზე

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ზეპ ბლატერი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გადააყენონ თანამდებობიდან, - იტყობინება სააგენტო AFP. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 79 წლის შვეიცარიელი ნებაყოფლობით არ დატოვებს თანამდებობას.

ეს ინფორმაცია ახალი კორუფციული ისტორიის შემდეგ გავრცელდა. სამი დღის წინ შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბლატერის წინააღმდეგ.

ჩინოვნიკს თანხის მიტაცებასა და გულგრილობას ედავებიან. ასევე ეჭვმიტანილის სტატუსი მიიღო უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი რუტინული სხდომა, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართა, ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი და სავალდებულო იოზეფ ბლატერის პრესკონფერენციით უნდა
დასრულებულიყო, მაგრამ პრესკონფერენციის დაწყებიდან ერთი საათით ადრე ყველას აცნობეს, რომ ღონისძიება გაუქმდა, რადგან ფიფას პრეზიდენტი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და დაკითხვაზეა დაბარებული.

ფუნქციონერს აბრალებენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გულგრილობას, აგრეთვე, კორუფციულ სქემებში მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი გარიგების მონაწილეა უეფას ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინი.

ფრანგი ასევე დაჰკითხეს ბლატერის საქმეზე - მოწმის სტატუსით. შვეიცარიის იუსტიციის ორგანოების ინფორმაციით, ფიფას მერვე პრეზიდენტი ეჭვმიტანილია საკუთარი ორგანიზაციის ბიუჯეტიდან პლატინის მისამართით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის უკანონო გადარიცხვაში. ეს ოპერაცია 2011 წელს განხორციელდა - თითქოს 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ.

გარდა ამისა, ბლატერს ედავებიან ფიფასთვის წამგებიან პირობებში კარიბის ქვეყნების საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტის გაფორმებას.

შვეიცარიის მთავრობამ მოიყვანა ფაქტი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლება საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად გაიყიდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ფიფას რეკლამებისა და სპონსორული პაკეტებისგან მიღებული მოგების ნახევარი უნდა მიეღო, თუმცა ორგანიზაციის ანგარიშზე არანაირი თანხა არ დამჯდარა.

25 სექტემბერს ფიფას შტაბ-ბინაში და ორგანიზაციის ხელმძღვანელის კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც სხვადასხვა მონაცემი ამოიღეს.

"შვეიცარიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს დაკითხვა და შეაგროვეს დოკუმენტები ორგანიზაციაში არსებული კორუფციული სქემების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ფიფა მოქმედებდა პროკურატურასთან თანამშრომლობის რანგში", - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში. თავად ბლატერიც აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

აქ არსებობს ერთი საინტერესო მომენტი. ბლატერი გააგრძელებს ფიფას პრეზიდენტად მუშაობას იმ შემთხვევაშიც, თუ მის წინააღმდეგ საქმე იქნება აღძრული. საქმე ისაა, რომ ბლატერის გადაყენება შეუძლია მხოლოდ კონგრესს და არა რომელიმე სასამართლო გადაწყვეტილებას ან მთავრობას.

და მართლაც, გუშინ ბლატერის ადვოკატმა განაცხადა, რომ ჩინოვნიკი ახალ არჩევნებამდე დარჩება ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე.

* * *
რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის გვარის მოხსენიებაა.

აღნიშნულმა ისტორიამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ფიფას ახალი პრეზიდენტის არჩევნების (2016 წლის 26 თებერვალი) საბოლოო შედეგებზე. აქამდე ბუკმეკერები მომავალ არჩევნებზე ფავორიტად სწორედ პლატინის ასახელებდნენ, მაგრამ ბოლო ისტორიის შემდეგ კოეფიციენტები შეიცვალა.

თუ გასული კვირის ბოლოს პლატინის პრეზიდენტობაზე კოეფიციენტი 1.33-ს უდრიდა, ორშაბათიდან ის 2.10-მდე გაიზარდა. თუ ალბათობაზე ვილაპარაკებთ, ფრანგის არჩევის შანსები ერთნახევარჯერ შემცირდა.

ბუკმეკერები ასევე იღებენ ფსონებს იორდანიის პრინცზე, ალი ბინ ალ-ჰუსეინზე (კოეფიციენტი - 2.75) და აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტზე, ისა აიატუზე (8.00).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფას პრეზიდენტობის ერთადერთი პატიოსანი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ფიფას აღორძინება გახლდათ ჰოლანდიის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელი მიჰაელ ვან პრააგი, რომელმაც სამწუხაროდ მოხსნა თავისი კანდიდატურა.
არმენ
12:06 29-09-2015
0

სიახლეები პოპულარული